კიევის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა თურქულ შეკრებაზე ადგილობრივი "ალტინორდუს" ასაკობრივი გუნდი 6:0 დაამარცხა, ჰეთ-თრიკი კი თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა შეასრულა, რომელმაც ნამატჩევს კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.
- ბოლო შეხვედრაში და სამ გატანილ გოლზე რას იტყვი?
- ვეცადეთ ისე გვეთამაშა, თითქოს ეს "იუვენტუსი" იყო, მაგრამ ყველაფერი არ გამოგვივიდა, რადგან "ალტინორდუ" "იუვენტუსი" არაა. ბევრი გოლი გავიტანეთ, თუმცა ეს ის დონე არაა. ასე რომ, უკვე უშუალოდ იტალიელებთან დასაპირისპირებლად მოვემზადებით.
- შეკრებაზე სამი სპარინგი გამართეთ. როგორი დასკვნების გამოტანა შეგიძლიათ?
- ყველაზე მთავარი ტაქტიკის შემუშავება იყო, ბურთით სწორად მოქმედება,
გახსნა. თეორიული მეცადინეობა გვქონდა, სადაც "იუვენტუსის" თამაში გავარჩიეთ. გეტყვით, მათ სუსტი წერტილები აქვთ. მუშობას გავაგრძელებთ და ვნახოთ, რა გამოგვივა.
- შეკრებაზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდი - 3 მატჩში 5 გოლი გაიტანე. შენთვის ეს მნიშვნელოვანია?
- მართალი გითხრათ, მთავარია გუნდმა მოიგოს.
- თურქული შეკრება პრაქტიკულად დასრულდა. შენის აზრით, გუნდი რამდენადაა მზად?
- ფიზიკურად სრულად მზად ვართ. ბოლო შეხვედრაში ჩვენი კონდიციები გამოვცადეთ. მეც და გუნდიც თავს მზად ვთვლით. მთავარი არა "ფიზიკა", არამედ სურვილია, სურვილი კი გვექნება.
- გუნდში როგორი განწყობაა?
- როგორც ყოველთვის შესანიშნავი. სწორედ ასეთი განწყობით ვამარცხებთ მეტოქეებს. დარწმუნებული ვარ, "იუვენტუსთან" კიდევ უფრო უკეთესი განწყობა გვექნება. გუნდში ვინც შედარებით უფროსები ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ და ყველაფერი კარგად იქნება.