"მოურინიო მეუბნებოდა: "რეალიდან" გინდა წასვლა?! გიჟი ხარ?!" - ჰამით ალტინტოპი

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების ნახევარმცველი, ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი "შალკეში" და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ჰამით ალტინტოპი MARCA-სთან საუბრისას მადრიდული ამბების შესახებ მოჰყვა.

"როცა ჟოზესთან მივედი, ვეხვეწებოდი, "რეალიდან" წასვლის უფლება მოეცა. "გიჟი ხარ?! მადრიდის "რეალიდან" გინდა წასვლა? შეუძლებელია, ამაზე ფიქრი როგორ დაიწყე?"- აღშფოთებას ვერ მალავდა.

ეს ჩემს კარიერაში საოცარი ნაბიჯი იყო, უმნიშვნელოვანესი. ძალიან მომწონდა ყველაფერი: კლუბი, ქალაქი, პრეზიდენტი, მაგრამ ამის გაგრძელება აღარ შემეძლო.

როცა "რეალში" მიდიხარ და იქ რონალდო, კასილასი, იგუაინი, ბენზემა გხვდებიან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გეუფლება, რომ ძალიან კარგად უნდა ითამაშო.

ძალიან ვჩქარობდი, თუმცა 3 თვე ტკივილის გარეშე ვარჯიშსაც კი ვერ ვახერხებდი. ისე კი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. გასახდელში საოცარი ატმოსფერო იყო. ეს გარკვეული დროის განმავლობაში მეხმარებოდა პრობლემების დავიწყებაში.

"რეალში" ყოფნა ცხოვრებაში უდიდესი შანსი იყო, თუმცა ნამდვილი ჰამით ალტინტოპი არ ვიყავი. პრესას არ ვეცნობოდი, თუმცა კარგად ვხვდებოდი, რასაც წერდნენ. ამ ზეწოლის გაძლება მე არ შემეძლო", - თქვა თურქმა ფეხბურთელმა.

ალტინტოპი მადრიდის "რეალში" 2011-12 წლებში ირიცხებოდა, თუმცა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა "თეთრების" მაისურით. 3-წლიანი კონტრაქტი თავად გაწყვიტა, თავად თქვა უარი დიდ ხელფასზე და კარიერა "გალათასარაიში" გააგრძელა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული