ფეხბურთელები, რომლებმაც დიდების ნაცვლად კეთილდღეობა აირჩიეს (ნაწილი 1)

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც შესაძლოა დაგვავიწყდა, თუმცა ერთ დროს გამორჩეულ ტალანტებად ითვლებოდნენ. ლაპარაკია უკვე შემდგარ ვარსკვლავებზეც.

ასეთი ფეხბურთელების წარუმატებლობის მიზეზი სხვადასხვაა. ტრავმიანობაზე პირველი ალბათ ვან ბასტენი გაგვახსენდება, რომელმაც დაწყევლილი კოჭის გამო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა, არადა, რა შედეგიანობით თამაშობდა?! 281 გამართულ შეხვედრაში 219 გოლი... დისციპლინის პრობლემა და ყველასთვის საყვარელი რონალდინიო, რომელმაც უმაღლეს დონეზე რამდენიმე წელი ითამაშა, თუმცა, როგორ ითამაშა, ეგ სხვა საკითხია. რამდენი შეეძლო, ვერ ვიტყვით, რადგან მისი ნიჭი ადამიანურ საზღვრებს სცდებოდა და ბოლოს, მესამე კატეგორიის სპორტსმენები,
რომლებმაც კარიერა არასწორად დაგეგმეს.

დღეს სწორედ ისეთ ფეხბურთელებს განვიხილავთ, რომლებმაც ვარსკვლავურ სტატუსს ქონების მოხვეჭა და ტკბილი სიბერე არჩიეს.

Sportall.Ge

ოსკარი

თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი ოსკარი ლონდონის "ჩელსიმ" 61 მილიონის სანაცვლოდ ბრაზილიური "ნასიონალიდან" შეიძინა. გამთამაშებელი, რომელიც ყველა ბრაზილიელის მსგავსად, ტექნიკითა და სისწრაფით გამოირჩეოდა, ჰქონდა დიდებული პასისა და მომენტების დიდოსტატურად დასრულების უნარი, მალევე იქცა "არისტოკრატთა" გულშემატკივრის ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ.

მისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ გატანილი გოლის ნახვა ერთი სიამოვნებაა. ოსკარმა ხუან მატასთან და ედენ აზართან ერთად ბრწყინვალე ტრიო შექმნა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ იგი აუცილებლად იქცეოდა პრემიერლიგის გამორჩეულ ვარსკვლავად, შემდეგი წლები განაგრძობდა სტაბილურად თამაშს... იმედი იყო... რეალობა სხვა აღმოჩნდა...

მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა და ინგლისის ჩემპიონატში 3 გატარებული სეზონის შემდეგ ოსკარმა გეზი არა ესპანური გრანდებისკენ აიღო, არამედ ჩინეთის ჩემპიონატში, "შანხაი სიპგში" წავიდა... სამხრეთამერიკელმა ამ გადაწყვეტილებით სტატუსთან ერთად მისი კუთვნილი ადგილიც დაკარგა ბრაზილიის ნაკრებში.

"არ მანაღვლებს, ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე. არ მინდა ღარიბი ვიყო და სიბერეში მხოლოდ იმ მოგონებებით ვიცხოვრო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე".

მიუხედავად ამ განცხადებისა, 30 წლის ფეხბურთელი უკვე მეორე წელია აქტიურად ცდილობს ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას და მისთვის სასურველი გუნდის ძებნას განაგრძობს, თუმცა ერთ დროს ყველასთვის სასურველი სპორტსმენი დღეს წამყვანი ლიგების საშუალო დონის გუნდებშიც ვეღარ მოდის... არადა, რამდენი შეეძლო...

Sportall.Ge

ჰალკი

ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, რომ თანამედროვე ფეხბურთი უფრო მეტად ფიზიკურ მომზადებაზეა გადართული, რასაც კარგად გამართული ტაქტიკური სქემა სჭირდება... მაგალითად, "ჩოლოს" "ატლეტიკოსა" და ტენ ჰაგის თაოსნობით მოთამაშე "აიაქსს" შორის რადიკალურად განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია სუფევდა, "როხიბლანკო" პრაგმატულად მოთამაშე გუნდის ზეიმი იყო, ამსტერდამელები კი მოედანზე ხატავდნენ... მაგრამ სათქმელია, რომ ბოლო წლებში ესპანელებმა უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს, ვიდრე ნიდერლანდელებმა... მაგრამ მინდორზე ასევე შევხვდებით ფეხბურთელებს, რომლებიც ფიზიკურ მზადყოფნასთან ერთად მოედანზე ლამაზ სანახაობას გვთავაზობენ.

ერთ დროს ევროპული გრანდები ჰალკზე ნადირობდნენ, დღეს კი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობს. "პორტუში" ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ წინსვლის დრო დადგა, განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი, ესპანეთი... ინგლისი... ან თუნდაც გერმანია... მაგრამ ბრაზილიელმა გეზი რუსეთისკენ აიღო. 2012 წელს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ბრაზილიელი ფეხბურთელი სარეკორდო, 60 მილიონ ევროდ შეიძინა.

რა თქმა უნდა, გასაკვირია, როგორ შეინარჩუნა საკუთარ ნაკრებში ადგილი, თანაც ყველა დიდ ფორუმზე მის ღირსებას იცავდა, ხშირად ძირითად შემადგენლობაშიც ხვდებოდა. თამაშობდა რუსეთის ჩემპიონატში, ორჯერ ზედიზედ წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა, იტანდა ლამაზ გოლებს, თავის სტილში ყუმბარისებურ დარტყმებსაც გვთავაზობდა... და აი, გაჩნდა კიდევ ერთი შანსი, რუსეთიდან წამყვან ლიგაში დაბრუნებულიყო... და რას აკეთებს ჰალკი? ჩინეთში მიდის, ზუსტად იქ, სადაც მისი თანამემამულე ოსკარი წავიდა, "შანხაი სიპგში". მოიხვეჭა დიდძალი ქონება, გაეხვა დრამებში, ისეთებში, როგორიც მის მშობლიურ ბრაზილიელებს შეეფერებათ, თუმცა გაიხსენებენ რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც ძლიერ ფეხბურთელს? სიმართლე გითხრათ, არა მგონია...

Sportall.Ge

პაულინიო

არ გეგონოთ, სიაში სპეციალურად ბრაზილიელები შეგვყავს. უბრალოდ, მათი ცხოვრება უკიდურესი სიდუხჭირიდან რამდენიმე ათეულ მილიონამდე ეკლიან გზაზე გადის. უმეტესობა მათგანის ბავშვობა ფაველაში, მძიმე პირობებში მიდიოდა, შემდეგ კი დიდი ფეხბურთის ნაცვლად ორმაგი ანაზღაურების მიღება ურჩევნიათ... ალბათ, მიზეზიც ესაა...

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პაულინიო 2013 წელს "კორინთიანსიდან" ლონდონის "ტოტენჰემს" შეუერთდა. შეეძლო ისე, როგორც ტიპური ნახევარმცველი უნდა თამაშობდეს, ბურთს კარგად ფლობდა, მშვენიერი გრძელი გადაცემები და ლიდერული თვისებები... თუმცა პრემიერლიგურ სიხისტესთან შეგუება მარტივი არაა. ამიტომაც "ნისლიან ალბიონზე" დიდი ვერაფერი შემოგვთავაზა, იკამათა იმდროინდელ მთავარ მწვრთნელთან, მაურისიო პოჩეტინოსთან, 25 წლის ასაკში კი გაემართა ჩინეთისკენ. 2 წელი ითამაშა... რთული დასაჯერებელია, რომ "ტოტენჰემის" ბრაზილიელ ლეგიონერს სხვა შემოთავაზება არ ჰქონია. აზიური ფეხბურთი ევროპისგან რადიკალურად განსხვავდება. ამიტომაც პაულინიო ზედმეტად მარტივად თამაშობდა...

2017 წელს კარიერის გადარჩენის ხელმეორე შანსი გაჩნდა, "სელესაოელმა" შემოთავაზება "ბარსელონასგან" მიიღო, დათანხმდა და კატალონიისკენ გამოეშურა. ითამაშა, იბრძოლა, 9 გოლი გაიტანა, თუმცა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა კმაყოფილი არ დარჩა და გუნდიდან უკან, ჩინეთში გაუშვა. დღეს სამუშაო ლოკაცია შეიცვალა და ამჯერად უფრო მეტად პერსპექტიულ არაბეთის ლიგაში "ალ აჰლის" ღირსებას იცავს... კარიერის ბოლო ეტაპზე დიდ თანხას გამოიმუშავებს, მაგრამ სანახაობა იქ არ არსებობს...

Sportall.Ge

სტეფან ელ შაარავი

წლევანდელი "მილანისგან" განსხვავებით, 2012/13 წლებში "როსონერის" ძალიან უჭირდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა სტეფან ელ შაარავი, რომელიც გულშემატკივართა თვალში უმალ მოხვდა და მათი გულიც დაიპყრო. სისწრაფე, ტექნიკა, ძლიერი დარტყმა და საფეხბურთო "სითავხედე" "როსონერის" გულშემატკივარს იმედს აძლევდა, რომ მწვერვალისკენ დასაბრუნებელ გზაზე ახალი ლიდერი გამოჩნდა, თუმცა... ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. ობიექტურობა რომ არ დავკარგოთ, უნდა ვახსენოთ ტრავმები. ამ ყველაფერთან ერთად სტეფანი "მილანის" სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა, რის გამოც იტალიელების ხელმძღვანელობამ მისი განათხოვრება "მონაკოში" გადაწყვიტა, სადაც ნაკლები დაზიანების შემთხვევაში ფორმაში შევიდოდა და გუნდს ოპტიმალურ ფორმაში მყოფი დაუბრუნდებოდა...

Sportall.Ge

დაუმთავრებელი უიღბლობების შემდეგ საფეხბურთო ფორტუნა ელ შაარავის მხარეს დაბრუნდა და "სკუადრა აძურას" ერთ-ერთმა წევრმა ფორმა "რომაში" აღიდგინა, რის გამოც დედაქალაქურმა გუნდმა ფეხბურთელი გამოისყიდა. ითამაშა 3 წელი, ნორმალურადაც, ჩაატარა 93 შეხვედრა და გაიტანა 26 გოლი, 2019 წელს კი გეზი ჩინეთის სუპერლიგისკენ, კერძოდ, შანხაის "შენხუასკენ" აიღო. მიუხედავად ტრანსფერისა და კარგი ანაზღაურებისა, სპორტსმენს აზიაში თამაში მობეზრდა. რატომ? იქ არაა ის დონე, რაც მისი ნიჭის მქონე ფეხბურთელებს გააჩერებს...

ჩამოთვლილი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, 2021 წელს შემტევი რომში კიდევ ერთხელ დაბრუნდა, მაგრამ ახლა ისეთი შედეგიანობით ვეღარ თამაშობს, არც სასტარტო შემადგენლობის წევრი აღარაა და დიდი ალბათობით, ჟოზე მოურინიოც დაემშვიდობება... მიუხედავად ტრავმებისა, თუ "რომაში" უკეთესად ათამაშდა, რატომ წავიდა ჩინეთში? უმჯობესი არ იქნებოდა ეთამაშა უმაღლესი ევროპული დონის ლიგაში, სადაც შეძლებდა საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ, საჯარო ასპარეზზე დაემტკიცებინა? გაურკვეველია და მართლაც რომ უცნაურია...

Sportall.Ge

იანიკ ფერეირა კარასკო

ბელგიის ნაკრების გარემარბი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ ითვლება, მისი შესაძლებლობები სხვადასხვაა: დრიბლინგი, ლამაზი გოლები, სისწრაფე... სწორედ ამ მიზეზებით შეიძინა კარასკო "ატლეტიკომ"... მის სანაცვლოდ კი "მონაკომ" 20 მილიონი ევრო მიიღო.

მისი სტილის ფეხბურთელებისთვის ლა ლიგა რთული ნამდვილად არაა. სისწრაფის ხარჯზე გოლები-გოლებზე გაქონდა, "ჩოლოსთან" ერთად დაცვის თამაშიც ისწავლა და შეძლო სრულიად მარცხენა ფრთის კონტროლი...

ალბათ ყველას გვახსოვს 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც მიუხედავად მარცხისა, ბელგიელმა "რეალის" მცველები გააწამა, თავისი სტილის შოუც შემოგვთავაზა და გოლიც გაიტანა... მაგრამ მისი გუნდი "ბლანკოსთან" დამარცხდა.


ამ შეხვედრის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა, თუმცა ბელგიელმა არასწორი ნაბიჯი გადადგა და ჩინეთში, კერძოდ, "დალიან იფანში" გადავიდა. "როხიბლანკომ" მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მიიღო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აზიურ ფეხბურთშიც ბრწყინავდა, 50 შეხვედრა ჩაატარა და თავიც 24 გოლით გამოიჩინა, რის შემდეგაც "ატლეტიკომ" მისი დაბრუნება მოინდომა, 2-წლიანი პაუზის შემდეგ ჩინური მხარე იჯარას დამატებული გამოსყიდვის უფლებაზე დაითანხმა და საბოლოოდ ბელგიელი ესპანეთს დაუბრუნდა. 2020 წლის შემდეგ კარასკომ "როხიბლანკოს" შემადგენლობაში 64 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ვინ იცის, რომ არა ჩინეთი და მის მაგივრად პრემიერლიგის მაღალი ეშელონის გუნდი, სად იქნებოდა დღეს... მისი მსგავსი ტექნიკა, სისწრაფე ბევრს არ აქვს...


Sportall.Ge

ხამეს როდრიგესი

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ ხამესი "რეალში" გადავიდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშვენივრად თამაშობდა, თუმცა შემდეგ წარუმატებელი პერიოდი დაიწყო... მიუხედავად ნაკლებად შედეგიანი თამაშებისა, რამდენიმე ევროპული გუნდი კოლუმბიელით მაინც ინტერესდებოდა... მაგალითად, "ევერტონი" ან "ატლეტიკო", ორივეზე ცალ-ცალკე გეტყვით.

კარლო ანჩელოტიმ "ევერტონის" ჩაბარების შემდეგ სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი თავისთან მიიწვია. დასაწყისიც მშვენიერი გამოვიდა, "ბრაიტონთან" 2 გოლი გაიტანა, ერთი ასისტიც მიითვალა. გაჩნდა იმედები, ყველას ძველი ხამესი გაახსენდა. სეზონიც კარგად დასრულდა. ყველას ეგონა, "კანფეტებს" იქით მაღალი ეშელონის გუნდები თუ იქნებოდნენ, თუმცა ტრავმამ ისევ თავი იჩინა და მისი ინგლისური ვოიაჟიც აქ დასრულდა. თითქოსდა არასახარბიელო პოზიციაზე მყოფ როდრიგესს შანსი მადრიდის "ატლეტიკომ" მისცა, მაგრამ სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, "როხი ბლანკო" უარით გაისტუმრა და არაბული "ალ რაიანისკენ" გაეშურა, რის გამოც საკუთარი ქვეყნის გაღიზიანება გამოიწვია. რა თქმა უნდა, დაკარგა ადგილი კოლუმბიის ნაკრებშიც...


რომ არა არასწორად დაგეგმილი კარიერა, ვინ იცის, ხამესი რამდენს მიაღწევდა. მისი პოტენციალი 2014 წლის მუნდიალზე გამოჩნდა, რომლის დროსაც ვარსკვლავურ კოლუმბიასთან ერთად ჩინებული გოლები შემოგვთავაზა.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ნამიოკია ხოო ? ქინქლაძეზე ჩაკვეტაძეზე და სხვებზეე PP
zura222
20:34 24-05-2022
0
რაც გამახსენდა უცებ ორ ფეხბურთელს ვაფასებ სხვებზე მეტად, როგორც ფეხბურთელს და როგორც ზოგადად პიროვნებას და ადამიანს, ეს არის პირველი ზინედინ ზიდანი, რომელიც "დასტოინად" წავიდა ფეხბურთიდან და მწვრთნელიც უდიდესია და მეორე ეს არის კარიმ ბენზემა, მთელი კარიერის მანძილზე არც ერთხელ არ ჰქონია იმის მცდელობა რომ კლუბი დაეშანტაჟებინა უფრო მეტი ხელფასის მოთხოვნით და სხვა კლუბში გადასვლით, არა და მსურველები დღესაც ბევრი ჰყავს, ტიპმა 3 წლიანი კონტრაქტი არ გააფორმა იქნებ მესამე წელს ვერ ვიყო სათანადო დონეზეო და კლუბს ზედმეტ ტვირთად რატომ უნდა დავაწვეო, არა და ლეგენდები არიან რონალდუ, რამოსი, ლევანდოვსკი, სალაჰი, მბაპე და კიდევ რავიცი რამდენი სხვა რომლებიც სპორტსმენი კი არა ვაჭრები გეგონებათ, გასაგებია რომ დიდ თანხებზეა ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი
მამუკა
17:36 24-05-2022
6

სიახლეები პოპულარული