კი ირწმუნება "რუბინის" ხელმძღვანელობა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დიდხანს გაჩერებას აპირებენ, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდებათ, მით უმეტეს თუ რომელიმე დასავლურმა კლუბმა კარგი თანხა შესთავაზა და როგორც ჩანს, თადარიგი აქედანვე დაიჭირეს და მის შემცვლელს უკვე ეძებენ.
თურქული Takvim-ი (კალენდარი) იტყობინება, რომ "ფენერბახჩეს" 27 წლის ბერძენი მარცხენა გარემარბით, დიმიტრიოს პელკასით ყაზანური კლუბი დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ კონკრეტული თანხაც შესთავაზა.
როგორც ირკვევა, "რუბინმა" პელკასში ადრე 7 მილიონი ევრო შესთავაზა, ახლა თანხა 10 მილიონამდე გაზარდა, სტამბოლური კლუბი კი 15 მილიონს ითხოვს და
მოლაპარაკებები სეზონის დასრულებისთანავე გაგრძელდება.
პელკასი "ფენერში" გასულ წელს სეტუბალის "ვიტორიადან" გადავიდა, იქამდე სამშობლოში "აპოლონსა" და პაოკ-ში თამაშობდა, საბერძნეთის ნაკრებში 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამ სეზონში თავის გუნდში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ვარაუდს ისიც აძლიერებს, რომ "რუბინი" არაა ფინანსურად იმდენად ძლიერი კლუბი, რომ კვარაცხელიას პოზიციაზე მისი კონკურენტის შესაძენად 10-15 მილიონი გადაიხადოს და ორივე გუნდში ჰყავდეს.