უხვგოლიანი და დაძაბული შეხვედრები - 24 ოქტომბრის გამორჩეული მატჩები [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 24 ოქტომბერს, ევროპის შიდა ჩემპიონატებში სანახაობრივი შეხვედრები გაიმართა.

ლა ლიგის მე-10 ტურში მადრიდის "ატლეტიკომ" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

სტუმრები დებიუტშივე, მე-7 წუთზე დაწინაურდნენ. თავი ალექსანდერ სორლოტმა გამოიჩინა. ალექსანდერ ისაკმა 48-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. შემდეგ "როხიბლანკოს" ფეხბურთელები გააქტიურდნენ. 61-ე წუთზე ლუის სუარესმა 1 გოლი გაქვითა, 77-ე წუთზე კი პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

10 ტურის შემდეგ ბასკები 21 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, "სელტა ვიგოსთან" გამართავენ.

მადრიდელები 18 ქულით მე-4 ადგილს
იკავებენ და იმავე 28 ოქტომბერს "ლევანტეს" ესტუმრებიან.


ლა ლიგის მე-10 ტურში "სევილიამ" "ლევანტეს" უმასპინძლა და 5:3 დაამარცხა.

მასპინძლების რიგებიდან პირველ ტაიმში გოლები ოლივერ ტორესმა (8), რაფა მირმა (24) და დიეგო კარლოსმა (38) გაიტანეს. სტუმართა მხრიდან ლუის მორაესმა (33) ერთი გოლი გაქვითა.

მეორე ნახევარში მუნირ ელ ჰადადისა (50) და ფერნანდოს (64) გოლებს იმავე ლუის მორაესმა (55) და გონსალო მელერომ (61) უპასუხეს.

ამრიგად, "სევილია" 20 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს "მალიორკასთან" გამართავს.

"ლევანტე" 5 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება, ლა ლიგის მე-11 ტურში, კერძოდ, 28 ოქტომბერს კი, მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში მილანის "ინტერმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ნერაძურიმ" ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. ჰაკან ჩალჰანოღლუს დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ედინ ჯეკომ გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

"ბებერმა ქალბატონმა" წონასწორობა 89-ე წუთზე პაულო დიბალას ზუსტი პენალტის წყალობით აღადგინა.

ამრიგად, 9 ტურის თავზე "ლურჯები" 18 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 27 ოქტომბერს, "ემპოლის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბიანკონერი" 15 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, იმავე 27 ოქტომბერს კი "სასუოლოს" უმასპინძლებს.

ერედივიზიონის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა ამსტერდამში, "აიაქსსა" და ეინდჰოვენის პსვ-ს შორის გაიმართა. მატჩს დიდი აფიშა ჰქონდა, თუმცა ერიკ ტენ ჰააგის შეგირდებმა უშუალო კონკურეტს 5:0 გადაურბინეს...

მასპინძლები პირველ ტაიმში მე-19 წუთზე სტივენ ბერგუისის გოლის წყალობით დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარში კი მოწინააღმდეგის კარი 4-ჯერ აიღეს. გოლები სებასტიან ჰალერიმ (56), ენტონიმ (66), დევი კლაასენმა (76) და დუსან ტადიჩმა (90+2) გაიტანეს.

ამრიგად, ამსტერდამელები 10 ტურის შემდეგ 25 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართავენ.

პსვ 21 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, მე-11 ტურში კი, იმავე 30 ოქტომბერს, "ტვენტეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული