პარიზული გუნდის ახალი მწვრთნელი ტომას ტუხელი ექსპერიმენტებს განაგრძობს. მან ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა კოლენ დაგბა, ანტუან ბერნედი, ტიმოთი ვეა და კრისტოფერ ნკუნკუ, რომლებიც ჯერ 20 წლისანიც კი არ არიან.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. მათ მეორე გოლიც გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გააუქმა. მეორე ტაიმში ტუხელმა ვეას ნაცვლად კილიან მბაპე შეუშვა მოედანზე და "პარი სენ ჟერმენმა" თამაში შემოატრიალა. ჯერ ნეიმარმა თავის მიერვე მონადირებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ხოლო 82-ე და 90-ე წუთებზე მბაპემ დალაშქრა "გენგამის" კარი.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს კარს ჯიჯი ბუფონი იცავდა, ხოლო მასპინძელთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო 21 წლის თავდამსხმელი მარკუს ტიურამი. მარკუსი ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის ლილიან ტიურამის შვილია. ჯიჯი და ლილიანი "პარმაში" ერთად 1996-2001 წლებში თამაშობდნენ.
ტომას ტუხელი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კილიან მბაპეს თავში არ აუვარდეს