ვინ არის მსოფლიოს 5 საუკეთესო ცენტრალური მცველი?!

AutoSharing Option
ფეხბურთის თანამედროვე ერაში დომინანტი ცენტრალური მცველების ნაკლებობა აშკარაა. ჩვენ ვსაუბრობთ ლიდერებზე, რომლებიც შეძლებდნენ გუნდისთვის თამაშის ბედის გადაწყვეტას, შეხვედრის წარმართვას, მტკიცე ხასიათისა და შემართების გამოვლენას.

საფეხბურთო სამყარო ბევრი უმაღლესი კლასის მქონე ცეტრალური მცველით ვერ დაიკვეხნის. გთავაზობთ მსოფლიოში 5 საუკეთესო ცენტრალურ მცველს, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობენ საკუთარი გუნდების წარმატებაში.

კალიდუ კულიბალი

ყველა გულშემატკივარს სურს მის საყვარელ გუნდში ისეთი ფეხბურთელი იყოს, როგორიც "ნაპოლის" 29 წლის ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალია. ამ სიაში კალიდუს ბოლო ადგილზე ყოფნაც ბევრისთვის გასაკვირი იქნება, მაგრამ ზოგ კომპონენტში მას სხვა
მცველები აშკარად ჯაბნიან.

ექსპერტების აზრით, სენეგალელი მცველის ჩამოშორება ისეთივე "მარტივია", როგორც მაგისტრის ხარისხის დაცვა კვანტურ ფიზიკაში. ეს შეფასება ყველაფერს ამბობს ნეაპოლელთა მცველზე, რომელსაც მსურველთა რიგი უდგას, თუმცა ჯერ იტალია არ დაუტოვებია და მეტოქეთა დამწუხრებას სერია A-ში აგრძელებს.

მატიას დე ლიხტი

21 წლის ნიდერლანდელისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველის ტიტულის მიღება დროის საკითხია. მისი კარიერა შთამბეჭდავი გახლავთ: 19 წლის ასაკში უკვე ამსტერდამულ გრანდს კაპიტნობდა და "აიაქსთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატისა და თასის მოგება შეძლო.

დე ლიხტის კაპიტნობითა და საოცარი ფეხბურთის წყალობით ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდნენ, მაგრამ ლონდონურ "ტოტენჰემთან" ძალზე დასანანი მარცხი იწვნიეს. მატიასმა იტალიის სერია A "იუვენტუსთან" ერთად მისთვის სადებიუტო სეზონში მოიგო.

საფეხბურთო სამყარო თანხმდება,რომ დე ლიხტს ყველაფერი წინ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ასაკში უკვე დიდ წარმატებას მიაღწია.

რაფაელ ვარანი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის ბედის გადამწყვეტი დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ფრანგი ცენტრალური მცველი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაზე ფეხბურთის ყველა მოყვარული თუ ექსპერტი თანხმდება.

27 წლის ასაკში რაფაელ ვარანს მოგებული აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება საკლუბო დონეზე მოიგო. რაც მთავარია, მან საფრანგეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ვარანი ბოლო 7 წლის მანძილზე უცვლელად დგას "რეალის" დაცვაში და როცა ტრავმა არ აწუხებს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში გახლავთ.

სერხიო რამოსი

სიაში მყოფი სხვა მცველებისგან განსხვავებით, "სამეფო კლუბის" კაპიტანს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ესპანური ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა, სერხიო კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს.

ესპანური ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო ნაწილის შექმნაში კი რამოსმა უდიდესი წვლილი შეიტანა: ორჯერ მოგებული ევროპის ჩემპიონატი და რა თქმა უნდა, ესპანელთათვის სანუკვარი მსოფლიო ჩემპიონობა 2010 წელს.

მისი სტატისტიკა პოზიციიდან გამომდინარე ნამდვილად შთამბეჭდავია. რამოსს კარიერაში 690 მატჩი აქვს ჩატარებული და 91 გოლი გაიტანა.

ბევრი იწერებოდა მისი ჩინეთში გადასვლაზე, მაგრამ რამოსი "რეალში" დარჩა და "ბლანკოსთან" ერთად ლა ლიგის ჩემპიონობაც იზეიმა.


ვირჯილ ვან დეიკი

ნიდერლანდელის ტრანსფერს თავიდან ბევრი უარყოფითად აფასებდა, რადგან "ლივერპულმა" იმ დროისთვის მცველისთვის რეკორდული, 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გახლდათ.

ვირჯილმა მერსისაიდელების ბოლო წლების ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა. ლივერპულელებმა ბოლოს და ბოლოს მოიგეს ნანატრი პრემიერლიგა, რომელსაც 30 წელი ელოდნენ.

აღსანიშნავია ვირჯილის წვლილი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. მასთან ერთად "ლივერპულმა" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ისტორიაში მე-6-ედ მოიგო.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია 90min.com-ის მიხედვით