ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გუნდის ფრანგ ნახევარმცველი ნგოლო კანტეს შესახებ BT Sport-თან ისაუბრა.
"ჩვენ 4-5 ტრავმირებული ფეხბურთელი გყვადა იმ მომენტისთვის, როცა თამაში შევწყვიტეთ. ნგოლო კანტე კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათგანი იყო. მან ოთხი-ხუთი დიდებული სეზონი ჩაატარა, ინდივიდუალური წარმატებებიც არ აკლდა და მწვრთნელები მას სწორად იყენებდნენ.
ამ სეზონში კი, ნგოლომ ჩვენი თამაშების მხოლოდ 40%-ში მიიღო მონაწილეობა და ვიცი, ეს მისთვის ძალიან რთული იყო. აქვე უნდა ვახსენო, რომ კანტე ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი გახლდათ.
აუცილებლად გვჭირდება მისი დაბრუნება, რადგან ნგოლო მსოფლიოს ერთ-ერთი
საუკეთესო ფეხბურთელია. მე ეს მანამ ვიცოდი, სანამ "ჩელსის" ჩავიბარებდი, ახლა კი ამაში მასთან მუშაობის შედეგად დავრწმუნდი.
სამწუხაროდ, ამ სეზონში ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ იყო ჩემს განკარგულებაში, მე კი ფორმაში მყოფი კანტე ძალიან მჭირდება,"- განაცხადა ლამპარდმა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით