თითქოსდა კილიან მბაპეს მომავალი გუნდის ვინაობა გარკვეულია, თუმცა ფეხბურთელი პსჟ-ის დატოვებას არ ჩქარობს; ყოველ შემთხვევაში, ამას იანვარში არ გააკეთებს.
შეგახსენებთ, ფრანგს კლუბთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, თუმცა ორივე მხარე თანახმაა, რომ შემტევი სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩეს.
"არა, იანვარში არ წავალ. პსჟ-ში თავს კარგად ვგრძნობ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ სეზონს აქ გავატარებ. მინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და გულშემატკივარს მორიგი ბედნიერება მივანიჭო, ისინი ამას იმსახურებენ. ვფიქრობ, ამას ჩვენც ვიმსახურებთ. იმედი მაქვს, ყველანაირ ტურნირს მოვიგებთ.
პარიზი ჩემი ქალაქია, აქ დავიბადე და გავიზარდე.
პსჟ-ში თამაში კი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. სიამოვნებით ვუყვები ჩემს მეგობრებსა და ბავშვებს, რომ მე ლიონელ მესისთან ერთად ვთამაშობ. მისი მოსვლა ისტორიული მომენტი იყო", - განუცხადა კილიანმა CNN-ს.
ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა იმ არეულობაზე, რომელიც გასულ ზაფხულს მის შესაძლო გუნდიდან წასვლას მოჰყვა.
"მე გულწრფელი ვიყავი, მთელი გული მივეცი მათ. რა თქმა უნდა, მოხარული ვარ აქ დარჩენით. რაც შეეხება "რეალთან" მოახლოებულ თამაშს, მზად ვართ, უკვე დროა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონია. რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევა გვინდა. უკვე ორი წელია, რაც ნახევარფინალში ან ფინალში გავდივართ და იქ ვმარცხდებით. ახლა დროა გავიმარჯვოთ.
ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე - გულშემატკივრებისთვის და ქალაქისთვის. ახლა "ბლანკოსში" თამაშზე ფიქრის დრო არ არის. ერთადერთი, რაც თავში მომდის, თებერვალსა და მარტში მათ წინააღმდეგ გამოსვლაა", - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრები 16 თებერვალსა და 10 მარტს გაიმართება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით