- მუნდიალის უიღბლო ფეხბურთელები, რომლებმაც რეპუტაციის აღდგენა შეძლეს
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ის მთავარი მოვლენა იყო, რომელმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ლუკა მოდრიჩისათვის "ოქროს ბურთის" გადაცემაზე და რითაც ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ჰეგემონია შეწყდა.
ლიონელმა ტურნირი ჩააფლავა და მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა დღეს მას ისევ აღმერთებენ.
მოდით, გავიხსენოთ მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხგანცდილი სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც მიმდინარე სეზონში, შეიძლება ითქვას, სრულ წესრიგში იმყოფებიან.
სერხიო რამოსი
ერთი მხრივ, სერხიო რამოსის გოლს (უფრო ზუსტად, მისგან პროვოცირებულ სერგეი იგნაშევიჩის ავტოგოლს) შეეძლო ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არავისთვის არ არის ახალი ამბავი ის, რომ ჟერარდ პიკესა და სერხიო რამოსის წყვილი არცთუ ისე საიმედო ცენტრალურ დაცვას წარმოადგენს. კლუბებში, სადაც ისინი თამაშობენ, დაცვაში სხვა უფრო მაგარი მოთამაშეები ჰყავთ (მაგალითად, სამუელ უმტიტი და რაფაელ ვარანი), რომლებიც რამოსისა და პიკეს შეცდომებს ასწორებენ. რა დასამალია და, ნაკრებში ორივე რეგულარულად უშვებდა შეცდომებს.
სამაგიეროდ, ახალ სეზონში სერხიო რამოსმა აჩვენა, რომ კლუბის დონეზე იგი ჯერ კიდევ სრულ წესრიგშია. ნაჩოსა და რაფაელ ვარანის დაზღვევა, კარლოს კაზიმიროს მიერ საყრდენ ზონაში ჩატარებული დიდი მოცულობის სამუშაო სერხიო რამოსს საშუალებას აძლევს, თავისი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს; მშვიდად იყენებს თავის გამოცდილებას, განავითაროს შეტევა პირველი პასით და სტანდარტულ სიტუაციებში სახიფათოდ ჩაერთოს.
დავიდ სილვა
მსოფლიო ჩემპიონატზე დავიდ სილვა ყოველ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა, მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლს უზრუნველყოფდა, მაგრამ თავის მთავარ ფუნქციას არ ასრულებდა - მოწინააღმდეგის კართან სიტუაციას ვერ ამწვავებდა. გასაგებია, რომ ეს პრობლემები არა მხოლოდ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის ბრალია, არამედ მთელი ნაკრების ფუნქციონალური პრობლემებია, რომელმაც ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მთავარი მწვრთნელი დაკარგა. ამ თეორიას ადასტურებს ის ფენომენალური თამაშიც, რომელსაც დავიდ სილვა "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში ამჟამად აჩვენებს.
პირველ იანვარს დავიდი 33 წლის გახდა, თუმცა იგი მაინც რჩება ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ პეპ გვარდიოლას სისტემაში. 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა - ეს სტატისტიკა სულაც არ არის დავიდ სილვას სარგებლიანობის მაჩვენებელი, მისი დონე უფრო მაღალია.
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი
იგი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ პოტენციურ აღმოჩენად ითვლებოდა, მაგრამ ისევე, როგორც სერბეთის ნაკრების მთელმა შემადგენლობამ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმაც ვერაფერი გონივრული აჩვენა, შესაბამისად, ტოპ-კლუბში მისი ტრანსფერიც გადაიდო. დიდი ალბათობით, ამ სეზონს 23 წლის ნახევარმცველი "ლაციოში" დაასრულებს. გაუგებარია ერთი რამ: რატომ მოხდა ისე, რომ სერბეთის ნაკრები, რომელსაც მოედნის ცენტრში ასეთი ოსტატი ჰყავს, მხოლოდ ალექსანდრე მიტროვიჩზე ჩაწოდებით შემოიფარგლებოდა? შესაძლოა, პრობლემა სტრატეგიაშია, ან თავად სერგეიშია. ყოველ შემთხვევაში, "ლაციოში" ის კვლავ ცეცხლს ანთებს და თავის ტრანსფერულ ღირებულებას ზრდის.
ბლეზ მატუიდი
ძალიან ძნელია მსოფლიო ჩემპიონატის ჩაფლავება მაშინ, როცა მოედნის ცენტრში პოლ პოგბა და ნგოლო კანტე გყავს, მაგრამ ბლეზ მატუიდმა ეს მოახერხა. მწვრთნელი დიდიე დეშამი ხშირად იყენებდა ბლეზს ფლანგზე, სადაც იგი თამაშის ტემპს ეთიშებოდა და დიდი არაფერი მნიშვნელოვანი გაუკეთებია. სამაგიეროდ, "იუვენტუსში" კრიშტიანო რონალდოს მისვლისას ფრანგი ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ იქცა - იგი მინდორზე ისევ საოცრად დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს და რონალდოს გოლების გატანაში ეხმარება. რობერტ ლევანდოვსკი
ლევანდოვსკი რუსეთში 2018 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის სტატუსით ჩავიდა. რაც უნდა იყოს, საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ყველაზე მეტი, 16 გოლი გაიტანა! მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებმა "დიდი სირცხვილი ჭამა" - ისეთ ჯგუფში ვერ მიაღწია წარმატებას, სადაც იაპონია, სენეგალი და კოლუმბია იყო და საიდანაც გასვლა თავისუფლად შეიძლებოდა. რობერტმა კი ერთი გოლიც ვერ გაიტანა. ახლა ნიკო კოვაჩი მას გერმანული "ბაიერნის" სახედ მიიჩნევს და თანაც, დამსახურებულად: ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 10 და ჩემპიონთა ლიგაში 8 ბურთი "გაისროლა". განა ამის შემდეგ ვინმეს კითხვა გაუჩნდება - ფორმაშია თუ არა იგი?
