ამ მატჩის წინ აფრიკული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკიმიმ თქვა, რომ ესპანეთს მათი შიში უნდა ჰქონოდა და ისტორიაში შესვლა და არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლა სურს. მაროკოს ჩინებულად დაკომპლექტებულმა გუნდმა ჯგუფი მოიგო და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან.
მოლოდინისამებრ, უპირატესობას ფავორიტად მიჩნეული „ფურია როხა“ ფლობდა. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, მეტოქეს სამოქმედოდ სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ყველაზე კარგი შანსი პირველი ტაიმის დასასრულს მაროკოელ აგერდს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.
მეორე ტაიმში ესპანეთი ბევრს და უშედეგოდ უტევდა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ასენსიოსა და გავის ნაცვლად შეცვლაზე მორატა და სოლერი, ხოლო შემდეგ ფერან ტორესის მაგივრად ვილიამსი შეუშვა. თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და ცოტა არ იყოს, ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ბოლოს მაროკოელთა მეკარე ბონომ თავისი გუნდი გადაარჩინა, 0:0 და დამატებითი დრო დაინიშნა.
ექსტრა-ტაიმშიც აფრიკელები დაცვაში იდგნენ და კონტრიერიშისას პირისპირ გასულ ჩედირას გატანა მეკარე უნაი სიმონმა არ დაანება. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ესპანელმა სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა. მაროკომ გაუძლო, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, საბოლოოდ გაიმარჯვა (ბონომ ბუსკეტსსა და სოლერს არ გაატანინა, სარაბიამ კი ბურთი ძელს გაარტყა) და მეოთხედფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში მაროკო პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მაროკო - ესპანეთი 0:0 (პენ 3:0)