ნაპოლი-რეალი. გამოხმაურება: როცა რონალდოს ვერ გააქვს...

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნეაპოლში სასწაულის სჯეროდათ, მაგრამ სასწაული არ მოხდა - ორი მატჩის ჯამში, "რეალმა" 6:2 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

"ნაპოლი" მოტივირებული, მობილიზებული და კონცენტრირებული გავიდა მინდორზე, რამაც მოაგებინა კიდეც პირველი ტაიმი - და სწორედ მაშინ, როდესაც მადრიდული ბარიერი აღარ ჩანდა გადაულახავი, სერხიო რამოსი ჰაერში აფრინდა და თავური დარტყმით ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

"რეალი" უფრო ძლიერია, ნეაპოლელებს კი იმით შეუძლიათ ინუგეშონ თავი, რომ 55 წუთის განმავლობაში აშკარად დომინირებდნენ ევროპის უძლიერეს გუნდთან და ანერვიულეს კიდეც მრისხანე მეტოქე...

მაურიციო სარი ("ნაპოლის" მწვრთნელი):
"პირველი 55 წუთის განმავლობაში აშკარა უპირატესობას ვფლობდით და სრულიად დამსახურებულად ვიგებდით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის და მსოფლიოს უძლიერესი გუნდი იყო. გამომდინარე აქედან, გვაქვს მიზეზი, რომ მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ. უნდა გავძლიერდეთ, უნდა მოვუმატოთ და ამის პოტენციალი ნამდვილად არის. სერხიო რამოსის გოლმა ჩვენი იმედები დაასამარა და შემდეგ გავჩერდით, თორემ ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო. თამაში 90 წუთი გრძელდება და რა ანგარიშიც უნდა იყოს, მოდუნება არ შეიძლება. ამ თემაზე აუცილებლად დაველაპარაკები შეგირდებს, რადგან გუნდში პროფესიონალები უნდა მყავდეს. "ნაპოლის" დიდი მომავალი აქვს და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "პირველი ტაიმი მეტოქემ უკეთესად ჩაატარა და ლოგიკური გოლიც გაიტანა. გაგვიჭირდა საკუთარი თამაშის პოვნა, რადგან "ნაპოლიმ" მაღალი სისწრაფეები და ინტენსიური პრესინგი შემოგვთავაზა. ყველა მატჩს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ და კარგად მესმის, რომ ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. თუმცა, მეორე ნახევარში გამოვასწორეთ ვითარება და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახა. არ მიმაჩნია, რომ გაგვიმართლა და საერთოდ, ეს ცნება ფეხბურთში არ არსებობს - შედეგი ყველაფერზე მეტყველებს და იგებს ის, ვინც მეტ გოლს იტანს".

მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი): "ეს იყო დიდი გამოცდა, რომლის ჩასაბარებლად ძალა არ გვეყო. უნდა ვაღიაროთ, რომ "რეალი" დღეს უფრო ძლიერია და ვიშრომოთ იმისთვის, რომ მომავალში ევროპის ტოპ-გუნდებთან ტოლ-სწორად ვითამაშოთ. ის, რომ პირველ ტაიმში აშკარად ვაჯობეთ მეტოქეს, საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს და პირადად მე ოპტიმისტურად განმაწყობს".

დანიელ კარვახალი (რეალი): "პირველი ნახევარი აშკარად ჩავაგდეთ და ლოგიკურად დავმარცხდით. შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ უფრო მოტივირებულები გავსულიყავით მოედანზე, განწყობა შეგვეცველა და სისწრაფეებისთვის მოგვემატებინა. ასეც მოვიქეცით და შედეგიც მივიღეთ. ზიდანმა იცის, თუ როდის რა უნდა გვითხრას და თამაში მისი წყალობით შემოვატრიალეთ".

სერხიო რამოსი (რეალი): "ძალიან მინდოდა, რომ რთულ მომენტში გოლი გამეტანა და გუნდს დავხმარებოდი. საბედნიეროდ, მოვახერხე და მომდევნო ეტაპზე გავედით. ეს იყო მძიმე მატჩი, რომელიც დეტალურად უნდა გავარჩიოთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ. თამაშის დიდი ნაწილი, უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ჩვენ კი საკუთარ თავს არ ვგავდით, რაც მომავალში აღარ უნდა გამეორდეს".

ფაქტები
* სერხიო რამოსმა "რეალის" მაისურით ევროთასებზე მეასე მატჩი ითამაშა და თავიც გამოიჩინა.

* 30 წლის რამოსმა "რეალის" მაისურით 67-ე გოლი გაიტანა და ფერნანდო იეროს გაუთანაბრდა. მისი მეორე გოლი ავტოგოლად რომ არ ექციათ, რამოსი რობერტო კარლოსსაც (68 გოლი) დაეწეოდა.

* სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 10 გოლი გაიტანა. მცველებში მას მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს: რობერტო კარლოსი (16), ჟერარდ პიკე (11) და კრისტიან პანუჩი (11). როგორც რამოსს, 10 გოლი აქვს გატანილი ჯონ ტერის.

* დრის მერტენსი (ნაპოლი) გახდა პირველი ბელგიელი, ვინც ლიგაზე ერთ სეზონში 5 გოლი გაიტანა.

* "რეალმა" ამ სეზონში ბურთი ძელს 7-ჯერ გაარტყა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ყველაზე მეტია მონაწილე გუნდებს შორის.

* კრიშტიანო რონალდოს 6 მატჩია, ლიგაზე არ გაუტანია "რეალის" მაისურით. ამხელა "მშრალი" სერია მას არასოდეს ჰქონია.

* "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ წააგო მატჩი, რომელშიც ლიდერობდა და ორივეჯერ მას "რეალმა" აჯობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული