ლეგენდები სომხეთში, წუწაობის დღე ერევანში და დიდი სამუნდიალე განწყობა [PHOTO]

AutoSharing Option
8 ივლისს სომხეთში საფეხბურთო ლეგენდების მონაწილეობით მატჩი დაიგეგმა, სადაც წასვლა მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ გადავწყვიტეთ.

ერევანში ისეთი ფეხბურთელები იკრიბებოდნენ, როგორებიც არიან: რივალდო, რონალდო, რაიან გიგზი, გაბრიელ ბატისტუტა, ერნან კრესპო, პაოლო მალდინი, კაფუ, ლევან კობიაშვილი, დიდა, ხავიერ სავიოლა და ა.შ.

ერევანში წასვლა ერთი დღით ადრე გადავწყვიტეთ. ჩემი პირველი სტუმრობა მეზობელ სახელმწიფოში "ეჭვის თვალით" დაიწყო, რადგან მესაზღვრეებს არ მოეწონათ, რომ რამდენჯერმე აზერბაიჯანში ვიყავი ნამყოფი და პატარა დაკითხვაც მომიწყვეს. პირველადი შთაბეჭდილებაც არცთუ ისე კარგი იყო, რადგან იმდენად ცუდი გზა გავიარეთ, რომელიც საქართველოში
ღრმა ბავშვობაში მახსოვდა. თურმე, მძღოლმა ცუდი გზა საწვავის დასაზოგად აირჩია.

თუმცა, ჩემი განწყობა ერევანში ჩასვლის შემდეგ შეიცვალა, რადგან მოსალოდნელთან შედარებით, სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, მთელ ქალაქში გამოკიდული ბანერები იყო -  მასზე კი გამოსახული კახა კალაძე და რივალდო ლეგენდების მატჩზე ეპატიჟებოდნენ მოსახლეობას.

Sportall.Ge

7 ივლისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ორი მატჩი უნდა გამართულიყო: შვედეთი ინგლისს უნდა შეხვედროდა, ხოლო მასპინძელი რუსეთი - ხორვატიას.

ტაქსის მძღოლს ვკითხე, სად შეიძლებოდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის დიდ ეკრანზე და კარგ სიტუაციაში მეყურებინა.

"სადაც გინდა, ბრატჯან", - მიპასუხა მან. ერევნის თითქმის ყველა პარკში დიდი ეკრანები იდგა, ფან-კლუბები და შესანიშნავი ატმოსფერო იყო. განსაკუთრებით, ოპერის თეატრთან, სადაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო.

გაგიკვირდებათ და, რუსეთი-ხორვატიის მატჩზე საკმაოდ ბევრი ადამიანი ხორვატიას ქომაგობდა. როცა წამყვანმა გამოაცხადა, თუ ვინ უჭერდა ხორვატიას მხარს, დედა-რუსეთის ქომაგებმა ერთი ამბავი ატეხეს.

Sportall.Ge

მატჩის დღეს ერთი საინტერესო ამბავი გადაგვხდა თავს - ერევანში "წყლის დღე" იყო. ანუ მთელი ქალაქი, ყველა ქუჩასა და პარკში ერთმანეთს წყალს ასხამდა. ხალხი ავტობუსებსა და ქუჩებში "ვედროებით" გადაადგილდებოდა, მანქანის საჭესთან კი წყლის თოფებით მომარჯვებული ხალხი იჯდა. ამ დროს კი, როდესაც ჩანთაში კომპიუტერი, ტელეფონი და სხვადასხვა საჭირო ნივთი გაქვს, მათი დასველება სასურველი არაა. თუმცა, მოვახერხეთ მათი პარკებით შეფუთვა, მაგრამ ჩვენ სტადიონზე თავიდან ფეხებამდე სველები მივედით.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ლეგენდების მატჩი ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე იმართებოდა, რომელიც 14 400 ადამიანს იტევს (ქვეყნის მთავარ, 70-ათასიან არენაზე, "რაზდანზე" დაუსრულებელი რემონტია). სტადიონი ბოლომდე ვერ შეივსო. ეს ალბათ განპირობებული იყო იმითაც, რომ ბილეთები ძვირი ღირდა და ხალხის ნაწილმა მატჩის ტელევიზორით ყურება არჩია.

