ნაკრებში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბენზემამ ტრავმა მიიღო და შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 ივნისს, საფრანგეთმა ბულგარეთს უმასპინძლა და დიდი უპირატესობით, 3:0 დაამარცხა. უცნაური გახლდათ დიდიე დეშამის (საფრანგეთის მწვრთნელის) გადაწყვეტილება, რომელმაც ჩათვალა, რომ ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს ძირითადი შემადენლობით უნდა ეთამაშა. ამ გადაწყვეტილებამ თავისი შედეგი გამოიღო და 41-ე წუთზე ნაკრებში ახლახან დაბრუნებულმა ქარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა დაზიანება და რამდენ ხანს მოუწევს "სამეფო კლუბისა" და აწ უკვე "მამლების" ერთ-ერთ ლიდერს დასვენება.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში ანტუან გრიზმანმა მატჩის 29-ე წუთზე გახსნა. ბენზემას ნაცვლად შემოსულმა ოლივიე ჟირუმ 83-ე და 90-ე წუთებზე 2 გოლის გატანა მოახერხა, რითაც საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდს კიდევ 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. შეგახსენებთ, 51 გოლით ფრანგების ბომბარდი ტიერი ანრი გახლავთ, ჟირუს ანგარიშზე კი უკვე 46 გოლია.
საფრანგეთის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატში 15 ივნისს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრით ჩაერთვება.