ეს ორი დიდი გუნდის დიდი თამაში იყო, დაძაბული, მომენტებითა და გოლებით დახუნძლული და თვალსასეირო.
პირველ ტაიმში, სამწუთიან მონაკვეთში. ბელგიელებმა ორჯერ დალაშქრეს უგო ლორისის კარი - ჯერ იანიკ კარასკომ, შემდეგ კი რომელუ ლუკაკუმ, რომელმაც ფრანგების წინააღმდეგ მეექვსედ ითამაშა და პირველად გაუტანა. თითქოს ამით ყველაფერი გადაწყდა. მხოლოდ თითქოს.
მეორე ტაიმში დიდიე დეშამის გუნდი ინიციატივას დაეუფლა, შეუტია და ანგარიშიც გაათანაბრა: 62-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ კილიან მბაპეს პასით გაიტანა, ხოლო 69-ეზე ანტუან გრიზმანის მოპოვებული პენალტი კილიან მბაპემ გამოიყენა (მან ეროვნულ გუნდში 50-ე მატჩი ჩაატარა). 87-ე წუთზე ლუკაკუს გოლი თამაშგარეს გამო გააუქმეს, მერე პოგბამ საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა, 90-ე წუთზე კი თეო ერნანდესმა ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლით გამარჯვება საფრანგეთს მოუპოვა.
10 ოქტომბერს მილანში, ფინალში, ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი შეხვდებიან, ხოლო მესამე ადგილისთვის ტურინში - იტალია და ბელგია.
ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
ბელგია - საფრანგეთი 2:3
გოლები: 1:0 კარასკო (37), 2:0 ლუკაკუ (40), 2:1 ბენზემა (62), 2:2 მბაპე (69, პენ), 2:3 თეო ერნანდესი (90)
- საფრანგეთის ნაკრებში სასტარტოში 89 წლის შემდეგ პირველად იყვნენ ძმები - თეო და ლუკა ერნანდესები. 1932 წელს ძირითადში ჟან და ლუსიენ ლორენები იყვნენ.
- ბენზემამ ყველა ტურნირზე ბოლო 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.