მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს

AutoSharing Option
ევროპული საფეხბურთო უქმეები გრძელდება, გარდა რამდენიმე გამორჩეული შეხვედრისა, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ჩვენს ლეგიონერებს, რომლებიც თავიანთ კლუბებში წარმატებით გამოსვლას აგრძელებენ, ტრადიციულად, გთავაზობთ მატჩებს, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს.

22 ოქტომბერი - შაბათი

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - (20:30)

პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში ლონდონის "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. "არისტოკრატებმა" ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი გამოასწორეს და გრემ პოტერის ხელში ქულების აღებაც დაიწყეს, თუმცა ოთხშაბათს "ბრენტფორდთან" ვერაფერს გახდნენ და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ, საპირისპიროდ, "წითელმა ეშმაკებმა" პრინციპული მეტოქე "ტოტენჰემი" დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და
სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4 ფრედ დასრულდა, რაც შეეხება დანაკლისს, ლონდონელებს შაბათს ვესლი ფოფანა, რის ჯეიმსი და ნგოლო კანტე დააკლდებათ, "მანკუნიანელთა" რიგებიდან კი ტრავმების გამო შეხვედრას გამოტოვებენ: ენტონი მარსიალი, აარონ ვან ბისაკა, დონი ვან დე ბეეკი. მოგეხსენებათ, "დეზებთან" მომხდარი ინციდენტის გამო, კრიშტიანო რონალდო პირველი გუნდიდან მოკვეთეს, ამიტომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მოედანზე ვერ ვიხილავთ.

"ვალენსია" - "მალიორკა" - (20:30)

"ვალენსია" ლა ლიგის მე-11 ტურში "მესტალიაზე" "მალიორკას" მიიღებს, ჯენარო გატუზოს გუნდი ბოლო 5 მატჩია დაუმარცხებელია, რაც დიდწილად გიორგი მამარდაშვილისა და ედინსონ კავანის ბრწყინვალე თამაშითაა განპირობებული, მიუხედავად "ელჩესთან" დაშვებული შეცდომებისა, "მამარდამ" "სევილიასთან" უმნიშვნელოვანესი მოგერიებები განახორციელა და ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. "ღამურები" 15 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ, რაც შეეხებათ სტუმრებს, "მალიორკამ" ბოლო 2 მატჩიდან ორივე დათმო და შაბათს უსიამოვნო სერიის დასრულებას შეეცდება.

მადრიდის "რეალი" - "სევილია" (23:00)

ლა ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, სადაც მადრიდის "რეალი" "სევილიას" უმასპინძლებს. "თეთრები" შესანიშნავ სეზონს ატარებენ, გასულ კვირას კი "ბარსელონა" დამაჯერებლად დაამარცხეს, რასაც "ელჩესთან" 3:0 გამარჯვება მოჰყვა, გუნდების სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, შეხვედრის უდაო ფავორიტად "ბლანკოსი" ითვლება, ანდალუსიელები არასტაბილურად გამოიყურებიან და ჩემპიონატში 10 ქულით მე-12 ადგილს იკავებენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან და მეორეადგილოსან "დორტმუნდს" 5 ქულით ჩამორჩებიან. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრა, "სანჩეს პისხუანზე" მადრიდელები 2:0 მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩის შემოტრიალება შეძლეს და ქარიმ ბენზემას 92-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, 3:2 იმარჯვეს.

"ბორდო" - "ანესი" (21:00)

საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერი "ბორდო" ჩემპიონატის ერთ-ერთ აუთსაიდერს "ანესს" დაუპირისპირება, ცხადია, ქართველი გულშემატკივარი ზურიკო დავითაშვილის თამაშს ყურადღებით აკვირდება, 21 წლის გარემარბმა ახალ გუნდში თამაში შედეგიანად დაიწყო და 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასიც მიითვალა, ფრანგული კლუბის ლეგენდებისგან კი შექება დაიმსახურა, ზურიკოს მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველოდებით.

23 ოქტომბერი - კვირა

"ბეტისი" - "ატლეტიკო" (18:15)

ლა ლიგის ტურის კიდევ ერთ გამორჩეულ შეხვედრაში "ბეტისი" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, გუნდები თანაბარი ქულებით მე-4 და მე-5 ადგილებს ინაწილებენ. "როხიბლანკო" ამ სეზონში მძიმედ გამოიყურება, ჩემპიონთა ლიგაზე კი ასპარეზობა არც ისე კარგად დაიწყო და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, რაც შეეხებათ "მწვანეებს", მანუელ პელეგრინის გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით გამოდის და 10 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მეტოქეები შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან, "ბეტისს" ვიქტორ კამარასა, სერხიო კანალესი და ხუანმი ვერ დაეხმარებიან, საეჭვოა ნაბილ ფეკირის თამაშიც, "ინდიელთაგან" კი მოედანზე კოკე, ლემარი, მარკოს ლორენტე და სერხიო რეგილონი ვერ გამოვლენ, კითხვის ნიშნის ქვეშაა იან ობლაკის თამაშიც. გუნდებს შორის გამართული ბოლო 6 მატჩიდან 5 "ატლეტიკოს" გამარჯვებით დასრულდა 1 კი ფრედ, "ბენიტო ვილამარინზე" კი სევილიელები უსიამოვნო სერიის დასრულებას შეეცდებიან.

"ტოტენჰემი" - "ნიუკასლი" (19:30)

ლონდონის "ტოტენჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ, საკუთარ კედლებში "ნიუკასლს" მიიღებს, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე მძიმე სტარტისა, ანტონიო კონტეს გუნდმა თამაშის ხარისხი გამოასწორა და "დეზები" 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ, შესანიშნავ ფორმაშია ჰარი კეინი, ინგლისის ნაკრების ფორვარდმა პრემიერლიგის 11 შეხვედრაში 9 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება შეძლო. "ნიუკასლი" ახალ სეზონში დამაჯერებლად გამოიყურება, ედი ჰაუმ შეძლო და ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი გუნდი ჩამოაყალიბა, "კაჭკაჭები" 18 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ, ლონდონელები კი 23 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან, გუნდებს შორის დაპირისპირება ყოველთვის სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდის, ამაზე კი ბოლო 5 შეხვედრაში გასული 22 გოლი მეტყველებს. ანტონიო კონტეს გუნდს ბრაზილიელი რიშარლისონი ვერ დაეხმარება, საეჭვოა დეიან კულუშევსკის თამაშიც, შედარებით სერიოზულია "ახალციხელების" დანაკლისი, კარლ დარლოუ, ალექსანდერ ისაკი, ემილ კრაფტი და მეტ რიჩი ტრავმების გამო მატჩს გამოტოვებენ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გუნდის ორი ლიდერის, ჟოელინტონისა და ალან სენ-მაქსიმენის თამაშიც.

"ატალანტა" - "ლაციო" (20:00)

სანამ, სერია A-ს მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩზე ვისაუბრებთ, "ატალანტასა" და "ლაციოს" შეხვედრაზე შევჩერდეთ, ბერგამოელები სერია A-ში კარგად გამოიყურებიან და 24 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ, რომაელები კი 21 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან. უნდა აღინიშნოს, რომ მაურიციო სარის ხელში დედაქალაქელებმა დაცვაში თამაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს, რადგან მხოლოდ 5 გოლი აქვთ გაშვებული, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. ამ მხრივ, მეორე ადგილს სწორედ "ატალანტა" იკავებს 6 გაშვებული გოლით. გუნდებს შორის გამართული ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა, ბერგამოელები შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან: სიმონე მურატორე, ხუან მუსო, ხოსე ლუის პალომინო, რაფაელ ტოლოი და დავიდე ძაპაკოსტა მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ, საეჭვოა დუვან ზაპატას თამაშიც, "ლაციოს" კი გუნდის მთავარი ბომბარდირი ჩირო იმობილე ვერ დაეხმარება, იტალიელს 10 შეხვედრაში 6 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს შესრულებული, "უდინეზესთან" დაზიანების გამო კი რამდენიმე კვირა გაუცდება.

"რომა" - "ნაპოლი" (22:45)

ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარ ინტერესს, ცხადია, "რომასა" და "ნაპოლის" შორის გასამართი მატჩი იწვევს, "ნაპოლი" დაუჯერებელ სეზონს ატარებს და 33 წლის შემდეგ სერია A-ს მოგების მთავარი ფავორიტია, ლუჩანო სპალეტის გუნდი დაუმარცხებელია და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებულად გამოსვლას აგრძელებს, "პარტენოპეიმ" 4 ტურის შემდეგ მერვედფინალის საგზური გაინაღდა, ხვიჩა კვარაცხელია კი საფეხბურთო სამყაროს გაოცებას აგრძელებს, ქართველმა გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად, "ნაპოლის" მაისურით ჯამში 14 მატჩი ჩაატარა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა, ველოდებით, რომ "კვარა" რომაელებს დიდ პრობლემებს შეუქმნის, რაც შეეხებათ დედაქალაქელებს, "ჯალოროსი" 22 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ჟოზე მოურინიოს გუნდის მთავარი ლიდერი, არგენტინელი პაულო დიბალა ტრავმის გამო პრინციპულ დაპირისპირებას გამოტოვებს, ისევე როგორც ჯინი ვეინალდუმი და ზეკი ჩელიკი, "პარტენოპეის" ზამბო ანგისა და ამირ რაჰმანი ვერ დაეხმარებიან, აღსანიშნავია, რომ რომაელები "ნაპოლისთან" გამარჯვებას ზედიზედ 5 მატჩია ვერ ახერხებენ, იმედია, ხვიჩა ამ რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.

"ბარსელონა" - "ბილბაო" (23:00)

ლა ლიგის მე-11 ტურის გამორჩეული შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება, სადაც "ბარსელონა" "ბილბაოს" უმასპინძლებს, "ელ კლასიკოში" განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ხავის გუნდმა ხასიათი გამოისწორა და უნაი ემერის "ვილიარეალი" 3:0 დაამარცხა, "ბლაუგრანა" ჩემპიონატში 25 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "რეალს" 3 ქულით ჩამორჩება, ყველაფერი რთულადაა ჩემპიონთა ლიგაზე, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" 4 ქულა აქვთ და მე-3 პოზიციაზე იყოფებიან, ოთხშაბათს კი ჯგუფისა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან "ბაიერნთან" დაპირისპირება ელით, კვირას გასამართ შეხვედრაში "ბარსას" რონალდ არაუხო და ანდრიას კრისტენსენი ვერ დაეხმარებიან, საეჭვოა მემფის დეპაის თამაშიც, "ბილბაო" ლა ლიგაში ბოლო 3 მატჩია გამარჯვებას ვერ ახერხებს, ერნესტო ვალვერდეს ყოფილი გუნდის დამარცხება სურს, თუმცა თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ამის შესრულება ურთულეს ამოცანად მოსჩანს, ბასკებს "კამპ ნოუზე" 2001 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

ორშაბათი 24 ოქტომბერი

"კრემონეზე" - "სამპდორია" (20:30)

"კრემონეზე" ორშაბათს, "სამპდორიას" უმასპინძლებს, მასპინძლები 4 ქულით მე-19 ადგილს იკავებენ, სტუმრები კი 3 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზე არიან, მართალია, ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა ბოლო პერიოდში თამაში გამოასწორა, თუმცა გამარჯვებას ვერ ახერხებენ, თუ არ ჩავთვლით კოპა იტალიაზე "მოდენასთან" 4:2 გამარჯვებას, ლუკა ლომბარდიელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და დამაჯერებლად გამოიყურება, გასულ კვირას კი "სპეციას" წინააღმდეგ საგოლე პასიც მიითვალა. გუნდებმა სერია A-ში უკანასკნელი შეხვედრა 1996 წელს გამართეს, მაშნ "სამპდორიამ" 2:0 იმარჯვა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა საკუთარ კედლებში "კრემონეზე" 3 ქულის მოპოვებას.

"ლე ჰავრი" - "მეცი" (22:45)

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" "ლე ჰავრს" ესტუმრება. მასპინძლები კარგად გამოიყურებიან, 23 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვიან, "მეცი" კი 15 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, ცხადია, შეხვედრის ფავორიტად "ლე ჰავრი" ითვლება, თუმცა გიორგი მიქაუტაძეს პრობლემების შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 11 თამაშში 4 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება შეძლო, "მეცს" ბოლო 2 მატჩია გოლი არ გაუტანია, მასპინძლები კი ამ მხრივ ლიგაში საუკეთესოები არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული