თუკი 1998 წელს დენის ბერგკამპმა არგენტინელები ძალიან ლამაზი გოლით დაამწუხრა, 2014 წელს მესიმ და კომპანიამ რევანში
რას ველით ახლა? არგენტინელთა "ათიანი" ისევ გუნდის მთავარი ძალაა, რომელმაც 4 მატჩში 3 გოლის გარდა, კატარში ძალიან ბევრი რამ გვაჩვენა, რაც მისგან არც გვიკვირს - მოედნის ხედვა, პასის კულტურა და არაერთი შექმნილი შანსი. ასაკის მატებასთან ერთად, ლეო მაქსიმალურად ცენტრისკენ მოძრაობს და შეტევებს იწყებს. რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ სხვანაირად "ალბისელესტეს" სახიფათო იერიშების განხორციელება უჭირს. ამავდროულად, მესიმ უნდა გაიტანოს - ისე ბევრი არაფერი გამოვა. რასაც ლიონელის თანაგუნდელებს ნამდვილად ვერ დაუკარგავთ, მონდომებაა - ისინი საკუთარი ქვეყნისთვის და დამატებით, ნაკრების კაპიტნისთვისაც ბევრს აკეთებენ.
რადგან მესი ცენტრიდან კარისკენ მოძრაობს, მას ვირჯილ ვან დეიკთან ბევრი დაპირისპირება მოუწევს. "ლივერპულის" მცველს აკრიტიკებენ, თუმცა, ფაქტია, რომ მისი ნაკრები ცოტას უშვებს, ვირჯილმა კი საკუთარი კარი ხიფათს ოცზე მეტ შემთხვევაში აარიდა. მესისთვის ვან დეიკის ფიზიკურად დაჯაბნა რთული იქნება, თუმცა ეს ლეოა - მას შეუძლია, ბურთთან ძალიან მარტივი შეხებით რაღაც არაორდინარული შექმნას. მესისთან ინტენსიური თამაში 21 წლის იურიენ ტიმბერსაც მოუწევს. ვან გაალმა მატიას დე ლიხტის ადგილი სასტარტოში სწორედ მას დაუთმო.
შეხვედრაში სხვა დუელებიც იქნება. თუკი "ტოტენჰემის" მცველი კრისტიან რომერო პირველ მატჩში ნაკლებად დამაჯერებელი იყო, შემდეგ კარგად ათამაშდა. მას ახლა კოდი გაკპოს შეჩერება მოუწევს, ფეხბურთელის, რომლის შესაძლებლობები თითქოს შეუზღუდავია. გაკპომ ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში გაიტანა, პლეი-ოფში კი ნაკლებად შესამჩნევი იყო და საინტერესოა, ახლა რას ვნახავთ.
როდრიგო დე პაულის თამაში საეჭვოა და ეს არგენტინის ნაკრებისთვის დიდი დარტყმა იქნება, ფრენკ დე იონგის შეჩერება კი კიდევ უფრო გართულდება.
ავსტრალიასთან მატჩის მიწურულს სკალონიმ გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით ათამაშა. ეს მაშინ ისე აღიქვეს, როგორც ნიდერლანდებთან დაპირისპირებისთვის მზადება. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, დეიზელ დუმფრისის კარგი სათამაშო ფორმაც იყოს, მას ფლანგზე მაქსიმალურად დიდი ყურადღება სჭირდება. თუკი წინა მატჩს ავიღებთ, იქ ანხელ დი მარიამ ვერ ითამაშა და მისი დაბრუნება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება.
ლუი ვან გაალი ის მწვრთნელია, რომლისგანაც ყოველთვის რაღაც საინტერესოსა და შენიღბულს უნდა ელოდო. მისი ნაკრებიც კატარში ასე გამოდის - ვერ გაიგებ, მისი შესაძლებლობების ზღვარი სად გადის...
და მაინც, მესი - არგენტინელი გენიოსი, რომელიც მართლაც ბოლო საჩემპიონო შანსს ყველანაირად ჩაეჭიდება. ვერცერთი სიტყვით ვერ გამოვხატავთ და დავწერთ იმას, რაც შეიძლება მან მინდორზე გვაჩვენოს.
დაველოდოთ რიგით მე-2 მეოთხედფინალს დღეს, 9 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე.