დიდი ინტრიგაა A ჯგუფში, სადაც ყველაფერი გასარკვევია. თუმცა არ მოხდება სასწაული და "მანჩესტერ იუნაიტედი" "რუსულ არმიასთან" ასტრონომიული ანგარიშით არ წააგებს. ამიტომ აქ უფრო "ბაზელსა" და ცსკა-ს შორის იქნება "გარჩევები". უკეთესი შანსი შვეიცარიელებს აქვთ, რადგან ისინი აბსოლუტურად უმოტივაციო "ბენფიკას" ეთამაშებიან, მოსკოველები კი ინგლისს სტუმრობენ, სადაც მათ "იუნაიტედი" ელით.
სანამ არ არსებობს გასვლის საბოლოო გარანტია, ჟოზე მოურინიო, ალბათ, არ გარისკავს და ოპტიმალურთან მიახლოებულ შემადგენლობას დააყენებს. გასათვალისწინებელია, რომ მომდევნო უქმეებზე
B ჯგუფში პლეი-ოფში გამსვლელი ორი ადგილის მფლობელი გარკვეულია. კარგა ხანია, ეს პატივი "პარი სენ-ჟერმენმა" და "ბაიერნმა" ირგუნეს. ცხადია, მათი უშუალო შეხვედრა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. ახლა მათ მხოლოდ პირველ-მეორე ადგილების ბედი აღელვებთ.
გახსოვთ, ალბათ, ფრანგულმა გრანდმა პარიზში ქვა ქვაზე არ დატოვა "ბაიერნთან" მატჩში (3:0). ახლა გერმანელები რევანშისა და პირველ ადგილზე გასვლის წყურვილით იწვიან. "ბაიერნს", წესით, არ ეყოლებიან არიენ რობენი და ტიაგო ალკანტარა, "პარი სენ-ჟერმენს" კი ლუკასი და ტიაგო მოტა დააკლდებიან.
C ჯგუფში ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი მადრიდის "ატლეტიკო" კატასტროფის წინაშე დგას. "ათლეტებს" ჯგუფში ჩარჩენა ემუქრებათ. რა თქმა უნდა, ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა.
მადრიდელებმა "ჩელსი" რომც დაამარცხონ, "რომა", უდიდესი ალბათობით, მოუგებს "ყარაბაღს" და ესპანელების საქმე წასულია. ასე რომ, მადრიდული კლუბი სასწაულის იმედზეა. სასწაულები ფეხბურთში ხშირად კი ხდება, მაგრამ არა - ამ დონის.
გასაგებია, რომ "ჩელსის" განაღდებული აქვს შემდეგი ეტაპის საგზური, მაგრამ რა უნდა მოხდეს რომში ისეთი, რამაც შეიძლება იტალიელებს ხელი შეუშალოს? თანაც, მასპინძლებს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლებათ.
D ჯგუფში "ბარსელონას" თავი ქუდში აქვს, მაგრამ კატალონიელები ირწმუნებიან, რომ იოლად არაფერს დაუთმობენ "სპორტინგს". თავის მხრივ, თუ პორტუგალიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდათ, პატარა სასწაული უნდა მოახდინონ "ნოუ კამპზე".
არავინ იცის ზუსტად, როგორი იქნება "ბარსას" შემადგენლობა. ფაქტია, არ იქნებიან დემბელე, მასკერანო და უმტიტი. არ არის გამორიცხული, რამდენიმე ფეხბურთელმა დაისვენოს.
"ნაპოლის" ძლევით გაამაყებული "იუვენტუსი" საბერძნეთში ჩადის და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. საკმარისია, ტურინელებმა "ოლიმპიაკოსს" მოუგონ, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე არიან. "იუვესთვის" დიდი დაბრკოლება არ უნდა იყოს მარიო მანჯუკიჩისა და შტეფან ლიხტშტაინერის შესაძლო არყოფნა.
თავის მხრივ, ბერძნები დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან. მათ უკვე არ მოაგებინეს "ბარსელონას" და გამორიცხული არაფერია, თუმცა, თქმა რად უნდა, აშკარა ფავორიტი "იუვეა". ტურინულ გრანდს სატურნირო მოტივაციაც მეტი აქვს და კლასიც.
ფაქტები და სცენარები
- 1/8-ფინალში უკვე გავიდნენ: "ბარსელონა" (* - ჯგუფის გამარჯვებული), "ბაიერნი", "ბეშიქთაში"*, "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი"*, პსჟ, "რეალი", "ტოტენჰემი"*.
- სამშაბათის მატჩების შემდეგ შეიძლება გავიდნენ: "ატლეტიკო", "ბაზელი", ცსკა, "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რომა", "სპორტინგი".
- "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება 1 ქულა პირველი ადგილის მოსაპოვებლად, ან უნდა აიცილოს 6-ბურთიანი სხვაობით მარცხი.
- თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" წააგებს, ხოლო "ბაზელი" ვერ მოიგებს, "მანჩესტერი" და ცსკა გადიან თანაბარი ქულებით, ხოლო პირველი ადგილის ბედს გადაწყვეტს ერთმანეთს შორის მატჩები. "იუნაიტედს" მოსკოვში 4:1 აქვს მოგებული...
- თუ ცსკა და "ბაზელი" მოიგებენ, 3 გუნდი აგროვებს თანაბარ ქულებს და პირველ-მეორე ადგილებზე გავა ამ სამს შორის 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. "მანჩესტერ იუნაიტედი" გავა, თუ არ წააგებს 7-ბურთიანი სხვაობით, ხოლო პირველ ადგილზე გავა, თუ არ წააგებს 5-ბურთიანი სხვაობით.
- თუ "ბაზელი" და ცსკა დააგროვებენ თანაბარ ქულებს (ან ორივე წააგებს, ან ორივე ფრედ ითამაშებს), გავა "ბაზელი", რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს.
- თუ "ბაზელი" და ცსკა მოიგებენ, სამი გუნდი დააგროვებს თანაბარ ქულებს, ხოლო "ბაზელი" გავა იმ შემთხვევაშიც, თუ ცსკა მოიგებს 3-6-ბურთიანი სხვაობით.
- თუ "ბაზელი" და ცსკა მოიგებენ, ამ უკანასკნელს დასჭირდება 3-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება, რათა გამსვლელები გაირკვეს სამ გუნდს შორის, ხოლო 5-ბურთიანი სხვაობის მოგების შემთხვევაში, იკავებს პირველ ადგილს.
- "ბაიერნი" და პსჟ გასულები არიან, მაგრამ იმისთვის, რომ პირველ ადგილზე გავიდეს, 4-ბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს, რადგან პარიზში 0:3 აქვს წაგებული.
- "ანდერლეხტსა" და "სელტიკს" შეუძლიათ მე-3 ადგილზე (ევროპალიგის ჯგუფში მოსახვედრი საგზური) გასვლა. "ანდერლეხტმა" "სელტიკთან" შინ 0:3 წააგო, ამიტომ გლაზგოში 4-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.
- "ჩელსი" გასულია, ხოლო პირველ ადგილს დაიბევებს იმ შემთხვევაში, თუ მოუგებს "ატლეტიკოს", ხოლო "რომა" ვერ შეძლებს "ყარაბაღის" დამარცხებას.
- "რომა" გავა, თუ გაიმარჯვებს, "ატლეტიკო" კი ვერ შეძლებს "ჩელსის" დამარცხებას. თუ "რომა" მოიგებს, ხოლო "ჩელსი" - ვერა, პირველ ადგილზე გადის "რომა".
- "ატლეტიკოს" სჭირდება მოგება. თუ ის "რომასთან" ერთად თანაბარ ქულებს (9-9) დააგროვებს, გავა "ატლეტიკო", რადგან იტალიურ კლუბთან ურთიერშეხვედრაში უპირატესობა აქვს.
- "იუვენტუსი" გავა, თუ მოიგებს ან "სპორტინგი" ვერ შეძლებს გამარჯვებას. თუ ისინი თანაბარ ქულებს დააგროვებენ, გავა "იუვენტუსი", რომელსაც ურთიერშეხვედრებში უპირატესობა აქვს.
- "სპორტინგი" გავა, თუ მოიგებს, ხოლო "იუვენტუსი" ვერ შეძლებს "ოლიმპიაკოსის" დამარცხებას.
მანჩესტერ იუნ-ცსკა 23:45
ბენფიკა-ბაზელი 23:45
B ჯგუფი
ბაიერნი-პსჟ 23:45
სელტიკი-ანდერლეხტი 23:45
C ჯგუფი
რომა-ყარაბაღი 23:45
ჩელსი-ატლეტიკო 23:45
D ჯგუფი
ბარსელონა-სპორტინგი 23:45
ოლიმპიაკოსი-იუვენტუსი 23:45
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"