კარლო ანჩელოტის საბედისწერო შეცდომა, რომელმაც "არსენალს" ოქროს ისტორია აჩუქა [VIDEO]

AutoSharing Option
" არ მეგონა, რომ ანრის შუაში თამაში შეეძლო. მას არასოდეს უთქვამს, რომ ეს გამოსდიოდა", - ვკითხულობთ ფილიპ ოკლერის წიგნში "მარტოხელა მწვერვალზე".

"ტიერი ანრი, ალბათ, ყველაზე ნიჭიერი დაჯილდოებული ფეხბურთელია, ვისაც ეს მშვენიერი თამაში უთამაშია" - ზინედინ ზიდანი.

პრემიერლიგის დიდების დარბაზის პირველი წევრის, ანრის გზა არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. იგი იტალიაში ისეთმა მწვრთნელებმა დაიწუნეს, როგორებიც არიან: კარლო ანჩელოტი და მარჩელო ლიპი.

ტიერი 1977 წელს პარიზის გარეუბანში, კერძოდ, ლეს ულისში დაიბადა. იგი პატარაობიდანვე მთელ დროს ფეხბურთის თამაშში ატარებდა. ადგილობრივ
გუნდს 13 წლის ასაკში შეუერთდა. პატარა ფრანგი ბიჭუნას ნიჭი უყურადღებოდ არავის დარჩენია. ამიტომ დაუყოვნებლივ გადაიყვანეს 15-წლამდელთა გუნდში.

Sportall.Ge

"კლერფონტენის" აკადემიაში ყოფნისას "მონაკოში" პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. სწორედ ამ პერიოდში იწყება დიდი სიყვარულის ისტორია, მამაშვილური სიყვარულის, როგორც თავად ტიერი ანრი უწოდებდა არსენ ვენგერს. ალბათ, 1994 წელს ვერავინ იფიქრებდა, თუ რის შექმნას შეძლებდა ერთად 2 ფრანგი გენიოსი. როდესაც სიტყვა " მოსწავლე და მასწავლებელს" ვკითხულობ ან ვიგებ, პირველ რიგში, ყოველთვის ეს ორი ადამიანი მახსენდება. მათი საბოლოო განშორება არ იყო იდეალური, თუმცა დაბრუნება ისტორიული და ამაღელვებელი გამოდგა. "ემირეითს სთეიდიუმზე" მისი "ლიდსთან" გატანილი გოლი, ალბათ მაყურებელს ჟრუანტელს ჰგვრის, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

ტიერი ანრის მშობლებს მის მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ. მამა ანტუან ანრი ფიქრობდა, რომ იგი აუცილებლად ფეხბურთს უნდა გაჰყოლოდა, დედა კი მიიჩნევდა, რომ "ტიტის" უნდა ესწავლა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ფეხბურთელმა არცერთ მშობელს დაწყვიტა გული და სკოლაც წარმატებით დაამთავრა, საფეხბურთო კარიერა კი - შთამბეჭდავად.

1996 წელს ფრანგმა გარემარბმა არსენ ვენგერის მწვრთნელობის პერიოდში ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიგო. მისი პირველი სანაკრებო დებიუტი 18-წლამდელთა გუნდში შედგა, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 7 გოლი გაიტანა. 1998 წელი კი მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მან თავისსავე ქვეყანაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო.

Sportall.Ge

სანაკრებო დონეზე ყველაზე პრესტიჟული ტრიუმფიდან 1 წლის შემდეგ დადგა ახალი გამოწვევის დროც, 10.5 მილიონის სანაცვლოდ ტიერი ანრი "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა. ტურინელთა რიგებში საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწია, ხშირ შემთხვევაში არ ყოფილა პირველი არჩევანი და რაც მთავარია, ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო მისი ყველაზე ძლიერი თვისების, გოლეადორობის ნიჭის დანახვა. ფსიქოლოგიურად წნეხი გაიზარდა მას შემდეგ, რაც იგი მარჩელო ლიპიმ კალათბურთელს შეადარა და არა ფეხბურთელს. ამ პერიოდში მის მენტალურ მდგომარეობას სერიოზული ზიანი მიადგა. ერთ-ერთი თამაშის შემდეგ სპორტსმენის ძველი მწვრთნელი არსენ ვენგერი "ტიტის" მოედანზევე გაესაუბრა, სადაც "არსენალში" გადასვლა შესთავაზა. გადამწყვეტი აღმოჩნდა სიტყვები: "მე შენ ფორვარდად გათამაშებ". 16 თამაშში 3 გატანილი ბურთი - ასეთი სტატისტიკით დაემშვიდობა "მეთოფეთა" მომავალი ლეგენდა ტურინულ გრანდს და 11 მილიონის სანაცვლოდ ლონდონურ გუნდს შეუერთდა.

