* თუკი "ნაპოლი" "რეალს" გასცდება, ის ისტორიაში პირველად გავა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
* "რეალმა" წარმატებით გაიარა ბოლო 6 მერვედფინალური ეტაპი ჩემპიონთა ლიგაზე.
* თუ "ბაიერნის" ბარიერს დაძლევს, "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2010 წლის მერე პირველად გავა.
დღეიდან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის I წრე განახლდება - ორი საპასუხო მატჩი გველის ნეაპოლის "სან პაოლოსა" და ლონდონის "ემირეიტსზე".
თუკი თავიდან ორივე ჯახი დიდი იმედებით განგვაწყობდა, ახლა უკვე ძნელია, "არსენალისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებაში (სასწაულების თუ არ გჯერა)
აი, "ნაპოლისა" და "რეალის" დაპირისპირებაში ჯერ არაფერია გარკვეული - მართალია, "რეალი" 2-ბურთიანი სხვაობით იგებს, მაგრამ საპასუხო მატჩი იტალიაშია, თანაც, ზინედინ ზიდანის გუნდმა ამ ბოლო ხანებში რამდენჯერმე გვიჩვენა, რომ დაუმარცხებელი და მიუწვდომელი სულაც არ არის.
ნაპოლი-რეალი
მადრიდში გატანილი გოლი მაურიციო სარის გუნდს ხელშესახებ იმედს აძლევს საპასუხო თამაშის წინ. "რეალი" ფავორიტია, მაგრამ ზინედინ ზიდანის კრებულს თავი ქუდში ნამდვილად არა აქვს. ბოლო მატჩთან შედარებით, მადრიდელები სრულიად სხვა შემადგენლობას ათამაშებენ, რადგან გუნდს BBC - ანუ ვარსკვლავური შემტევი ტრიო სრული შემადგენლობით უბრუნდება - "ეიბართან" მატჩში მხოლოდ ქარიმ ბენზემა იყო ამ სამეულიდან, გარეთ ბეილი დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო კრიშტიანო რონალდო - ტრავმირებული. უელსელს კიდევ ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია კი აქვს, მაგრამ ის შიდა პირველობას ეხება, ხოლო რონალდოს ტრავმა ისედაც უმნიშვნელო იყო, ზიდანმა დაადასტურა, რომ კრიშტიანო უკვე მწყობრშია და აუცილებლად ითამაშებს "სან პაოლოზე".
I მატჩში
"სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო კლუბმა" კი მოიგო კომფორტული, ორგოლიანი უპირატესობით, მაგრამ ნეაპოლელებს ლორენცო ინსინიეს გოლი ბრძოლის კარგ შანსს უტოვებს. სწორედ ინსინიემ გახსნა ანგარიში შეხვედრის მე-8 წუთზე, მაგრამ ქარიმ ბენზემამ 10 წუთში გაათანაბრა. "რეალმა" გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში მოიპოვა, როცა ტონი კროოსმა და კაზემირომ გაიტანეს.
პრესკონფერენცია
მაურიციო სარი (ნაპოლი): "ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ზეწოლა მხოლოდ "რეალზეა". მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონია, ის მსოფლიოს უმდიდრესი კლუბია, ის საუკეთესოა, მას მაღალი კლასის ვარსკვლავები ჰყავს. ის უბრალოდ, ვალდებულია გაიაროს ეს ეტაპი. ამავე დროს, ჩვენც გვყავს მსოფლიოს ჩემპიონები, ეს ჩვენი ფანები არიან. მთელი ევროპა ნახავს მალე ამას და მიხვდება ჩემი სიტყვების სისწორეს. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ფანების შეძახილებით შევაშინებთ მადრიდის "რეალს". არა, ეს შეუძლებელია. მაგრამ თუკი ჩვენ თავდადებით ვიბრძოლებთ და მეტოქე ამას ჩვენს თვალებში დაინახავს, შესაძლოა, მართლაც შევაშინოთ ის. იმედი მაქვს, რომ ფანები სწორედ ამ განწყობის გადმოცემას შეძლებენ ფეხბურთელებისთვის". ზინედინ ზიდანი (რეალი): "ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის ძნელი სათამაშოა. ჩვენი მეტოქე გუნდია, რომელსაც არ უყვარს წაგება, არც აგებს ხშირად, მით უმეტეს, საკუთარ სტადიონზე. "სან პაოლოზე" როგორი დამთრგუნველი ატმოსფეროა მეტოქეთათვის, საკუთარ თავზე გამომიცდია, როცა ფეხბურთელი ვიყავი. ფანები გიჟურად უჭერენ მხარს "ნაპოლის", თუმცა ეს კარგი მოტივატორია სტუმარი გუნდისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ "ნაპოლი" თამაშს მკვეთრი შეტევებით დაიწყებს, მათ ხომ გოლები აქვთ გასატანი ჩვენგან განსხვავებით. არა მგონია, რომ რადგან რომში ბევრი იომეს, გადაღლილები იქნებიან. ისეთი გამარჯვებები, როგორიც "ნაპოლიმ" "ოლიმპიკოზე" მოიპოვა, პირიქით, ძალებს გმატებენ. ასე რომ, მეტოქის გადაღლილობის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს. მინდა განვაცხადო, რომ "რეალი" იღებს ამ გამოწვევას და ის ბრძოლისთვის მზად არის".
გასულ უქმეებზე
მაურიციო სარის გუნდი "რომას" ესტუმრა და სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან მატჩში 2:1 მოუგო. დუბლი შეასრულა ბელგიელმა დრის მერტენსმა, რომელიც სუპერფორმაშია, რაზეც "რომამ" მხოლოდ სტროტმანის გოლით უპასუხა. ამ შეხვედრაში მერტენსმა ტრავმა მიიღო, თუმცა შანსი იმისა, რომ მან მოახერხოს "რეალთან" დაპირისპირება, კიდევ რჩება. ამით სამხრეთელებმა ორ ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა სპალეტის გუნდთან.
"რეალი" "ეიბარს" ესტუმრა და ისტორიაში პირველად გაუშვა მისგან გოლი, თუმცა რუბენ პენიას გოლი ვერაფერს გადაწყვეტდა, რადგან "სამეფო კლუბმა" ბენზემას დუბლის, ხამეს როდრიგესისა და მარკო ასენსიოს გოლების წყალობით დიდი ანგარიშით იმარჯვა - 4:1. "რეალი" ლა ლიგის პოტენციური ლიდერია, თუმცა დღეისათვის მეორე ადგილზეა.
არსენალი-ბაიერნი
რა უნდა თქვა 1:5-ის მერე? როგორც ჩანს, "არსენალი" ისევ ვერ გადალახავს მიუნხენის "ბაიერნის" ზღუდეს. ცუდი ისაა, რომ პირველმა შეხვედრამ საპასუხოს მოლოდინი გააუფერულა, მეტიც, შესაძლოა, ლონდონში საკმაოდ გადასხვაფერებული შემადგენლობებით მოთამაშე გუნდები ვიხილოთ. არსენ ვენგერს, სულ მცირე, სასწაული სჭირდება, ხოლო "ბაიერნი" ის გუნდი არაა, რომელიც ასეთი სასწაულის შანსებს ჩუქნის მეტოქეებს.I მატჩში
"ალიანც არენაზე" არსენ ვენგერის გუნდისთვის ერთი დანა არ გამოუსვიათ, თორემ... არადა, პირველი ტაიმი "არსენალისთვის" ბრწყინვალე ანგარიშით მორჩა - არიენ რობენის გოლს გოლითვე უპასუხა ალექსის სანჩესმა. მეორე ტაიმში კი რობერტ ლევანდოვსკიმ დაიწყო ლონდონელთა განადგურება, ტიაგო ალკანტარამ დუბლით გააგრძელა და 88-ე წუთზე თომას მიულერმა დაასრულა - 5:1.
პრესკონფერენცია
არსენ ვენგერი (არსენალი): "ერთადერთი უპირატესობა, რაც ჩვენ გვაქვს, ის არის, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვართ - უნდა შევუტიოთ და გავიტანოთ გოლები, თან, რაც შეიძლება ბევრი გოლი. "ბაიერნს" მერამდენედ ვეთამაშებით და სულ ამაოდ. მაგრამ თუ შევუტევთ, შანსი გვექნება. შანსი იმისა, რომ მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ".კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "ჩვენ ნამდვილად გვაქვს უპირატესობა - ბიჭები კონცენტრირებულნი არიან თამაშზე. მათ კარგად იციან, რომ მატჩის სტარტი იქნება ძალიან მწვავე და ჩვენთვის საშიში. მაგრამ ამაზე ბევრი არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ. გვერწმუნეთ, კარგი თამაშის იმედი გქონდეთ".
გასულ უქმეებზე
"არსენალს" ამ უქმეებზე პრემიერლიგაში ალიყური გააწნეს - იურგენ კლოპის "ლივერპულმა" 3:1 მოუგო "მეთოფეებს", რომელთა ერთადერთი გოლი ამ თამაშში დენი უელბეკმა გაიტანა. სხვათა შორის, მან პირველად შეძლო კარიერაში "ლივერპულის" კარის დალაშქვრა.
"ბაიერნმა" სტუმრად არ დატოვა კითხვები საკმაოდ ამბიციური "კიოლნის" წინააღმდეგ მატჩში - 3:0. გოლები ხავი მარტინესმა, ხუან ბერნატმა და ფრანკ რიბერიმ გაიტანეს. კარლო ანჩელოტის გუნდი უკვე 7-ქულიანი უპირატესობით არის წინ.
სამშაბათი. 7 მარტი
ნაპოლი-რეალი 23:45 (1:3)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალანი (?), ტონელი (?), მერტენსი (?) - ვარანი, ფ. კოენტრაო, დანილო (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, ღულამი - ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი - კალეხონი, მერტენსი, ინსინიე
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
მსაჯი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)
ურთიერთშეხვედრები: +0=1-2 (2:6)
არსენალი-ბაიერნი 23:45 (1:5)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იოზილი, კასორლა, მერტეზაკერი, ელნენი, კოსიელნი (?) - ლამი, ბოატენგი, სანჩესი (?), ჰუმელსი (?), ნოიერი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკლენი, ჯაკა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ივობი, უოლკოტი - ა. სანჩესი
ბაიერნი (4-3-2-1): ულრაიხი - რაფინია, ხ. მარტინესი, ალაბა, ბერნატი - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა, მიულერი - დ. კოშტა, რობენი - ლევანდოვსკი
მსაჯი: ტასოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)
ურთიერთშეხვედრები: +3=2-6 (12:22)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"