ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ორი აგუერო გვარდიოლასთვის [VIDEO]

AutoSharing Option
ის ხალხი, ვინც ამბობდა, საულ ნიგესი ფორმაში არ არისო, "ატლეტიკოს" ტალანტმა მე-17 წუთზე გააჩუმა, როდესაც ჯერ კარგად "იარა", მერე კი ლამაზი დარტყმით შორეულ კუთხეში გაუტანა ბერნდ ლენოს.

მალევე ანტუან გრიზმანმა დაამწუხრა "ბაიარენა" - დრაგოვიჩი უხეშად შეცდა და ბურთი კევინ გამეიროს უსახსოვრა, დრაგოვიჩიც და ტოპრაკიც გამეიროს აეკიდნენ, ფრანგმა კი თანამემამულეს მიუგორა და "პატარა პრინცმაც" გაისროლა. მეორე ტაიმის დებიუტში გერმანელებს ისეთი კომბინაცია გამოუვიდათ, როგორებიც უყვართ - სწრაფი და ლამაზი - ის ქარიმ ბელარაბიმ დააგვირგვინა.

"ლევერკუზენს" იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, მაგრამ... დრაგოვიჩს კოშმარული დღე
ჰქონდა, შეცდომებიც და უიღბლობაც თავს ერთად დაატყდა - მან აშკარად საჯარიმოს გარეთ იუხეშა გამეიროზე, რომელიც შიგნით წაიქცა და მსაჯი ანკესზე წამოაგო, მერე კი პენალტი თავად გაიტანა. ასევე უცნაურობა მოხდა მადრიდელთა საჯარიმოში, როდესაც ბრანდტის ჩაწოდებული ბურთი მოიამ უხერხულად მოიგერია, სავიჩს გაარტყა და ავტოგოლი გაატანინა, სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა.

"ფარმაცევტებმა" იბრძოლეს, იბრძოლეს, მაგრამ შესაბამისი წამალი "ატლეტიკოს" მაინც ვერ მოუძებნეს. მეტიც, დიეგო სიმეონეს ბიჭებმა ბოლოსკენ მეოთხეც შეაგდეს, ეს ფერნანდო ტორესმა გააკეთა თავური დარტყმით და "ელ ნინიოს" ამ გოლმა "ჩოლოს" ამალა მეოთხედფინალში გაიყვანა, ამაში ეჭვი აღარ უნდა შეგვეპაროს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხოსეპ გვარდიოლას კრიტიკა ახლა ნახეთ... მისი "სიტი" ორჯერ აგებდა "მონაკოსთან" და საბოლოოდ კი იმარჯვა, მაგრამ სირცხვილს ძლივს გადაურჩა და მოიგო ისეთი ანგარიშით, რომელიც ბოლომდე მშვიდად ყოფნის გარანტიას არ იძლევა. არც ის გამოგვრჩეს, რომ მონეგასკებმა, ყველა სიკეთესთან ერთად, პენალტიც გააფუჭეს.

ბუნებრივია, უმეტესობა იმ ხარვეზებზე გააკეთებს აქცენტს, რომლებიც "ქალაქელებს" ჰქონდათ და არა იმაზე, რომ ბოლოს პეპმა თამაში გადააწყო, მეტოქეს სუსტი წერტილი უპოვა და სტანდარტული მგომარეობებით "დაწვა".

"სიტის" პირველი გოლი, რომელიც სტერლინგმა სანეს პასით გაიტანა, ოფსაიდს ჰგავდა. ისე, ორივემ კარგად ითამაშა, როგორც დე ბრუინმა, სილვამ და ტრავმირებული გაბრიელ ჟესუსის არყოფნით კვლავაც ფრთაშესხმულმა აგუერომ. თუმცა, "სიტის" დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ლეონარდო ჟარდიმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესაშური ტაქტიკოსია და მანჩესტერელთა სისუსტეებით მშვენივრად ისარგებლა, მაგრამ მის გუნდს ცოტა ფსიქოლოგიური გამძლეობა, ღონე და იღბალი დააკლდა.

ხერხმა სადამდეც გაჭრა, გაჭრა, მერე კი... დიდებული იყო "სიტის" სამიზნის, ფაბინიოსა და სიდიბეს საგოლე პასები. მონეგასკთა ახალგაზრდა ტალანტს, 18 წლის კილიან მბაპეს მომავალში დიდი ფეხბურთი ელის, თუ ასე გააგრძელებს. და, რა თქმა უნდა, ფალკაო... გაიტანა თავით, საშინლად დაარტყა თავისივე გამომუშავებული პენალტი (კაბალიერომ აუღო), არადა, შეიძლებოდა, 1:3-ზე "სიტი" გამტყდარიყო...

მაგრამ მერე ისეთი ოსტატური გოლი შეაგდო, ისე გადაავლო ბურთი თავზე მეკარეს, რომ ყველაფერი ერთბაშად აინაზღაურა, ინგლისში გატარებული მძიმე წლებიც კი.

წყენამ და ბრაზმა ათმაგი შემართებით ათამაშა ისედაც სულ მეტოქის კარზე დაგეშილი აგუეროც. კუნი თავისი ორი გოლით (აქედან ერთი აშკარად სუბაშიჩის სინდისზეა) ყველაზე რთულ დროს შეეწია გუნდს და ისე ითამაშა, მისდამი არცთუ ბოლომდე იდეალურად განწყობილ გვარდიოლას აფიქრებინებდა, ნეტა აგუერო ერთის ნაცვლად ორი იყოსო.

არგენტინელს ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ჯონ სტოუნსი მასზე ადრე შეეხო ბურთს. კუნმა ბოლოს საგოლე პასი მიითვალა და ამ ბურთმა შესაძლოა, ორმტჩიან დუელში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მოკლედ, "ლუი მეორეზე" დიდი ამბები გველის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევერკუზენი-ატლეტიკო 2:4
გოლები: 0:1 საული (17), 0:2 გრიზმანი (25), 1:2 ბელარაბი (48), 1:3 გამეირო (59-პენ.), 2:3 სავიჩი (68 ს. კ.), 2:4 ფ. ტორესი (86)
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ჰენრიკსი, დრაგოვიჩი, ტოპრაკი, ვენდელი - ბრანდტი (87. ლ. ბეილი), კამპლი, არანგისი, ბელარაბი (66. პოჰიანპალო) - ხ. ერნანდესი, ჰავერცი (56. ფოლანდი)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ვრსალიკო, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, საული, ფერეირა-კარასკო (78. ფ. ტორესი) - გრიზმანი (78. ა. კორეა), გამეირო (71. ტომასი)
მაყურებელი: 29 300

სიტი-მონაკო 5:3
გოლები: 1:0 სტერლინგი (26), 1:1 ფალკაო (32), 1:2 მბაპე (40), 2:2 აგუერო (58), 2:3 ფალკაო (61), 3:3 აგუერო (71), 4:3 სტოუნსი (77), 5:3 სტოუნსი (82)
სიტი (4-1-4-1): კაბალიერო - სანია, სტოუნსი, ოტამენდი, ფერნანდინიო (62. საბალეტა) - იაია ტურე - სტერლინგი (89. ნავასი), დ. სილვა, დე ბრუინი, სანე - აგუერო (87. ფერნანდო)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, რაჯი, მენდი - ფაბინიო, ბაკაიოკო (88. დირარი) - მბაპე (79. ჟერმენი), ლემარი, ბერნარდო სილვა (84. მოუტინიო) - ფალკაო
გამოუყენებელი პენალტი: ფალკაო (50)
მაყურებელი: 53 351

საპასუხო მატჩები 15 მარტს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული