გამაყრუებელი სტვენა, გაწევ-გამოწევა და ბოლო წამზე მოგებული შეხვედრა - პსჟ-მა მორიგი 3 ქულა ჩაიწერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში "მეცმა" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. შეხვედრა დრამატული გამოდგა.

მატჩის დებიუტშივე, მე-5 წუთზე, აჩრაფ ჰაკიმმა ანგარიში გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს, 39-ე წუთზე კი, ბუაბაქარ კოიატემ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში მოედნის ველი საბრძოლო ტერიტორიად გადაიქცა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა დარჩენილ 45 წუთში 6 ფეხბურთელი გააფრთხილა, დილან ბრონი და გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრედერიკ ანტონელი კი წითელი ბარათით გააძევა.

სიტუაცია 82-ე წუთზე დაიძაბა. "მეცის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ბურთზე ბრძოლის დროს დანილომ ფეხი მოარტყა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ბურთი მოედნის
ფარგლებს გარეთ გადააგდეს, პსჟ-მა კი აუტი მოაწოდა. კილიან მბაპემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო (ამ უკანასკნელმა ულამაზეს ნახტომში აიღო დარტყმული), რის გამოც გამაყრუებელი სტვენა დაიმსახურა.

პარიზელებმა გამარჯვების მომტანი გოლი 90+5 წუთზე გაიტანეს. თავი აჩრაფ ჰაკიმმა გამოიჩინა. გოლის აღნიშვნის დროს, როგორც ჩანს, მასპინძელთა მეკარეს რაღაც მიაძახეს, რის გამოც ოკიჯა წყობილებიდან გამოვიდა. მეტიც, ალჟირელი კიპერის დასაწყნარებლად მსაჯის სასტვენის შემდეგ პსჟ-ის მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მივიდა, თუმცა ეს ვერც არგენტინელმა სპეციალისტმა მოახერხა.

7 ტურის შემდეგ "პარი სენ ჟერმენი" 21 ქულით ლიგა 1-ის ერთპიროვნული ლიდერია. საპირისპიროდ, "მეცს" 3 ქულა აქვს და მე-20 ადგილს იკავებს.

პარიზელები მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, "მონპელიეს" წინააღმდეგ გამართავენ. მეცი 26 სექტემბერს "ბრესტს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული