კალაძესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო - რა იცით ობამეიანგის ძმის შესახებ?!

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და ინგლისის პრემიერლიგის ვარსკვლავი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, როგორც ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვაზე ოცნებობს. თუმცა ამის მოხერხება პიერმა ვერც "სენტ ეტიენთან", ვერც დორტმუნდის "ბორუსიასთან" და მით უმეტეს, ვერც ლონდონის "არსენალთან" ერთად მოახერხა, ვერც კი მიუახლოვდა ტიტულს.

თუმცა ობამეიანგების ოჯახში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო უკვე აქვთ. როგორ? სწორედ ამის შესახებ გიამბობთ ამ სტატიაში და გაბონელი ფეხბურთელის ოჯახსაც გაგაცნობთ.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი პარიზის გარეუბანში დაიბადა. მამამისი, ასევე პიერი, წარსულში პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. ოჯახში კი სამი ვაჟია - უმცროსი პიერ-ემერიკი, შუათანა
უილიამ-ფილსი და უფროსი კატალინა. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, სამივე მათგანი ფეხბურთელი გახდა და სამივემ "მილანის" სკოლა გაიარა. ამისი მიზეზი კი, ცხადია, მამა იყო, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ "როსონერის" მთავარი სკაუტი გახდა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებ ფეხბურთის გულშემატკივრებმა იციან, თუმცა, რაც შეეხება ძმებს, იცით კი მათ შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი კახი კალაძესთან ერთად თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო?


უილიამ-ფილს ობამეიანგი

Sportall.Ge

მოდით, შუათანა ძმით დავიწყოთ, რომელიც ახლა მხოლოდ 33 წლისაა, თუმცა 2016 წელს კარიერა უკვე დაასრულა.

უილიამი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. 2005 წელს "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა, 2 წლის შემდეგ კი "შავ-წითელთა" რიგებში ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა. ეს იტალიის თასზე "კატანიას" წინააღმდეგ გამართული 1/16-ფინალური დაპირისპირება იყო, რომელშიც "მილანი" დამარცხდა.

2008 წლიდან კი ფეხბურთელი სხვადასხვა კლუბში იჯარის წესით გაუშვეს - თამაშობდა "აველინოს", "მონცას", ბელგიური "იუპენის" რიგებში, 2011 წელს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შოტლანდიურ "კილიმარნოკში" გადავიდა. კარიერა კი გერმანიის პროვინციულ კლუბ "კრაიში" დაასრულა. ფეხბურთელს გაბონის ნაკრებში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


კატალინა ობამეიანგი

Sportall.Ge

ჩვენი ტექსტის მთავარი გმირი სწორედ ის არის - კატალინა, ობამეიანგების უფროსი ძმა, რომელიც ოჯახის ევროპაში ემიგრაციამდე დაიბადა. მან კარიერა "რეჯინაში" დაიწყო, 2000 წელს კი "მილანში" მოხვდა.

კატალინა ამპლუით მარცხენა მცველი იყო, თუმცა ბევრი არც არასდროს უთამაშია. თუ "ტრანსფერმარკტს" ვენდობით, კარიერაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, ტიტულებით უმცროს, ვარსკვლავ ძმასთან გაჯიბრება შეუძლია - პიერმა გერმანიის თასი, სუპერთასი და საფრანგეთის თასი მოიგო, კატალინამ კი - იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

"მილანის" სისტემაში კატალინამ 6 წელი გაატარა. დებიუტი კი უეფას თასზე ჰქონდა, 2001 წლის სექტემბერში "ბატეს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. მომდევნო წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე "დეპორტივოს" წინააღმდეგ მოედანზე 5 წუთი გაატარა. ის მატჩი "მილანმა ანგარიშით 1:2 წააგო.

სწორედ ამ ხუთი წუთისა და განაცხადში 2-ჯერ მოხვედრის გამო უფროსმა ობამეიანგმა ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლები მიიღო. შეგახსენებთ, 2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში "მილანმა" ფინალში "იუვენტუსი" პენალტების სერიაში დაამარცხა.

ყველასთვის საოცნებო ტურნირზე ტრიუმფიდან 14 წლის შემდეგ კატალინამ  კარიერა დაასრულა. ახლა კი ძმებს ნამდვილი, დედმამიშვილური ურთერთობა აქვთ. კატალინა, უილიამ-ფილსი და მამა პიერ-ემერიკის "არსენალთან" კონტრაქტის გაფორმებას ესწრებოდნენ. 2019 წლის ევროპა ლიგის ფინალში კი ვარსკვლავ ობამეიანგს მთელი ოჯახი უჭერდა მხარს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე.

მომზადებულია Read Football-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული