ილია სპასოევიჩი გახსოვთ? აზიური ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
წარმოშობით მონტენეგროელი ფორვარდი ილია სპასოევიჩი თბილისის "დინამოში" 2006-დან 2009 წლამდე თამაშობდა და უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდიც იყო.

თავის ბოლო სეზონში სპასოევიჩმა "დინამოს" რიგებში ეროვნულ ჩემპიონატში 907 წუთი ითამაშა და 13 გოლი გაიტანა. "დინამოს" შემდეგ იყო სერბეთის, ლატვიისა და საბერძნეთის ჩემპიონატები, 2010 წლიდან კი ინდონეზიას მიაშურა.

მიუხედავად "დინამოში" კარგი თამაშისა, ილიას მონტენეგროს ნაკრებში არ იწვევდნენ, რადგან იქ ძირითადი თავდამსხმელი "რომას" ფორვარდი მირკო ვუჩინიჩი იყო, მეორე კი - ჯერ კიდევ "ფიორენტინას" ამომავალი ვარსკვლავი სტევან იოვეტიჩი. ექსდინამოელმაც რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო, ინდონეზიის მოქალაქე
გახდა და 2017 წლიდან ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს.

გუშინ, 13 აპრილს, ადგილობრივმა indosport.com-მა ინდონეზიის ლიგა 1-ში მოთამაშე ნატურალიზებული ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტი ტიტულის მქონე მოთამაშეები დაასახელა და მათ შორის ილია სპასოევიჩიც მოხვდა.

აი, რას წერს საიტი "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელის შესახებ:

"ინდონეზიაში ჩამოსვლის შემდეგ ძალიან ბევრ ფეხბურთელს სურს მოქალაქეობის მიღება, თუმცა მათი უმრავლესობა ასაკშია და ეროვნული გუნდში თამაშის შანსი ნაკლებად აქვს.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც ლიგაში მოსვლის შემდეგ თავი კარგად წარმოაჩინეს და საკმაო ოდენობის ტიტულებსაც ფლობენ. მათ შორის "ბალი იუნაიტედის" ფორვარდი ილია სპასოევიჩიც არის.

თბილისის "დინამოსთან" ერთად სპასომ საქართველოს უმაღლესი ლიგა, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო. ასევე, "მელაკა იუნაიტედთან" ერთად მალაიზიის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.

სპასო დაეხმარა "პერსიბს" ინდონეზიის პრეზიდენტის თასის მოგებაში 2015 წელს. 2 წლის შემდეგ კი ლიგა 1-ის გამარჯვებული "ბაიანკარასთან" ერთად გახდა, ხოლო გასულ სეზონში ჩემპიონატის ოქროს მედლები "ბალი იუნაიტედთან" ერთად მოიგო."

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ინდონეზიის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფორვარდი ევგენი ბოხაშვილი გახდა. უკრაინის მოქალაქემ, სპასოევიჩის მსგავსად, 16 გოლის გატანა მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს ნაკრებში არ გამოგვადგებოდა?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
17:38 14-04-2020
5
უᲫლიერესი ფორვარდი იყო და ამᲨვენებდა ეროვნულ ლიგას
გოᲩა გუჯაბიᲫე
16:41 14-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული