"გენტის" ჭირსა ვერვინ მოთვლის - იარემჩუკიც წასვლას აპირებს

AutoSharing Option
გასულ სეზონში "გენტმა" ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა, მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვეს, მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია აირია. მწვრთნელი იეს ტორუპი მოხსნეს, ერთ თვეში მის ნაცვლად დანიშნული ლასლო ბოლონიც გადააყენეს და გუნდი ვიმ დე დეკერს ჩააბარეს.

"ლილში" გადავიდა წამყვანი თავდამსხმელი ჯონათან დავიდი, რომელიც "გენტს" ძალიან დააკლდა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ვენის "რაპიდის" ბარიერი კი გადალახა, მაგრამ პლეი-ოფის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე კიევის "დინამოსთან" 1:2 წააგო. ძალიან უხეიროდ თამაშობს ბელგიის ჩემპიონატზეც - 7 ტურის შემდეგ 6 ქულით
მე-15 ადგილზეა.

"გენტი" დღეს უკრაინის დედაქალაქში საპასუხო შეხვედრის ჩასატარებლად გაემგზავრა და ფაქტობრივად, უშანსოდაა. დე დეკერმა ჩაკვეტაძე კი იახლა, თუმცა უცნობია, ტრავმის შემდეგ შეძლებს თუ არა თამაშს. დისკვალიფიცირებულია რომან ბეზუსი, ტრავმირებულები არიან სვენ კუმსი და ვადის ოჯიჯა.

და კიდევ: ასაბარგებლადაა გამზადებული ფორვარდი რომან იარემჩუკი. მან ტრავმის მორჩენის შემდეგ "დინამოსთან" თამაში დაიწყო, მაგრამ 22-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს. როგორც იტყობინებიან, ის კიევში არ გაემგზავრა და 5 ოქტომბრამდე, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდის გამოცვლა სურს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული