კილიან მბაპე პსჟ-ში დაბრუნდა. ევრო 2020-ის შესვენების შემდეგ ფეხბურთელი გუნდელებთან ერთად მომდევნო სეზონის სამზადისს შეუდგება.
ჯერჯერობით უცნობია კილიანის გადაწყვეტილება, დარჩება თუ წავა, თუმცა "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა ფრანგი შემტევი მომდევნო სეზონსაც პსჟ-ში გაატარებს.
შეგახსენებთ, მბაპეს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი გადაბირებით კი მადრიდის "რეალია" დაინტერესებული. ფლორენტინო პერესი მისთვის 7-ნომრიანი მაისურის მიცემას გეგმავს, რითაც ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის ემოციების გაღვივებას შეეცდება, რადგან "სამეფო კლუბში" ამ ნომრით მისი კუმირი, კრიშტიანო რონალდო თამაშობდა.
თუმცა ფრანგული გუნდის პრეზიდენტ
ალ-ხელაიფს სხვა გეგმა აქვს. მას სურს, რომ კილიანი რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს. ყველაფერს თვითონ ფეხბურთელი გადაწყვეტს. ასევე ბოლო დროს გავრცელებული ჭორების თანახმად, "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა პოლ პოგბას გადაყვანას ცდილობს, რაც მბაპეს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.
წავა მადრიდში თუ დარჩება პარიზში, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მანამდე კი შეიძლება ითქვას, რომ ნასერ ალ-ხელაიფი გუნდის თილისმის გაშვებას არ დაუშვებს და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით