თავდამსხმელი კილიან მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ზღაპრულ ხელფასს მიიღებს და მის აზრს მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის დანიშვნისას და ფეხბურთელთა დამატებისას გაითვალისწინებენ.
"ბილდის" ცნობით, მბაპემ ორელენ ჩუამენის (მონაკო) და უსმან დემბელეს (ბარსელონა) გადაბირება მოითხოვა და პარიზული კლუბი მათ წარმომადგენლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას.
კილიანმა აგრეთვე "რეალის" გულშემატკივრებს მიმართა, რომლებიც მის მათ გუნდში გადასვლას ელოდნენ.
"მადრიდული გუნდების ფანების მადლიერი ვარ. ამ კლუბის მაისური არასოდეს ჩამიცვამს - მხოლოდ 14 წლის ასაკში ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ისინი ყოველთვის ისე მიღებდნენ, როგორც თავისიანს. ასეთი დამოკიდებულების
გამო მადლობელი ვარ.
მესმის "რეალის" გულშემატკივრების იმედგაცრუება, თუმცა, იმედია, გამიგებენ - ჩემს ქვეყანაში დარჩენა გადავწყვიტე. ფრანგი ვარ და ისევ მინდა ამ კლუბს, ჩემპიონატსა და ქვეყანას მწვერვალების დაპყრობაში დავეხმარო", - ციტირებს მბაპეს MadeinFoot-ი.
მბაპემ კომენტარი "პარიზიენთანაც" გააკეთა: "არავის არაფერზე შევთანხმებივარ. მუდამ ასე ვიქცეოდი. ჩვენ კონტრაქტის ვარიანტები განვიხილეთ. "რეალისთვის" არ მითქვამს "არა". მე საფრანგეთსა და პსჟ-ს ვუთხარი "დიახ". მე ჩემი ქვეყნის ძახილი გავიგონე. აი, ასე უბრალოდ წასვლა ძალიან ადრე იყო".