L'Equipe ამტკიცებს, რომ ნეიმარ ჯუნიორის ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მომდევნო ორშაბათს (7 აგვისტოს) მიიღებს. მას მერე, რაც 25 წლის ფეხბურთელი ლიგა 1-ის გრანდს დაუკავშირეს, ეს სავარაუდო ტრანსფერი საფეხბურთო მედიის მთავარი განსახილველი თემაა. შეგახსენებთ, რომ პსჟ ნეიმარის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს, ეს კი 222 მილიონი ევროა.
გუშინ არ
ელ პრატის აეროპორტში ნეიმარს უამრავი რეპორტიორი ელოდა, თუმცა ნეიმარმა ყველა მათგანი გააწბილა. იგი სულ სხვა კარიდან გააპარეს და ჟურნალისტებმა ფეხბურთელს მხოლოდ შორიდან მოჰკრეს თვალი. "მარკა" ამტკიცებს, რომ თავად ფეხბურთელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.
ამასობაში, პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მაროკოს ტელევიზია Medi 1 TV-სთან ნეიმარის ტრანსფერის თემაზე დუმილი დაარღვია:
"ეს ყველაფერი ხმებია, სინამდვილეში ნეიმარი "ბარსელონას" ფეხბურთელია და ვნახოთ, რა მოხდება მასთან დაკავშირებით მომავალში. პსჟ პატივს სცემს ნებისმიერ კონტრაქტს, რომლებიც აკავშირებს სხვა კლუბებსა და ფეხბურთელებს. იმედი მაქვს, რომ ამ თემაზე სხვა დროს დაგელაპარაკებით, ახლა კი შეუფერებელი დროა. პსჟ-ს გააჩნია ამბიცია, რომ გუნდში ჰყავდეს საქვეყნოდ ცნობილი ვარსკვლავები, ეს ჩვენი რეპუტაციისთვის ძალიან კარგია. კლუბი მუდმივად ძიებაშია, რათა ისეთი შემსრულებლები ჰყავდეს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევა", - განაცხადა ყატარელმა ფუნქციონერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"