გუნდები "ევროპად" და "სამხრეთ ამერიკად" იყვნენ დაყოფილები. ევროპას პაულო მალდინი წვრთნიდა, ხოლო სამხრეთ ამერიკას - რონალდო. ვარსკვლავების გამოცხადებისას სტადიონზე ახმაურებული ხალხით იგრძნობდი, თუ ვის მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა გულშემატკივარს. კახა კალაძის გამოცხადებისას სტადიონზე დიდი ოვაციები იყო, თუმცა ლევან კობიაშვილი - დადიაშვილად გამოაცხადეს და ვერც ვერავინ ვერ მიხვდა, ვის უნდა ეთამაშა. თუმცა, მათ იმ მარტივი მიზეზის გამო არ უთამაშიათ, რომ ერევანში საერთოდ არ ჩასულან...

თუ მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპელები დომინირებენ, სომხეთში გამარჯვება სამხრეთამერიკელებმა მოიპოვეს, რომელთაც მეტოქეს 5:2 სძლიეს.


Sportall.Ge


"ჩვენს ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს, უცხოური ჩემპიონატების ყურებით ვიქცევთ თავს. სომხური საკლუბო ფეხბურთი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ჯერჯერობით ვერც ნაკრები ვერ ახერხებს შედეგის მიღწევას. ჰენრიხ მხითარიანი ჩვენი იმედია, ჩვენ მისი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ეს ადამიანი გვაახლოვებს დიდ ფეხბურთთან და მისი მადლიერები ვართ", - გვითხრა ჩვენთან საუბრისას ადგილობრივმა ქომაგმა ნარეკ გევორქიანმა.

ერევანში სხვადასხვა ადგილზე შეგხვდებათ წარწერა, სადაც სომხური ფეხბურთის გადარჩენას ითხოვენ და მათი მდგომარეობა ჩვენზე გაცილებით მძიმეა. 

Sportall.Ge

ლეგენდათა მატჩის ორგანიზატორი ერევნის "პიუნიკი" იყო, რომელიც ერთმა ბიზნესმენმა შეიძინა და კლუბში დიდ ცვლილებებს გეგმავს. სომეხი ქომაგი კი ახლა იმის მოლოდინშია, რომ ეს გუნდი მოძლიერდეს და ევროტურნირებზე ასახელოს სამშობლო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესო სტატიაა ძალიან, მაგრამ ვერ გამოვიტანე აზრი კობი და კახი თამაშობდნენ თუ არა?
მუმლი მუხიკა
12:54 13-07-2018
2
საზღვარზე არსებულ სიტუაციაზე გეთანხმები. თუ აზერბაიჯანის შტამპი გიბახეს პასპორტში, თავს გადაგჭამენ, თუ არ გაქვს და მაინც გეკითხებიან აზერბაიჯანში ნამყოფი ხომ არ ხარო? ერევნამდე მეორე გზას რაც შეეხება, დამიჯერე ისიც თითქმის ისეთივეა რომლითაც შენ იმგზავრე. ერევანზეც გეთანხმები. ერევანი გაკოხტავებული ქალაქია, მაგრამ როგორც ერევანს გასცდები, თავი 90-იანი წლების საქართველოში გეგონება!!! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მარტო ამით სჯობია დასავლეთი და ცივილიზირებული სამყარო დამყაყებულ რუსეთს. სომხეთის და საქართველოს განვითარების ვექტორები მაქვს მხედველობაში!!! მაგალითი სახეზეა!!!
saqartvelos rigiti moqalaqe
23:14 12-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული