პელეს გარინჩა ჰყავდა, მესის დი მარია - ფეხბურთელი, რომელმაც 3 გასროლით ლეოს 3 ტიტული მოუტანა

AutoSharing Option
ალბათ, ყველა ხვდება ანხელ დი მარიას როლს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში... "ალბისელესტეს" ვარსკვლავი მნიშვნელოვან დროს (ფინალებს ვგულისხმობ) შედეგიანობით გამოირჩევა.

გინახავთ ფეხბურთელი, რომელიც ფინალის მიმდინარეობისას სულ ტირის? გაიხსენეთ საფრანგეთთან მატჩი, გატანილი გოლის შემდეგ ან სათადარიგო სკამზე მჯდომი დი მარიას ემოციები. საინტერესოა, რატომ?

საქმე ისაა, რომ ანხელისთვის ეს უკანასკნელი მუნდიალი იყო, 34 წლის შემტევისთვის ბოლო შესაძლებლობა იყო, რომ დახმარებოდა თავის უახლოეს მეგობარს, ლიონელ მესის, ყველა ტიტულის მოგებაში...

ფრანგებთან ფინალში დი მარიამ პირველ ტაიმში საუკეთესო ფეხბურთი შემოგვთავაზა. მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალიდან" წავიდა, მომენტებში
ვუყურებდით და თეთრ ფორმაში მორბენალი ახალგაზრდა ვარსკვლავი გვახსენდებოდა, რომელიც მოედანზე უმაღლესი ხარისხის პერფორმანსს გვთავაზობდა. ზემოხსენებულ მატჩში არგენტინელმა პირველ ტაიმში გოლიც გაიტანა, პენალტიც მოიპოვა და გუნდსაც ლეოსთან ერთად ულიდერა.

Sportall.Ge

დააკვირდით გოლის აღნიშვნისას წამოსულ ცრემლებს? ეს ის ემოცია იყო, რომელიც გულიდან მოდიოდა... სადღაც გულის სიღრმეში დი მარია მიხვდა, რომ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა... ცოტა თემას რომ გადავუხვიოთ, როგორ შეიძლება "ღმერთი ანგელოზის გარეშე წარმოვიდგინოთ"? მარადონას კანიჯია ჰყავდა, პელეს - გარინჩა... მესის? მესის - დი მარია...

მოგეხსენებათ, 2014 წელს არგენტინა მუნდიალის ფინალში გერმანიასთან 0:1 დამარცხდა. ანხელმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, რადგან ამავე ჩემპიონატზე დაზიანდა... იჯდა და ექიმის მხარზე ტიროდა, როცა იაზრებდა, რომ ვეღარ იბრძოლებდა საკუთარი და არამხოლოდ საკუთარი ოცნების ასახდენად.

"ფეხიც რომ მქონდეს მოტეხილი, მინდა, რომ ვითამაშო. ძალიან მინდა მუნდიალის მოგება" - ემოციურად საუბრობდა ფეხბურთელი.

Sportall.Ge

თუმცა დი მარია მოედანზე არ გამოსულა, იჯდა სკამზე და ტიროდა, ხვდებოდა, თუ რა მნიშვნელოვან დროს მიიღო ის დაზიანება, რომელმაც ოცნების ასრულებაში ხელი შეუშალა. იდგა და ცრემლები თავისით მოსდიოდა.

თუმცა შანსი 2022 წლის კატარის მსოფლიო თასზე მიიღო. მთელი ტურნირის განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ ფეხბურთელს კვლავ ტრავმა აწუხებდა, პლეი-ოფში არც ერთი მატჩი, გარდა ფინალისა, ძირითადი შემადგენლობიდან არ დაუწყია. თუმცა მხოლოდ გადამწყვეტ შეხვედრაში ლიონელ სკალონიმ ძირითად თერთმეტეულში დააყენა, რადგან სწორედ მაშინ უნდა აფეთქებულიყო, როცა ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ეს ასე მოხდა, ტრავმირებული და ნაკლებად შედეგიანი ვარსკვლავი გარდაისახა და ათამაშდა ისე, როგორც საუკეთესო წლებში გამოსდიოდა; გახდა ჩემპიონი, ბევრიც იტირა, თუმცა ამჯერად სიხარულისგან...

2008 წლის ოლიმპიური თამაშები - ულამაზესი გოლი ფინალში

2021 წლის კოპა ამერიკის ფინალი - ულამაზესი გოლი ფინალში

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი - ულამაზესი გოლი ფინალში

3 დარტყმა და 3 ჩემპიონობა, ასეთია დი მარიას ხვედრი ფინალში. დაზიანებული, ტრავმირებული ფეხბურთელი, რომელიც ფინალში ყველანაირ ტკივილს ივიწყებს და თამაშობს ისე, როგორც "ანგელოზებს" შეშვენით. გახსოვთ, როგორ ნერვიულობდა სათადარიგო სკამზე? იჯდა და ტიროდა. დამატებით დროში მესის გოლის შემდეგ ლეოსთან პირველი სწორედ ის მივიდა და ჩაეხუტა... მალე მთელი არგენტინაც ატირდა...


მკითხველის კომენტარები / 13 /
4 ფინალში გაიტანა იტალიასთან გამოგრჩა
0
ყოველთვის მჯეროდა ამ ფეხბურთელის, დიმარია უნივერსალი ფეხბურთელია, რომელიც მაღალ ხარისხს აჩვენებს ყველგან...
0

სიახლეები პოპულარული