მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ევროპული ფეხბურთი გრძელდება, მოთამაშეები ნელ-ნელა სასურველ ფორმაში შედიან და მატჩებიც უფრო სანახაობრივი ხდება, ტრადიციულად წარმოგიდგენთ შაბათისა და კვირის მატჩებს, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

20 აგვისტო - შაბათი

"დორტმუნდი" - "ვერდერი" (17:30)

ბუნდესლიგის მე-3 ტურში ერთმანეთს "დორტმუნდი" და "ვერდერი" დაუპირისპირდებიან, "ყვითლებმა" კარგად დაიწყეს და 6 ქულით ჩემპიონატის მე-2 ადგილზე იმყოფებიან, ბრემენელებმა კი ორი ფრე ითამაშეს და პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან, გუნდებს შორის დაპირისპირებები ყოველთვის სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდის, გამონაკლისს არც ამჯერად უნდა ველოდოთ, "დორტმუნდი" ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების დამატებას განაგრძობს, ერლინგ
ჰოლანდის წასვლის შემდეგ, ედინ ტერციჩის გუნდმა "ზალცბურგიდან" კარიმ ადეიემი დაიმატა, 20 წლის ფორვარდმა პრესეზონზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გულშემატკივრები მისგან გამორჩეულ სეზონს ელოდებიან, ადეიმიც და ნიკლას ზულეც დღევანდელი თამაშისთვის მზად არიან და სავარაუდოდ, ორივე ახალწვეული ძირითადში დაიწყებს. მოსალოდნელია, რომ "სიგნალ იდუნა პარკზე" ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოლებს.

"ვესტ ბრომვიჩი" - "ჰალ სიტი" (18:00)

შოთა არველაძის "ჰალი" ჩემპიონშიპში დამაჯერებლად ასპარეზობას განაგრძობს, ქართველის გუნდი ჩემპიონატის მეორე ადგილზეა და ჯერ მარცხი არ აქვს, 2 მოგება და 2 ფრე, "ვეფხვების" მეტოქე ამჯერად "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" იქნება, რომელიც 3 ფრითა და ერთი მარცხით 22-ე ადგილს იკავებს. არველაძის გუნდში პრობლემებია, ტრავმების გამო გუნდს 6 მოთამაშე დააკლდება, საეჭვოა კლუბის მთავარი შენაძენი ჟან მიშელ სერის თამაშიც, კოტ დ'ივუარელი ახალ გუნდში კარგად ჩაეწერა და გოლის გატანაც მოასწრო. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან 5-ივე "ვესტ ბრომვიჩის" გამარჯვებით დასრულდა, იმედი ვიქონიოთ, რომ უსიამოვნო სერია ხვალ "ჰაუტორნსის" სტადიონზე შეწყდება.

"ლავალი" - "მეცი" (21:00)

გიორგი მიქაუტაძე ფრანგი გულშემატკივრების გაოცებასა და საკუთარი გუნდისთვის ქულების მოტანას განაგრძობს. ლიგა 2-ში გიორგის ანგარიშზე 3 მატჩში 2 გოლი და 1 შედეგიანი პასია. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ამჯერად "ლავალის" კარის აღებას შეეცდება. ორივე გუნდს მოგება-წაგების იდენტური მაჩვენებელი აქვს, 2 მოგება და 1 მარცხი. "მეცი" მე-5 ადგილზე, "ლავალი" კი მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის არაერთი ევროპული გუნდი აკვირდება, ამიტომ მის თამაშებს დიდი ინტერესით ველით, კლუბებს შორის უკანასკნელი შეხვედრა 2016 წელს შედგა და "მეცის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა. სტუმართა მთავარი მწვრთნელი რუმინელი ლაშლო ბოლონია, მას ისეთ გუნდებში უმუშავია როგორებიც: "სპორტინგი", "რენი", "მონაკო", "გენტი" და "პანათინაიკოსია", საინტერესოა, რომ ბოლონი უკანასკნელად საფრანგეთში 2006 წელს მუშაობდა, ვნახოთ გამოდგება თუ არა იღბლიანი დაბრუნება 16 წლის შემდეგ და შეძლებს თუ არა "სტიაუას" ყოფილი ფეხბურთელი "მეცის" ლიგა 1-ში აღზევებას.

"სელტა" - მადრიდის "რეალი" (00:00)

ლა ლიგის მე-2 ტურში "რეალი" "სელტას" დაუპირისპირდება. მადრიდელებმა პირველი შეხვედრა "ალმერიას" წინააღმდეგ გამართეს და დავიდ ალაბას ბწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმის წყალობით,  2:1 გაიმარჯვეს. "ბლანკოსის" მთავარი ვარსკვლავი კვლავ კარიმ ბენზემა იქნება, რადგან ფლორენტინო პერესის გუნდს მისი შემცვლელიც კი არ მოუყვანია, აქამდე სათადარიგო ფორვარდის ფუნქციას ლუკა იოვიჩი ასრულებდა, თუმცა სერბი იჯარის წესით "ფიორენტინას" შეუერთდა. "რეალს" ტოვებს კაზემიროც, ბრაზილიელი საყრდენი სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება. გუნდის იტალიელი თავკაცის კარლო ანჩელოტის განცხადებით, არც მისი შემცვლელის დამატება იგეგმება, რადგან ორიელ ჩუამენი ძირითადი თერთმეტეულის მოთამაშედ განიხილება. უკანასკნელად "სელტამ" "თეთრები" 2014 წელს დაამარცხა. "რეალს" მატჩამდე მცირე დანაკლისი აქვს, დიდი ალბათობით, შეხვედრას გამოტოვებს დანი კარვახალი. როგორც წესი, გუნდებს შორის შეხვედრა უხვგოლიანი გამოდის, ამიტომ სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრას ველოდებით.

21 აგვისტო - კვირა

"ბილბაო"  - "ვალენსია" (19:30)

გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ სეზონი კარგად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 61-ე წუთზე გუნდი კაცნაკლული დარჩა, შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს და "ჟირონა" 1:0 დაამარცხეს. "მამარდა" დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ქართველი მეკარე იგივეს გამეორებას და კარის მშრალად შენახვას "ბილბაოსთან" ეცდება. რაც შეეხება ბასკებს, პირველ ტურში "მალიორკასთან" "სან მამესზე" ფრედ 0:0 ითამაშეს და საკუთარ კედლებში არც ისე სახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს. მიუხედავად "ღამურების" შესუსტებული შემადგენლობისა, ვალენსიელები მინდორზე მოსაგებად გავლენ. გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება კაპიტანი, ხოსე ლუის გაია, ასევე საეჭვოა გაბრიელ პაულისტას მოედანზე ხილვაც. გუნდებს შორის გამართული 6 უკანასკნელი შეხვედრიდან 5 ფრედ დასრულდა. ამიტომ კვირას დიდ ბრძოლას უნდა ველოდოთ.

მადრიდის "ატლეტიკო" - "ვილიარეალი" (21:30)

ლა ლიგის მეორე ტურში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ერთმანეთს "ატლეტიკო" და "ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, "ინდიელებმა" პირველ ტურში გასვლაზე "ხეტაფე" 3:0 დაამარცხეს, "ვილიარეალმა" კი იმავე ანგარიშით "ხეტაფეს" მოუგო. შეხვედრა საინტერესო იქნება მწვრთნელების დაპირისპირების მხრივაც, დიეგო სიმეონეც და უნაი ემერიც გამორჩეული ტაქტიკოსები არიან და საინტერესოა თუ რას დაუპირისპირებენ ერთმანეთს. ბასკი სპეციალისტის გუნდი ფორვარდის დამატებას აქტიურად ცდილობს და როგორც ცნობილია, ედინსონ კავანისთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ურუგვაელს ლა ლიგაში თამაში სურს. ამ ზაფხულს "ატლეტიკოს" გამორჩეული ტრანსფერი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით აქსელ ვიტსელს, გამოცდილი ბელგიელი ნახევარმცველი "როხიბლანკოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გუნდებს შორის გამართული 2 უკანასკნელი შეხვედრა, ფრედ 2:2 დასრულდა.

"ნაპოლი" - "მონცა" (20:30)

ქართველი გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას მეორე მატჩს "ნაპოლის" შემადგენლობაში მოუთმენლად ელის. დებიუტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, "კვარამ" ნეაპოლურ პუბლიკას თავი გოლით და საგოლე გადაცემით დაამახსოვრა. ქართველი გარემარბი "დიეგო მარადონას" სტადიონზე პირველ მატჩს გამართავს. მოლოდინი, რა თქმა უნდა, მაღალია, რადგან ხვიჩას კლასში და საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარება, მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა ფაბიო კანავარომ და აღნიშნა, რომ "კვარა" ამ სეზონში ყველასთვის დიდი სიურპრიზი იქნება. დიდი წმენდის შემდეგ, "ნაპოლიმ" მოთამაშეების დამატებაზე ზრუნვა დაიწყო, კლუბს შეუერთდა ჯოვანი სიმეონე, არგენტინელი ფეხბურთელი "ლურჯებში" იჯარის წესით ითამაშებს, უახლოეს მომავალში დადასტურდება ჯაკომო რასპადორის, ტანგი ნდომბელესა და კეილორ ნავასის ტრანსფერებიც. როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს "ნაპოლი" მომზადებული შეხვდება. სეზონის წინ გაძლიერდა "მონცაც", თუმცა სილვიო ბერლუსკონის გუნდმა სეზონი "ტორინოსთან 2:1 მარცხით დაიწყო. გუნდები ერთმანეთს უკანასკნელად 22 წლის წინ შეხვდნენ, მაშინ გარჯვებული ვერ გამოვლინდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. "პარტენოპეი" შეხვედრას სრული შემადგენლობით, დანაკლისის გარეშე ხვდება, ხვიჩას თამაშს, როგორც ყოველთვის დიდი ინტერესითა და მოლოდინებით ველით.

"ატალანტა" - "მილანი" (22:45)

სერია A-ს ცენტრალური შეხვედრა ბერგამოში, "ატალანტასა" და "მილანს" შორის გაიმართება. ორივე გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო, "როსონერიმ" "უდინეზე 4:2, ხოლო "ატალანტამ" "სამპდორია" 2:0 დაამარცხა. მილანელთა რიგებიდან კარგ ფორმაშია ანტე რებიჩი, ხორვატმა პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან ბერგამოელები, კლუბის ახაწვეული ედერსონი შეხვედრას გამოტოვებს, "შავ-წითლებს" კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარება. სტეფანო პიოლის გუნდს "ატალანტასთან" უკანასკნელი 3 შეხვედრა მოგებული აქვს. მოქმედი ჩემპიონები ამ სერიის 4 მატჩამდე გაზრდას შეეცდებიან.

"ლილი" - "პსჟ" (22:45)

ლიგა 1-ის მე-3 ტურში ერთმანეთს "ლილი" და პსჟ დაუპირისპირდებიან. მიუხედავად ჩემპიონატის ლიდერობისა, ახალი მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის დანიშვნისა, კლუბში მოთამაშეებს შორის კვლავ პრობლემებია, ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპეს მესისთან და ნეიმართან კონფლიქტი აქვს და გუნდი კვლავ ბანაკებადაა დაყოფილი. "პიერ მორუას" სტადიონზე თამაში მარტივი არავისთვისაა. შეხვედრას ერთი ინტრიგაც ახლავს, პარი სენ ჟერმენის ახალი შენაძენი რენატო სანჩესი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, "წითლებმა" სეზონი დამაჯერებლად დაიწყეს და "ოსერი" 4:1 გაანადგურეს, რასაც "ნანტთან" ფრე 1:1 მოჰყვა, პსჟ-მა ჯერ "კლერმონს" სძლია 5:0, შემდგომ კი "მონპელიე" 5:2 დაამარცხა. კარგ ფორმაშია ნეიმარი, ბრაზილიელს 2 მატჩში 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ვნახოთ შეძლებენ თუ არა პარიზელები სატურნირო ცხრილში ლიდერობის გამყარებას.

"სოსიედადი" - "ბარსელონა" (00:00)

ლა ლიგის მეორე ტურს გამორჩეული შეხვედრა "სოსიედადი" - "ბარსელონა" დახურავს. ბევრისათვის მოულოდნელად, კატალონიელებმა პირველ შეხვედრაში გოლის გატანა ვერ შეძლეს და "კამპ ნოუზე" "რაიო ვალეკანოსთან" 0:0 ითამაშეს. გულშემატკივრები პირველ რიგში, შედეგიანობას რობერტ ლევანდოვსკისგან ელიან. პოლონელი ახალ გუნდში პირველი გოლის გატანას "ანუეტაზე" შეეცდება. "ლურჯ-ბროწეულისფერებს" შეხვედრაში სერხიო ბუსკეცი, ჟიულ კუნდე და სერჟინიო დესტი გამოაკლდებათ. კატალონიური კლუბის გაბონელმა ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ლონდონის "ჩელსისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა, დიდი ალბათობით, ის სულ მალე "არისტოკრატებს" შეუერთდება. ხავის მოთამაშის შენარჩუნება სურს, თუმცა 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ შეთავაზებულ 30 მილიონ ევროზე უარს ვერ იტყვიან. "სოსიედადმა" პირველი შეხვედრა "კადისის" წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. ბასკებს ვერ დაეხმარება გუნდის მთავარი ლიდერი მიკელ ოიარსაბალი, ესპანეთის ნაკრების წევრს ფეხის ტრავმა აწუხებს. "სოსიედადმა" "ბარსას" დამარცხება უკანასკნელად 2015 წელს მოახერხა, ამჯერად იმანოლ ალგუასილის შეგირდები, 3 ქულის მოპოვებას საშინაო კედლებში შეეცდებიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგი და აუცილებელი სტატიაა ფეხბურთის მოყვარულთათვის,მაგრამ მიუწერეთ ხოლმე,სად და რომელ არხზე შეიძლება ამ საინტერესო თამაშების ყურება.
status quo
15:20 20-08-2022
0
შოთას ჰალი 4 1 აგებს
goga
19:42 20-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული