ტრავმამორჩენილ ვან დერ ვაარტს "მიდტიულანდის" სასტარტოში ადგილის დაბრუნება უჭირს

AutoSharing Option
ფეხბურთელმა კარიერის დროულად დასრულება უნდა იცოდეს, რათა დავრდომილად არ დაიმახსოვრონ. კარგი ფეხბურთელი იყო ჰოლანდიელი ვან დერ ვაარტი, ნაკრებშიც გახლდათ ნაბურთავები (109 მატჩში 25 გოლი გაიტანა), მადრიდის "რეალშიც" და "ტოტენჰემშიც", მერე "ჰამბურგში" არაუშავს 3 სეზონი ჩაატარა და "ბეტისში" გადასული არ ათამაშეს.

თვითონ არ უნდოდა პრიმერაში დაბრუნება, მაგრამ დედა ყავს ესპანელი და ნათესავებმა დააძალეს. შარშან დანიის "მიდტიულანდში" გადაბარგდა და 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

უკმაყოფილოა კლუბის პრეზიდენტი ვინმე კლაუს შტაინმეინი, რომელიც ამბობს, მაგრად მოუკლო თამაშს, ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ იმსახურებს, ტრავმირებული იყო,
ნელა დარბისო.

მოკლედ, ვიღაცების სალაპარაკოდ გაიხადა საქმე და თავის მართლება უწევს. მისი თქმით, ტრავმა მოირჩინა, თავდაუზოგავად ვარჯიშობს და მალე ფორმაში ჩადგება. უკანასკნელ 5 წელიწადში კი რაფაელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროდან 350 ათასამდე დაეცა.

ჰოდა, ამ 34 წელს მოყრილ ღვაწლმოსილ ფეხბურთელს ურჩევნია, სანამ იმ "მიდტიულანდიდან" არ დაითხოვენ, ბუცები ლურსმანზე ჩამოაკონწიალოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული