გზაგასაყარზე: ნეიმარი დრაქსლერის პარიზულ კარიერას დაასრულებს?

AutoSharing Option
ბოლო დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ედინსონ კავანის მომავალი "პარი სენ-ჟერმენში". არანაკლებ დიდი საფრთხე ემუქრება ფრანგულ კლუბში გერმანიის ნაკრების შემტევ იულიან დრაქსლერის პერსპექტივასაც...

ედინსონ კავანისა და ნეიმარს შორის მომხდარი ეპიზოდი ყველას გვახსოვს. "ლიონთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი, რომელიც 11-მეტრიანის შესრულებას უკავშირდება, მედიის საყოველთაო განსჯის საგნად იქცა.

საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე უხილავმა ბრძოლამ ჩრდილში არ უნდა მოაქციოს ის, რაც "სენ-ჟერმენის" 24 წლის შემტევ იულიან დრაქსლერის თავს ხდება. დრაქსლერი გერმანული ფეხბურთის ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ის ფრანგულმა კლუბმა 40 მილიონ ევროდ
გადაიბირა "ვოლფსბურგიდან".

გერმანიაში ასპარეზობის ბოლო პერიოდი დრაქსლერს აშკარად ჩაუვარდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ "ვოლფსბურგის" გულშემატკივრებმა მას უსტვინეს. იულიანი ვერ ეგუებოდა იმ სისტემას, რომლითაც გუნდი თამაშობდა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, გერმანელი ვარსკვლავი საფრანგეთშიც ამ პრობლემის წინაშე დადგა.

უნაი ემერი არის მწვრთნელი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას, მაგრამ რაც 2016 წელს "პარი სენ-ჟერმენში" მივიდა, მაინც 4-3-3-სკენ იხრება. ეს სქემა მას აძლევს საშუალებას, დაიცვას ბალანსი. და რატომ ემუქრება საფრთხე დრაქსლერს? საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის 3 შემტევის ადგილი თითქმის დაჯავშნილი აქვთ ნეიმარს, კილიან მბაპესა და კავანის. ეს ფაქტორი დრაქსლერს ძალიან მცირე შანსს უტოვებს.

როცა კი ამ სეზონში ემერიმ დრაქსლერი გამოიყენა, არცერთხელ არ ათამაშა მისთვის ყველაზე საყვარელ პოზიციაზე - ფლანგზე. მარკო ვერატის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის პირობებში ემერი დაუბრუნდა მისთვის ყველაზე საყვარელ სქემას და ამ შემთხვევაში დრაქსლერი "ათიანის" პოზიციაზე ათამაშა, მაგრამ ახსნა ამასაც ჰქონდა - ხავიერ პასტორე დაშავებული იყო...

ამ პოზიციაზე დრაქსლერი ინდომებდა, იბრძოდა კიდეც, მაგრამ ეს თითქოს წაგებულ ბრძოლას ჰგავდა. ნეიმარის დიდებული რეიდები, გოლები და პასები ბევრ რამეს ჩრდილავს მინდორზე. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თავად დრაქსლერიც ვერაა ფსიქოლოგიურად იდეალურ ფორმაში. როგორც ჩანს, ის ყველაზე უკეთ გრძნობს გუნდში საკუთარ მდგომარეობას. საკმარისია აღინიშნოს, რომ მას 240 წუთში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია თავი.

ამასობაში, ნეიმარმა, მბაპემ და კავანიმ 18 შედეგიანი ბალი ჩაიწერეს ამ სისტემით. ნეიმარის არყოფნა შანსი იყო დრაქსლერისთვის, მაგრამ მან ეს ვერ გამოიყენა. პსჟ-მა პირველად წაიფორხილა საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო 18 შეხვედრაში, როცა "მონპელიესთან" საგარეო მატჩი 0:0 დაასრულა.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო სრული კრახი დრაქსლერის მხრიდან, მაგრამ არ იყო დიდი არგუმენტი იმ ბრძოლაში, რომელიც მას მოუწევს არა მხოლოდ ზემოთ ნახსენებ სამეულთან, არამედ ანხელ დი მარიასთან, ლუკას მოურასა და პასტორესთან.

არადა, ორი თვის წინ, ივლისში, ყველაფერი სხვანაირად ჩანდა. კონფედერაციათა თასზე დრაქსლერი გახლდათ ლიდერი შედარებით გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გერმანიის ნაკრებისა, რომელმაც ტურნირი მოიგო. ის ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი იყო...

მერე დაბრუნდა "სენ ჟერმენში" და დახვდა ნეიმარის ტრანსფერი. გავიდა მცირე ხანი და მბაპეს ამბავსაც დაესვა ბეჭედი.

"მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა "პარი სენ-ჟერმენის" სასტარტო შემადგენლობაში ვიყო. ბოლომდე ვიხარჯები, ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ და მჯერა, ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს", - ასე სწამს იულიანს.

მისი სურვილი და მინდომება გასაგებია, მაგრამ მეორე მხარეს არის ფრანგული კლუბის "ოქროს ტრიო", რომელიც მთლიანობაში 350 მილიონი ევრო ღირს. ამაშია საქმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული