"სამზარეულოში გავარდა და თავი ტორტში ჩარგო: "ფინალში ვართ!" - ალისონის ოჯახის ტრაგედია

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ლივერპულსა" და მის ფეხბურთელებს პრობლემები არ ტოვებენ - ოთხშაბათს, 2 დღის წინ, ალისონის მამა ჟოზე ბეიკერი გარდაიცვალა. ის მხოლოდ 57 წლის იყო.

უფროსი ბეიკერი მდინარეში დაიხრჩო, არც ისე შორს Rincão do Inferno-დან, რომელიც მდინარე კამაკუას ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია და ბრაზილიის ყველაზე სამხრეთ შტატ რიო გრანდი დუ სულში მდებარეობს, ურუგვაის საზღვრიდან რამდენიმე საათის სავალზე. საერთოდ, ბრაზილიის სამხრეთი, როგორც ურუგვაი, აგროტურიზმისთვის ბრწყინვალე ადგილია.

ჟოზე მდინარის მთიან მონაკვეთზე ცურავდა, სახლიდან არც ისე შორს. ბეიკერებს იქ მიწის ნაკვეთი და სამოსახლო აქვთ. ერთ
მომენტში კი ცოლის თვალთახედვის არიდან გაქრა. სხეული მალე ვერ იპოვეს: ჯერ ძებნა დაიწყეს, შემდეგ მეზობელი ქალაქი კასაპავა დუ სულიდან მაშველთა ბრიგადა გამოიძახეს. გარდაცვლილი მხოლოდ ღამით იპოვეს, დაკარგვიდან 6-7 საათის შემდეგ.

თანაგრძნობა ბრაზილიის რამდენიმე კლუბმა უკვე გამოხატა, მათ შორის, ბეიკერების ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესმა - "ინტერნასიონალმა".

"დიდი მწუხარებით მივიღეთ ჟოზე აგოსტინო ბეიკერის გარდაცვალების ამბავი, ჩვენი ყოფილი მეკარეების, ალისონისა და მურიელის მამისა. კლუბი ოჯახს ამ რთულ პერიოდში გამძლეობას უსურვებს." - წერია განცხადებაში.

დიახ, ალისონს ძმაც ჰყავს, რომელიც ასევე თამაშობს ფეხბურთს და ისიც მეკარეა. უფროსი ძმა მურიელი 34 წლისაა და ბოლო ორი წელია "ფლუმინენსეს" ღირსებას იცავს. ამ წელს ძმასა და მამასთან ერთად ვარჯიშობდა კიდეც.

სწორედ ჟოზე ბეიკერმა მოახდინა მთავარი გავლენა შვილების მომავალზე.

"მეკარეების ოჯახიდან მოვდივარ. მამაჩემი მუშების გუნდში თამაშობდა, დედა ხელბურთელი იყო, ბაბუა ბურთს მოყვარულთა დონეზე აგორებდა და მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა კარში ჩადგა, ეს მეც მომეწონა." - გაიხსენა ალისონმა.

ჟოზე ბეიკერის შესახებ საუკეთესოდ ალისონის ისტორია საუბრობს.

"1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა. მე 5 წლის ვიყავი, მურიელი - 10-ის. ბრაზილია-ჰოლანდიის ნახევარფინალს დეიდაჩემის სახლში ვუყურებდით. ფაქტობრივად, წვეულება იყო, ბევრი საჭმელი, დიდი ტორტი და ასეთები.

შეხვედრა 11-მეტრიანებამდე მივიდა. მამა და ბიძია ჭკუიდან გადავიდნენ. ემოციებს ვერ იმორჩილებდნენ, დაჯდომაც კი არ შეეძლოთ. როცა ტაფარელმა ბოლო პენალტი მოიგერია, მამა მისაღები ოთახიდან სამზარეულოში გავარდა და იცით, რა ქნა? თავი პირდაპირ ტორტში ჩარგო. მერე ისევ მისაღებში გამოიქცა, სახეზე ტორტით. ყვიროდა: "ჩვენ ფინალში ვართ, ფინალში ვართ!"

ბავშვობაში ამაზე სასაცილო არაფერი მინახავს. მამაჩემი გადარეული იყო, კარგი გაგებით."

14 წლის იყო ალისონი, როცა მშობლებს მისი ფეხბურთიდან გამოყვანა მოუხდათ - მურიელი "ინტერნასიონალის" აკადემიაში კარგად თამაშობდა, უმცროსი ძმის ვარჯიშებზე წასაყვანად კი ფული აღარ ჰყოფნიდათ. თუმცა დედ-მამა დანიელ პავანმა გადაარწმუნა, კლუბის აკადემიის მეკარეების მწვრთნელმა, რომელიც თავად ტაფარელთანაც მუშაობდა. ჟოზემ კი სამუშაო საათები გაზარდა - ეს ადვილი სათქმელია, ისედაც დღეში 10 საათს მუშაობდა, თუმცა ეს მაჩვენებელი 14-მდე აიყვანა. სწორედ ამის დამსახურებით გახდა ალისონი მეკარე, თან რა დონის!

მომზადებულია 90min-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბეიკერი არა, ბეკერი-გერმანელებით დასახლებული ადგილიდანაა ეს კაცი წარმოშობით
მ.მ
18:00 26-02-2021
1
აი ნამდვილი მამა! როგორ იშრომა შვილების წარმატებისთვის! ნათელში ამყოფოს ღმერთმა
მიგელ
14:40 26-02-2021
0

სიახლეები პოპულარული