ლიონელ მესი
სანამ ივან რაკიტიჩი ლუკა მოდრიჩთან ერთად არგენტინის ნაკრებს "გლეჯდა", ლიონელ მესი სეირნობდა და მატჩის პერიპეტიებს გვერდიდან უყურებდა. მართალია, ნიგერიასთან მატჩში გატანილი გოლით ლეომ არგენტინელები პლეი-ოფში სასწაულებრივად გაიყვანა, სადაც ფრანგებმა თავის ადგილზე დასვეს. ლიონელმა ორი საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ შედეგზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა. მისგან უფრო მეტს ელოდნენ.ლიონელ მესიმ ნაკრებში კიდევ ერთხელ დაასრულა კარიერა და "ბარსელონას" ნაცნობ ატმოსფეროს დაუბრუნდა, სადაც პარტნიორები რეკორდების დამყარებაში ეხმარებიან. "ლა ლიგის" 18 მატჩში გატანილი 16 გოლი სახუმარო საქმე არ არის - ლიონელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.
ჯოშუა კიმიხი
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის მთელი ნაკრები ჩავარდა - მანუელ ნოიერიდან ალფრედ ვერნერამდე. მაგრამ სტაბილურ და საიმედო ჯოშუა კიმიხისგან ასეთ რამეს მაინც არ ელოდნენ: პირველივე მატჩში იგი მექსიკელმა ირვინგ ლოსანომ გაანეიტრალა. შემდეგ იგივე პრობლემა ჰქონდა შვედებთან და კორეელებთან. მოკლედ, ნაკრებში ლამის შემცვლელი ჯერჯერობით არ ჩანს.სამაგიეროდ, "ბაიერნში" ყველაფერი რიგზეა: კიმიხი კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც. მაინც არ უნდა დავივიწყოთ, იგი 23 წლისაა. ამ ასაკში სტაბილურ თამაშს ყოველთვის და ყველგან ვერ აჩვენებ.
ტიმო ვერნერი
ვერნერმა კონფედერაციის თასზე თავი ბევრს დადებითად დაამახსოვრა და კარგი შეფასებაც დაიმსახურა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე სრულიად უსარგებლო გამოდგა. საინტერესოა, რომ ზაფხულში "რეალი" ფრანგ ქარიმ ბენზემას შემცვლელს ეძებდა და ყოყმანობდა, ვინ ამოერჩია - რობერტ ლევანდოვსკი თუ ტიმო ვერნერი, თუმცა ორივეს თავს ლაფი დაესხა.გერმანიის ნაკრებში ვერა და ვერ გამოვლინდა უმაღლესი დონის ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც სახელგანთქმული მიროსლავ კლოზეს მემკვიდრე იქნებოდა.
ვერნერმა დიდ კლუბში თავისი ტრანსფერი გადადო, რაც მას ხელს არ უშლის, "ლაიპციგში" გოლები გაიტანოს: დღეს ტიმო 12 გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირად ითვლება და ალბათ, მომავალ ზაფხულს იგი თავის გუნდს რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს მოუტანს.
სერხიო აგუერო
კიდევ ერთი არგენტინელი ფორვარდი, რომელსაც შეეძლო არც ჩასულიყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. მართალია, მან საფრანგეთის ნაკრებს მატჩის დასასრულამდე ერთი წუთით ადრე გაუტანა გოლი, მაგრამ მატჩის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. სხვა მატჩებში კი აგუერომ სრული კრახი განიცადა. ალბათ, ნაკრების მწრთვნელი ხორხე სამპაოლი ნანობდა, რომ მუნდიალზე მაურო იკარდი არ წაიყვანა. დღეს სერხიო აგუერო ქრონიკულად იტანჯება ტრავმებისგან, თუმცა ეს ხელს არ უშლის, "მანჩესტერ სიტის" მაისურით გოლები გაიტანოს - 8 გოლი ამ სეზონში. მოკლედ, არავინ ლაპარაკობს, რომ სერხიოს სისტემური ჩავარდნა აქვს, ყველაფერი ნორმალურადაა.
ანხელ დი მარია
კიდევ ერთი არგენტინელი, რომლისგანაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრს ელოდნენ, მაგრამ მანაც დაბალი დონე აჩვენა (საფრანგეთთან მატჩში კარგი დარტყმის გარდა). შეიძლება ითქვას, ანხელმა ჩემპიონატზე თავი შეირცხვინა... სამაგიეროდ, ახლა "პარი სენ-ჟერმენში" თამაშისას ყოველ მატჩში კარგად გამოდის და მოედნის სიღრმიდან გადაცემებით მაგრად უწყობს ხელს ედინსონ კავანის, კილიან მბაპეს და ნეიმარს.
ამასთან, ანხელ დი მარიას მალე 31 წელი უსრულდება და მისი თამაშის სტილს თუ გავითვალისწინებთ, საეჭვოა, რომ მან კიდევ დიდხანს ითამაშოს ასეთ დონეზე.
ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია Sport24-ის მიხედვით