Sportall.Ge

"ის იყო ფანტასტიკური და ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - ჯონ ტერი.

"არსენალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც ჯამში "მეთოფეთა" რიგებში 228 გოლის გატანა შეძლო, უამრავი ახალგაზრდის, მათ შორის, ჩემი კუმირიც გახდა. იგი აუღელვებლად ესხმოდა თავს მეტოქეთა გუნდის მცველებს და ასევე აუღელვებლად ამთავრებდა მომენტს. მისი სირბილის მანერა და ბურთთან მოქმედება დღემდე უამრავ ადამიანში ნოსტალგიას იწვევს, რადგან დღევანდელ ფეხბურთში ასეთი მოთამაშის პოვნა თითქმის შეუძლებელია. "არსენალში" 2 პრემიერლიგა და 2 FA თასი მოიგო. ცალკე აღნიშვნის ღირსია ოქროს პრემიერლიგა, ანუ წაუგებლად მოგებული ჩემპიონატი, რომლის გამეორებაც დღემდე ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. ამასთან ერთად, ვახსენოთ პრემიერლიგის "ოქროს ბუციც", რომელიც ფრანგმა ვირტუოზმა 4-ჯერ მოიგო.

მისი დონის ფეხბურთელს აუცილებლად სჭირდებოდა ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც, რაც "არსენალში" იმ დროს შეუძლებლად მოჩანდა, რადგან გუნდი ახალი სტადიონის აშენების გამო ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და ფსონი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთდა. შესაბამისად, "ლონდონის მეფე" 2007 წელს 24 მილიონის სანაცვლოდ "ბარსელონაში" აღმოჩნდა.

Sportall.Ge

"ჩვენ ის ბევრად ადრე უნდა შეგვეძინა" - განაცხადა ჟოან ლაპორტამ.

ლა ლიგის პირველ სეზონში ანრიმ 12 გოლის გატანა მოახერხა, შემდგომ კი თამაში პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ განაგრძო. მართალია, ვერ შეძლო ისეთი ფეხბურთის თამაში, როგორც ინგლისში, თუმცა 2009 წელს "ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტის შემდეგ, 2011 წელს უკვე ლეგენდად წოდებული ტიერი ანრი ამერიკისკენ გაემართა და მლს-ის მოქმედ ჩემპიონ "ნიუ-იორკ რედ ბულსში" გადავიდა.

სტილს არც აქ უღალატა. ალბათ, ყველას გვახსოვს მისი გატანილი გოლი კუთხურიდან "ქოლუმბუს ქრიუს" წინააღმდეგ. 5 გატარებული სეზონი "ოცნების ქალაქში" და იმდენივე რაოდენობის გოლი (51), რამდენიც ნაკრებში.

მისი ამერიკული ვოიაჟი ალბათ იქნებოდა ისეთი ჩვეულებრივი, როგორც ლეგენდების უმრავლესობის, თუმცა 2012 წელს მეფე ლონდონში ბრუნდება, შემოსვლიდან 12 წუთში, 12-ნომრიანი მაისურით, "ლიდსის" წინააღმდეგ გამართულ მე-12 შეხვედრაში, ანრის საკუთარი გუნდი წინ გაჰყავს, სტადიონი მომენტალურად ფეთქდება. მეფე მაგიურად დაბრუნდა. გატანილი გოლის შემდეგ ფრანგმა არსენ ვენგერთან მიირბინა და ჩაეხუტა. სავარაუდოდ, ეს იყო მიღებული შანსისთვის გამოხატული მადლიერება. დიდი ალბათობით, "მეთოფეების" ქომაგს ეს კადრები თვალებიდან არასდროს ამოუვა, როგორც საკუთარი გუნდის ოქროს წლების წარმომადგენლების ერთ-ერთი ბოლო ჩახუტება.


დღეს იგი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. მოვა დრო და ის აუცილებლად გახდება "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, მეფე სამფლობელოში კიდევ ერთხელ დაბრუნდება...

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა


მკითხველის კომენტარები / 10 /
საოცარი ადამიანი, ნამდვილი ჯენტლმენი და შეუცდომელი პიროვნება მოედანზე. ალბათ რთულია ამ სიტყვების გაგება სხვებისთვის, მაგრამ ანრი იყო ის, ვინც ჩემი არც ისე ადვილი ბავშვობა სასწაულად გადააქცია, მადლობა ტიტი!!!
უვიცი
00:01 16-08-2022
0
მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო. იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ და ყველაზე დიდი ნერვიულობა არსენალის წინააღმდეგ თამაშებზე მიწევდა. (ჩემდა სამწუხაროდ ბევრჯერ გაუმწარებია ანრის იუნატედი)
maroko
15:21 23-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული