პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებმა, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ვერ დაეხმარა, ნახევარფინალში იტალია 1:0 დაამარცხა.
სლავთა გუნდი უპირატესობას ფლობდა და გამარჯვების გოლი 65-ე წუთზე სერგეი ბულეცამ გაიტანა. მართალია, კომპენსირებულ დროში იტალიამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა.
მეორე ნახევარფინალში სამხრეთ კორეამ ეკვადორს 1:0 სძლია.
15 ივნისს, ფინალში ერთმანეთს უკრაინა და სამხრეთი კორეა შეხვდებიან.
სხვათა შორის, წარმატებით ასპარეზობს ევროშესარჩევის ტურნირზე უკრაინის პირველი ნაკრებიც, რომელიც B ჯგუფში გამოდის და 4 ტურის შემდეგ 10 ქულით პირველ
ადგილზეა.
უკრაინა ვერც ეკონომიკის განვითარებული დონით დაიკვეხნის და არც ოლეგ ბლოხინის და ანდრეი შევჩენკოს კლასის ფეხბურთელები არ ჰყავს, მაგრამ შრომით და თავდადებით შედეგს აღწევს. ეს უკვე ჯიუტი ფაქტია.