ლიგა 1. IV ტური. ნეიმარის პირველი სერიოზული ტესტი და სამხრეთული ჯახი

AutoSharing Option
ნეიმარს ლიგა 1-ში პირველი სერიოზული ტესტი ელის - დღეს პსჟ-ს საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გუნდი "სენტ ეტიენი" სტუმრობს, რომელიც სამი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობით (როგორც პსჟ და "მონაკო") ლიდერებშია. თანაც, "სენტ ეტიენი" ლიგა 1-ის ერთადერთი მონაწილეა, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია. გუნდს ოსკარ გარსია წვრთნის, 44 წლის ესპანელი, რომელიც "ბარსელონაში" თამაშით გემახსოვრებათ. საფრანგეთში იგი "ზალცბურგიდან" მივიდა. გარსიას მიაჩნია, რომ ნეიმარი სწორად მოიქცა, როცა "ბარსა" დატოვა და პარიზში გადაბარგდა: "პსჟ-ში მას მეტი თავისუფლება აქვს, რომ კიდევ უფრო წარმოაჩინოს თავისი ტალანტი.
"ბარსელონაში" ამ მხრივ, ის შეზღუდული იყო. მაგრამ შევცდებით, თუკი მხოლოდ ნეიმარის განეიტრალებაზე ვიფიქრებთ, პსჟ-ს მთელი შემადგენლობაა სახიფათო," - თქვა გარსიამ. ამ ორი კლუბის ურთიერთშეხვედრებში პსჟ-ს დიდი უპირატესობა აქვს - 26 მოგება, "მწვანეების" 3 მოგების წილ, 10 თამაში კი ფრედ დასრულდა.

IV ტურში ორი ცენტრალური მატჩია - კვირას ტური "ლუი მეორეზე" დასრულდება სამხრეთული დერბით, ჩემპიონი "მონაკო" მომძლავრებულ "მარსელს" მასპინძლობს. რადამელ ფალკაო შესანიშნავ ფორმაშია და ის მარსელელ მცველთა უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს, მაშინ, როცა კილიან მბაპე ცალი ფეხით პსჟ-შია. სტუმრებს არ ეყოლებათ ლუკას ოკამპოსი, ვინც წინა ტურში გააძევეს. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა დიმიტრი პაიე. ურთიერთშეხვედრებში "მონაკო" იგებს 23 მოგება 16 მარცხის წილ, ამ გუნდების 8 მატჩი ფრედ დასრულდა.

კიდევ ერთი ფავორიტი, "ლიონი" ბრეტონში კლაუდიო რანიერის "ნანტს" სტუმრობს. რანიერის გუნდმა 14 მაისის მერე პირველად, წინა ტურში შეძლო გამარჯვება. "ლიონმა" კი მოულოდნელად, შინ ქულები დაკარგა "ბორდოსთან" დაპირისპირებაში, როცა პირველივე ტაიმში 10 კაცის ამარა დარჩა. მაშინ გაძევებული დარდერი ბრეტონში ვერ ითამაშებს. ეს ახლა არის "ლიონი" ამ წყვილის ფავორიტი, თორემ ლიგა 1-ის ისტორიაში ბრეტონელებს დიდი უპირატესობა აქვთ, 28 გამარჯვება და 8 მარცხი (11 ფრე).

ლიგა 1. IV ტური
პარასკევი. 25 აგვისტო

პსჟ-სტ. ეტიენი 22:45
შაბათი. 26 აგვისტო
ნანტი-ლიონი 19:15
ამიენი-ნიცა 22:00
ბორდო-ტრუა 22:00
კაენი-მეცი 22:00
დიჟონი-მონპელიე 22:00
ტულუზი-რენი 22:00
კვირა. 27 აგვისტო
გენგამი-სტრასბური 17:00
ანჟერი-ლილი 19:00
მონაკო-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 5 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 3 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), კლინტონ ნ"ჟიე (მარსელი), ედინსონ კავანი (პსჟ), ნეიმარი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული