მსაჯი გვწამს, "ბარსა" გვაკვირვებს!

AutoSharing Option
ვერ გაქაჩა "არსენალმა"... უფრო სწორად, "ბარსელონას" ვერ გაუქაჩა, თორემ არსენ ვენგერს ძალიან კარგი გუნდი რომ ჰყავს, ამაზე არაერთხელ დაგვიწერია და სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ დავწერთ. მაგრამ "ბარსა" სულ სხვა ფენომენია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ ფენომენთან წარმატების მიღწევის შანსი მხოლოდ ერთეულ გამონაკლისებს აქვთ, თუმცა ამჯერად ჟოზე მოურინიოზე საუბარი უადგილოა. თანაც, ამ თემის გადაღეჭვაც კიდევ არაერთხელ მოგვიწევს.

მატჩამდე
პეპ გვარდიოლამ პირველი მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა: მაქსველისა და დისკვალიფიცირებული პიკეს ნაცვლად, სასტარტოში მასკერანო და ადრიანო ვიხილეთ. საინტერესო ის არის,
რომ გვარდიოლამ დაცვის ცენტრში ბუსკეტსისა და აბიდალის წყვილი გაამწესა. ლეო მესი ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინა, რომელსაც მარცხნიდან ვილია, მარჯვნიდან კი პედრო ეხმარებოდნენ.

ვენგერმა კი სამ ცვლილებას მიმართა და ძირითადში ებუეს, სონგისა და უოლკოტის ნაცვლად, სანია, დიაბი და როსიცკი დააყენა.

მატჩი
სანამ მესი ანგარიშს გახსნიდა, რაც პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე მოხდა, კატალონიელებს მხოლოდ ორჯერ შეეძლოთ "არსენალის" კარის დალაშქვრა - არადა, ბევრს უტევდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდ უპირატესობას ფლობდნენ. გოლის გატანა კი ჯერ პედროს (28-ე წუთი) მართებდა, მერე კი ადრიანოს (36). რაც შეეხება ლეოს პირველ გოლს: ის სესკ ფაბრეგასის შეცდომას და ანდრეს ინიესტას ბრწყინვალე პასს მოჰყვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვენგერის გუნდმა წონასწორობა აღადგინა და გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ლონდონელებს გოლი ციდან ჩამოუვარდათ: ნასრიმ კუთხური უხეიროდ ჩააწოდა, ბუსკეტსმა კი თავით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. ამრიგად, 1:1, რომელსაც მომდევნო ეტაპზე "არსენალი" გაჰყავდა, "ბარსას" კი ორი გოლი სჭირდებოდა.

55-ე წუთზე პედრომ ვილია ალმუნიასთან პირისპირ გაიყვანა და "არსენალის" მეკარის თავგანწირული თამაშის დამსახურებაა ის, რომ გოლი არ გავიდა. ზუსტად ერთ წუთში, მსაჯმა მასიმო ბუსაკამ ლონდონელთა ლიდერი რობინ ვან პერსი მოედნიდან გააძევა - მიუხედავად იმისა, რომ არბიტრს ჩასტვენილი ჰქონდა, თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა ჰოლანდიელმა კარში მაინც დაარტყა, რისთვისაც მეორე გაფრთხილება და შესაბამისად, გაძევება დაიმსახურა. 58-ე წუთზე ჩავიმ მარჯვნიდან ვილიას ჩაუწოდა, ამ უკანასკნელის დარტყმა კი ალმუნიამ მოიგერია, ორ წუთში კი პედროსაც აუღო მოულოდნელი დარტყმა.

არსენალი 69-ე წუტზე გატყდა: ინიესტა-ვილია-ჩავის კომბინაცია ამ უკანასკნელმა ცოტა იღბლიანად დააგვირგვინა - 2:1. ზუსტად ორ წუთში მოტყუებულმა კოშელნიმ პედროსთან ორთაბრძოლაში წესები დაარღვია, სამართლიანად დანიშნული პენალტი კი მესიმ გაიტანა - 3:1 და "ბარსამ" სასურველი ანგარიში მიიღო, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა!

88-ე წუთზე "ბარსელონას" ძალიან გაუმართლა, რადგან ლონდონელებმა კინაღამ კიდევ ერთი ციდან ჩამოვარდნილი გოლი შეაგდეს: უილშირმა კონტრშეტევა ბენდტნერისკენ გაკეთებული კარგი პასით დაასრულა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი ვერ მოიხელთა და კატალონიური გრანდი მასკერანოს თავგანწირულმა ვარდნამ გადაარჩინა. ფაქტია, ბენდნტნერს რომ გაეტანა, 2:3 მეოთხედფინალში "არსენალს" გაიყვანდა.

რეაქციები
პეპ გვარდიოლა (ბარსელონას მწვრთნელი): "არსენალისადმი" უდიდესი სიმპატიებით ვარ განწყობილი. მომწონს, ამ გუნდის ფეხბურთი! არ ვიცი, როგორ ანალიზს გაუკეთებენ ლონდონელები ამ მატჩს, სავარაუდოდ იტყვიან, რომ ვან პერსის გაძევების გამო წააგეს, რაშიც ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ფაქტია, რომ "არსენალს" დღეს გადაბმულად სამი პასიც კი არ გაუკეთებია. ჩვენ ლონდონელებს ვან პერსის გაძევებამდეც ძალიან კარგად ვეთამაშებოდით და ვჯობდით."

არსენ ვენგერი (არსენალის მწვრთნელი): "როგორ შეუძლია მსაჯს, რომ ასეთი მატჩი გააფუჭოს? დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ერთ რამეში: უბედური და უიღბლოა ყველა, ვისაც ლონდონის "არსენალი" უყვარს და მე ბუსაკასი საერთოდ არ მესმის. ვიცი, რომ მსაჯის სასტვენის შემდეგ დარტყმის გამო ფეხბურთელი გაფრთხილებას იმსახურებს, მაგრამ როცა ეს მეორე გაფრთხილებაა და თანაც ასეთ შეხვედრასთან გვაქვს საქმე, ცოტა უნდა დაფიქრდე და გადაწყვეტილებას ტვინიც დააყოლო. ბუსაკას გადაწყვეტილებამ, ვან პერსი მოედნიდან გაეძევებინა, შესანიშნავი მატჩი გააფუჭა, ჩვენ კი ძალიან მაგარ გუნდთან დავმარცხდით. "ბარსას" წარმატებებს ვუსურვებ!"

Top ფეხბურთელი
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

ინიესტა ფანტასტიკური იყო როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ისე შეტევაშიც. გამაოგნებელია, რაოდენ სწრაფად აზროვნებს ეს ფეხბურთელი ბურთით თუ უბურთოთ და რაოდენ ბრწყინვალე იდეები მოსდის იმ დროს, როცა ბურთი აქვს. ანდრესმა ძალიან ბევრი ირბინა, ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგო და ბურთს უდიდესი, მისთვის ჩვეული თავდაჯერებით ფლობდა. მესის პირველი გოლის დროს მან გენიალური პასი გააკეთა, "ბარსას" მეორე გოლი კი მის გენიალურ დრიბლინგს მოჰყვა.

Flop ფეხბურთელი
სესკ ფაბრეგასი (არსენალი)

სესკმა მაინცდამაინც თავისი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ, საყვარელ სტადიონზე ითამაშა ისე, როგორც ძალიან იშვიათად თამაშობს ხოლმე - ცუდად. ფაბრეგასი თითქმის საერთოდ არ იყო თამაშში ჩართული და თუ იყო, მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებით გახლდათ დაკავებული. თანაც, "ბარსელონამ" ანგარიში მისი შეცდომის შემდეგ გახსნა.

მსაჯი
საერთო ჯამში მასიმო ბუსაკა სოლიდურად გამოიყურებოდა, მაგრამ მასზე სხვას კარგს ვერაფერს ვიტყვით. 32-ე წუთზე, დიაბისა და მესის ორთაბრძოლას წესით ლონდონელთა კარში პენალტი უნდა მოჰყოლოდა; ვალდესი და აბიდალი შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ვან პერსის რომ იჭერდნენ, ბუსაკას "ბარსა" უნდა დაესაჯა; მაგრამ მთავარი მინუსი მაინც ვან პერსის გაძევება გახლდათ: ბუსაკას ცოტა მეტი ადამიანურობა რომ გამოეჩინა, მის მსაჯობას ასეთ ცუდ შეფასებას ნაღდად არ მივცემდით.

ანალიზი
არსენ ვენგერმა მატჩის წინ ბევრ რამეში უტიფრად იცრუა, მაგრამ ამ ტყუილების გამო სულაც არ ვამტყუნებთ - წარმატების მიღწევისთვის ყველა ხერხი გამართლებულია, თუკი გამკეთებელი შედეგზე ხელს თავიდანვე აწერს. ვენგერმა თქვა, დაცვაში არ ჩავჯდებით, ეს არაფერს მოგვცემსო, მაგრამ "არსენალმა" "ნოუ კამპზე" პირველ ტაიმში ზუსტად ისე ითამაშა, როგორც მილანის "ინტერმა" შარშან: როცა ბურთი "ბარსას" ჰქონდა (და ბურთი თითქმის ყოველთვის კატალონიელებს ჰქონდათ), ლონდონელები ათი კაცით ბურთსუკან იყვნენ, თავს კომპაქტურად იცავდნენ და წინ მხოლოდ ვან პერსის არბენინებდნენ.

კატალონიელები ზეწოლას უმეტესად ფლანგებიდან ახორციელებდნენ, რის გამოც ნასრის იმდენად უკან დახევა მოუხდა, რომ იფიქრებდით, "არსენალი" ორი მარცხენა მცველით თამაშობსო. მესი თავიდან ტიპური ცენტრფორვარდი და შესაბამისად, ცოტათი იზოლირებული იყო, სადღაც მე-20 წუთიდან კი ოდნავ უკან დაიხია და მაშინვე ყურადღების ცენტრში მოექცა.

სტილს, რომლითაც "არსენალი" თავს იცავდა, აღვირახსნილ "კატენაჩოს" ვერავინ დაარქმევს - ვენგერის ბიჭები საკუთარი კარიდან საკმაოდ შორს ახორციელებდნენ პრესინგს და "ბარსას" ფეხბურთელები ჭკვიანური მოქმედებებით რამდენჯერმე დატოვეს თამაშგარე მდგომარეობაში. ფაქტია: "არსენალმა" გუშინწინ გაცილებით უკეთ ითამაშა "ნოუ კამპზე", ვიდრე ზუსტად ერთი წლის წინ. ერთი ეგაა, რომ ლონდონელები შეტევაში ხეირიანად გადასვლას ვერაფრით ახერხებდნენ, რადგან ბარსელონელები სწრაფადვე იბრუნებდნენ ბურთს მისი დაკარგვის შემთხვევაში და გვარდიოლა ცამდე მართალია, როცა ამბობს, "არსენალმა" გადაბმულად სამი პასიც კი ვერ გააკეთაო, რითაც ვენგერის გუნდის დაკნინება კი არა, თავისი შეგირდების შექება სურს.

რომ არა "არსენალის" იღბლიანი გოლი, მეორე ტაიმში თამაში ნამდვილად შეიცვლებოდა, რადგან ლონდონელები იძულებულები გახდებოდნენ, შეეტიათ, ბუსკეტსის ავტოგოლმა კი სცენარი არ შეცვალა. ვენგერის გუნდმა მხოლოდ მაშინ მოინდომა, როცა ანგარიში უკვე 1:3 იყო, მაგრამ ამ დროს "არსენალი" უკვე კაცნაკლული იყო. ის ფაქტი, რომ მატჩის ბედი გაცილებით ადრე არ გადაწყდა, "მეთოფეების" მეკარე ალმუნიას დამსახურებაა, რომელსაც იმ დღეს საერთოდ არ უნდა ეთამაშა და მოედანზე მხოლოდ იმიტომ შეუშვეს, რომ პირველი კიპერი შჩესნი დაშავდა. სწორედ ალმუნიას კარგმა თამაშმა განაპირობა ის, რომ ბარსელონელებმა ბოლომდე ინერვიულეს და მატჩის მიწურულს ბენდტნერს რომ გაეტანა, სულაც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩებოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული