რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში მოსკოვური დერბი გაიმართა, რომელშიც "ლოკომოტივმა" "სპარტაკს" 2:0 მოუგო და ფაქტობრივად, "ზენიტთან" საჩემპიონო ბრძოლას გამოთიშა.
თუმცა შეხვედრას სკანდალური გაგრძელება მოჰყვა. მატჩის შემდეგ "სპარტაკმა" მსაჯის მოქმედებები გააპროტესტა და სპეციალური სარჩელიც შეიტანა, ხოლო კლუბის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ "ლოკოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი სტანისლავ სუხინა თამაშის წინ მსაჯების ოთახიდან გამოდის.
სუხინა რუსეთის პრემიერლიგის ყოფილი მსაჯია, რომელიც ამჟამად რკინიგზელთა კლუბში მუშაობს. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, კლუბების წარმომადგენლებს თამაშის წინა დღეს, თამაშის დღესა და თამაშის მომდევნო მსაჯებთან ნებისმიერ სახის კონტაქტი ეკრძალებათ. თუ "ლოკომოტივს" თამაშის მანიპულაცია დაუმტკიცდა, "ჩაწყობაში" მონაწილე ყველა პირს 500 000 რუბლი ჯარიმა და ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთა ემუქრება, ხოლო გუნდს - ტექნიკური წაგება.
ორივე კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინის" უშუალო კონკურენტია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ბრძოლის პროცესში. მეორე ადგილზე მყოფი "სპარტაკი" თათრებს 4 ქულით უსწრებს, ხოლო მესამეზე მყოფი "ლოკომოტივი" კი - 3 ქულით. ამასთანავე, საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია "რკინიგზელთა" საკუთრებაა და არაა გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ მოსკოვში დაბრუნდეს.