საჯარიმო დარტყმის შესრულება დიდებული ფეხბურთელების პრეროგატივაა. სეზონიდან სეზონამდე ჩვენ არაერთი ულამაზესი ჯარიმის რეალიზებას ვხედავთ ხოლმე. შესაბამისად, ფეხბურთის გულშემატკივრებში ხშირია დავა, თუ ვინ არის საუკეთესო შემსრულებელი. დღეს წარმოგიდგენთ 6 მათგანს, რომლებიც ავარჩიეთ შემდეგი მაჩვენებლებით: ჯარიმიდან გატანილი გოლების საერთო რაოდენობა, ტოპ-ლიგებში გატანილი ჯარიმების რაოდენობა და შესრულების სიზუსტე.
6. ალესანდრო დელ პიერო - 53 გოლი
ტურინის "იუვენტუსის" დიდებული კაპიტანი ჯარიმებს კარიერის დასაწყისიდან იტანდა. გასაკვირი არც არის - დელ პიეროს დარტყმის საოცარი ტექნიკა ჰქონდა. თუმცა გამორჩეული მაინც ის იყო, რომ მისი დარტყმული ბურთი ჰაერში მკვეთრად
იწყებდა ჩახვევას და პირველადი ტრაექტორიის საწინააღმდეგოდ აგრძელებდა მოძრაობას. ალესანდრო ბევრად მეტ ჯარიმას გაიტანდა, თუმცა ის ხშირად უთმობდა სტანდარტულებს თავის კოლეგებს.
5. რონალდ კუმანი - 60 გოლი
კუმანის შემთხვევაში ტექნიკურ შესრულებაზე საუბარი საერთოდ არც ყოფილა. მას ფეხში არაადამიანური ძალა გააჩნდა, რისი წყალობითაც ჯარიმები უპრობლემოდ გაჰქონდა. მისი სტანდარტულის შესრულების სიჩქარე 150კმ/სთ-ს თავისუფლად სცდებოდა.
4. დიეგო მარადონა - 62 გოლი
მარადონამ კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი არგენტინაში გაატარა, თუმცა 40 ჯარიმაზე მეტი ევროპაში გაიტანა, რაც მის დონეს ხაზს უსვამს, ხოლო ჩვენს რეიტინგში მოხვედრას იმსახურებს. დიეგო, კუმანისგან განსხვავებით, აქცენტს ეშმაკურ შესრულებაზე აკეთებდა და ბურთს ცოცხალ კედელს ოსტატურად მაღლა უგდებდა. თითქოს ის ხელით ისროდა. ერთხელ "ნაპოლიში" მან ერთ სეზონში 9 ჯარიმა შეასრულა.
3. დევიდ ბექჰემი - 65 გოლი
ექსტრაორდინარულმა სიზუსტემ ბექჰემი ლეგენდად აქცია. ის არ გამოირჩეოდა სწრაფი სირბილით, თუმცა აკეთებდა იდეალურად ზუსტ გრძელ გადაცემებს და სტანდარტულის შესრულებისას უშეცდომო იყო. დევიდი ჯარიმებს 9-იანებში არიგებდა და ამას აკეთებდა ყველგან: ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და შტატებში.
2. ზიკო - 62 გოლი (101 გოლი ბრაზილიის ჩემპიონატიანად)
ბრაზილიელმა ბექჰემზე მსხვილ ჩემპიონატებში ოდნავ ნაკლები გოლი, ხოლო ბევრად მეტი გაიტანა, თუ ბრაზილიის ჩემპიონატს ჩავთვლით. თუმცა საქმე ამაში არაა. ზიკო ძალიან იშვიათად აცილებდა. მას ჯარიმის შესრულების თავისებური ტექნიკა ჰქონდა, რომელიც მოედნის პრაქტიკულად ნებისმიერი წერტილიდან გოლის გატანის საშუალებას აძლევდა.
1. ჟუნინიო - 77 გოლი
2000-იანებში ჟუნინიოს ჯარიმებს პენალტებს ადარებდნენ. მისი შესრულებულებიდან 90% კარში მიდიოდა, ხოლო მეკარებს იშვიათად შეეძლოთ მოგერიება. მისი შესრულების საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ კართან მისული ბურთი ძალიან მკვეთრად და სწრაფად იწყებდა ვარდნას ან მიმართულების შეცვლას. 4 ჯარიმა მან 40 მეტრიდან გაიტანა.
სიაში, რა თქმა უნდა, სხვა ფეხბურთელების შეყვანაც შეიძლებოდა, თუმცა ეს ექვსეული ჩვენს ზემოთ თქმულ კრიტერიუმებს იდეალურად აკმაყოფილებდა. რობერტო კარლოსს - რომლის არყოფნას გააპროტესტებთ, 45 (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 44) გოლი აქვს გატანილი და ჰქონდა დაბალი რეალიზაციის მაჩვენებელი - 25 დარტყმა 1 გოლზე.