მართლაც ღვთაებრივი სამართალი
მსოფლიოს ჩემპიონატის განუმეორებელ ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მესამედ გახდა ჩემპიონი.
ამ მატჩს მთელი საფეხბურთო და არასაფეხბურთო სამყაროც კი მოუთმენლად ელოდა, თუ ვინ გახდებოდა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და რაც მთავარია, აღმართავდა თუ არა მესი ასე ნანატრ თასს. როგორც არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ვალდანომ შეხვედრის წინ განაცხადა, ეს იქნებოდა ღვთაებრივი სამართალი. რა დასამალია და გულშემატკივართა დიდ უმრავლესობას ამის სურვილი ჰქონდა. აკი ბრძანა საფრანგეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა დეშამმა, რომ მათ ზოგიერთ თანამემამულეს მესის გამარჯვება უნდოდა. თვით საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის თქმით, რომ შეეძლოს ოქროს მედალს მბაპესაც გადასცემდა და მესისაც.
დებიუტში სამხრეთამერიკელები ინიციატივას დაეუფლენ, მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, აქტიური დი მარია მარცხენა ფრთიდან აკეთებდა საჯარიმოში გადაცემებს. 23-ე წუთზე სწორედ ის წააქცია საკუთარ საჯარიმოში დემბელემ და მესიმ პენალტით არგენტინა დააწინაურა. ისევე როგორც სხვა კომპონენტებში, სკალონის შეგირდების უპირატესობა ტექნიკაშიც საგრძნობი იყო და ანხელმა მაკალისტერის პასით ლორისის კარი დალაშქრა. ფრანგები ვერაფერს ვერ ახერხებდნენ, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ და დეშამი იძულებული შეიქნა უკვე პირველ ტაიმში გაეკეთებინა ორმაგი ცვლილება - ჟირუსა და დემბელეს ნაცვლად მოედანზე ტიურამი და კოლო მუანი შეუშვა.
კოშმარული პირველი ტაიმის შემდეგ გალებმა თავიდან თამაშის სურათის შეცვლა ვერ შეძლეს. სიტუაციიდან გამომდინარე „ალბისელესტე“ მაღალ ტემპში აღარ უტევდა, სკალონიმ დი მარია აკუნიათი შეცვალა, დაცვა გააძლიერა და ალბათ, შეცდომაც დაუშვა. 79-ე წუთზე კოლო მუანი საჯარიმოში წააქციეს, მბაპემ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი მანვე ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
ექსტრა-ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეცვლაზე შესულ ლაუტაროს ორჯერ გატანა უპამეკანომ არ დაანება, 108-ე წუთზე მესიმ არგენტინა ისევ წინ გაიყვანა, შემდეგ საჯარიმოში ბურთი ხელზე მონტოიას მოხვდა, მბაპემ თერთმეტმეტრიანი ისევ ზუსტად შეასრულა, ბოლოს პირისპირ გასული კოლო მუანის დარტყმული ბურთი მეკარე მარტინესმა მოიგერია, 3:3, პენალტების სერიაში კი არგენტინამ იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
. საუკეთესო ფეხბურთელად მესი აღიარეს.
. 8 გოლით ბომბარდირი მბაპე გახდა.
. საუკეთესო მეკარედ მარტინესი აღიარეს.
. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად არგენტინელი ფერნანდესი დაასახელეს.
. მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე 26-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი დაამხო. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე 21 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი დ 9 საგოლე გადაცემა).
. დი მარია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლები მუნდიალზე, ოლიმპიადაზე და კონტინენტურ პირველობაზე გაიტანა.. ლორისმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-20 მატჩი ჩაატარა, ნოიერს გაასწრო და ამ მაჩვენებლით რეკორდსენი გახდა.
ლუსაილი. „აიკონიკი“. 88 966 მაყურებელი
არგენტინა - საფრანგეთი 3:3 (ძირ. დრო 2:2. პენ 4:2)
გოლები: 1:0 მესი (23, პენ), 2:0 დი მარია (36), 2:1 მბაპე (79, პენ), 2:2 მბაპე (82), 3:2 მესი (108), 3:3 მბაპე (118, პენ)