მოსკოვის "ლოკომოტივის" სათავეში მისვლისთანავე ახალმა ხელმძღვანელებმა - დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი მეშერიაკოვმა და გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ მწვრთნელ იური სიომინის და მისი ერთგული შეგირდის, საბა კვირკველიას გაშვება დაისახეს მიზნად და შეასრულეს კიდეც.
სიომინს კონტრაქტი არ გაუგრძელეს და მის ნაცვლად გუნდს სათავეში სერბი მარკო ნიკოლიჩი ჩაუყენეს. ნიკოლიჩმა მალე თავისთან თანამემამულე მცველი სლობოდან რაიკოვიჩი მიიყვანა, ხოლო კვირკველია იჯარით "როტორში" გაუშვეს.
თუმცა ნიკოლიჩმა ვერ გაამართლა იმედები, თან კლუბის ხელმძღვანელებს გულშემატკივრებიც აუმხედრდნენ. "ლოკომ" ჩემპიონთა ლიგაზე უხეიროდ იასპარეზა, უკანასკნელი ადგილი დაიკავა და ვერც რუსეთის პრემიერლიგაზე
ვარგობს - მერვე ადგილზეა.
შედეგად, მეშერიაკოვი და კიკნაძე გადააყენეს, ხოლო ნიკოლიჩი ჯერჯერობით დატოვეს.