ინგლისური ბარიერი - სად იყავით "სან სიროზე?"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი მეოთხედფინალში იშვიათად გადის ხოლმე და "ტოტენჰემი" ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელმაც ეს შეძლო. თანაც, ლონდონელებმა მერვედფინალიდან ჩემპიონთა ლიგის შვიდგზის გამარჯვებული და სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერი "მილანი" დაიფრინეს.

მერე რა, რომ იტალიური საკლუბო ფეხბურთი კრიზისშია - ჰარი რედნაპის გუნდი უდიდეს აპლოდისმენტებს იმსახურებს. "მილანისთვის" კი ინგლისური კლუბი კვლავ გადაულახავ ბარიერად დარჩა - ზუსტად ისე, როგორც 2008 და 2010 წლებში, "როსონერის" ჩემპიონთა ლიგაში მოღვაწეობა ამჯერადაც პრემიერლიგის წარმომადგენელმა შეაწყვეტინა.

მატჩამდე
მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა, "ტოტენჰემის" თავკაცმა მოედანზე მაინც უფრო შემტევი
შემადგენლობა გაიყვანა - მაგალითად, ტიპური საყრდენის, პალასიოსის ნაცვლად, სასტარტოში გაცილებით შემოქმედი მოდრიჩი ვიხილეთ. "როსონერის" კი სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა -  სხვადასხვა მიზეზების გამო მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი ფეხბურთელები ვერ გამოიყენა: გატუზო, ვან ბომელი, ემანუელსონი, კასანო, პირლო, ამბროზინი და ძამბროტა. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელება მოასწრო კევინ-პრინს ბოატენგმა, რის გამოც ახალგაზრდა გერმანელი ნახევარმცველი ალექსანდერ მერკელი ძირითადში არ ყოფილა - ალეგრიმ ის მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა.

მატჩი
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ "მილანმა" გაცილებით უკეთესად ითამაშა, ვიდრე პირველ შეხვედრაში, მაგრამ არა იმდენად უკეთესად, რომ "ტოტენჰემი" "უაით ჰართ ლეინზე" დაემარცხებინა. თუმცა ალეგრის შეგირდებმა იმდენი მომენტი კი შექმნეს, რომ მოგების შემთხვევაში, მათ წარმატებას ალოგიკურს ვერავინ უწოდებდა. მე-15 წუთზე იბრაჰიმოვიჩის ჯარიმა სახიფათო იყო, მაგრამ გომეშმა ივაჟკაცა; 26-ე წუთზე "როსონერის" კონტრშეტევას პატოს მიერ კარიდან ნაადრევად გამოვარდნილი გომეშის მოტყუება მოჰყვა, მაგრამ კუთხე ზედმეტად მახვილი იყო და პატომ თანამემამულე რობინიოს უპასა, რომელმაც ბურთი ასუ-ეკოტოს მხარზე მოარტყა; 34-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა ნახევრად მემარცხენე პოზიციიდან პატო მოძებნა, რომელმაც გალასი გააცურა და 13 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ გომესი დროულად "დაწვა" და ბურთი უხეიროდ კი მოიგერია, მაგრამ დოუსონმა სიტუაცია მაშIნვე განმუხტა.

"ტოტენჰემის" პირველი რეალური მომენტი მხოლოდ 46-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა ლენონმა მარჯვნიდან ჩააწოდა, შორეულ ძელთან კი ბურთს რა თქმა უნდა, კრაუჩი დახვდა, ნესტა და აბატე მის სიახლოვეს არ აღმოჩნდნენ, მაგრამ "ტოტენჰემის" ფორვარდმა ბურთს სახეირო ვერაფერი მოუხერხა. 66-ე წუთზე აბატემ და რობინიომ ვან დერ ვაარტის შეცდომით ისარგებლეს და ჩინებული კომბინაციეს გაითამაშეს, რის შემდეგაც რობინიოს გომეშმა ორჯერ აუღო. 77-ე წუთზე კი, მერკელმა მშვენიერი პასი მისცა რობინიოს, რომელმაც პატოს დაუგორა, ამ უკანასკნელის დარტყმა კი "ტოტენჰემის" კარს ასცდა.

დასკვნა: "ტოტენჰემმა" ვერ ითამაშა ისე სოლიდურად, როგორც ველოდით, "მილანი" უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ რედნაპის გუნდმა გაძლო და სასურველი 0:0 შეინარჩუნა.

Top ფეხბურთელი
ინაციო აბატე (მილანი)
"მილანის" მარჯვენა მცველმა თავისი უშუალო მოვალეობაც კარგად შეასრულა (პიენაარს ფაქტობრივად არაფერი გააბედინა) და შეტევაშიც უაღრესად პროდუქტიული იყო. აბატემ ძალიან ბევრი ირბინა, არაერთხელ ჩაუწოდა იბრაჰიმოვიჩს და გამჭოლი პასებიც არიგა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად, ძალიან კარგად ითამაშა კლარენს ზეედორფმაც, რომელიც არა და არ ბერდება.

Flop ფეხბურთელი
რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი)
"ტოტენჰემის" ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა ვერაფერი გააწყო, რაც თავის მხრივ "მილანის" მებრძოლი საყრდენის, კევინ-პრინს ბოატენგის დამსახურებაა. არადა, ვან დერ ვაარტს ბურთის დაჭერა და ტემპის კონტროლი ევალებოდა. სწორედ ამიტომ, რედნაპმა ვან დერ ვაარტი 66-ე წუთზე თამაშიდან მოხსნა, მაგრამ მანამდე ჰოლანდიელმა ძალიან ცუდად მოიქცა, როცა ბურთის დაკარგვის შემდეგ ეგოისტურად დადგა და ბურთის დაბრუნებისთვის არ იბრძოლა. მილანელებმა კი იმ მომენტით კინაღამ ისარგებლეს და გოლი რომ გაეტანათ, ეს რაფაელის სინდისზე იქნებოდა.

მსაჯი
ფრანკ დე ბლეეკერზე ცუდს ვერაფერს ვიტყვით გარდა იმისა, რომ ერთ მომენტში ზეედორფი ყვითელი ბარათით არ დასაჯა (ჰოლანდიელმა მოდრიჩთან ორთაბრძოლისას აშკარად გადაამეტა). ბელგიელი არბიტრის ასისტენტები კი თამაშგარე მდგომარეობის შეფასებისას რამდენჯერმე შეცდნენ, მაგრამ ამ შეცდომებს მატჩის შედეგზე არ უმოქმედია.

ანალიზი
რედნაპი გარკვეულწილად გაუმართლებელ რისკზე წავიდა, როცა თამაში მხოლოდ ერთი საყრდენი ნახევარმცველით, 21 წლის სანდროთი დაიწყო, მის გვერდით კი შემტევი მოდრიჩი დააყენა. გაუმართლებელ რისკს ამ შემთხვევაში ხაზი იმიტომ გავუსვით, რომ "ტოტენჰემს" მაინც არ უთამაშია დიდად შემტევი ფეხბურთი, რადგან აშკარად იგრძნობოდა, ლონდონელ ფეხბურთელებს ახსოვდათ, რომ პირველი მატჩი "სან სიროზე" 1:0 ჰქონდათ მოგებული.

რედნაპის ამ შეცდომამ (თუ რისკმა) ის გამოიწვია, რომ "მილანის" ნახევარმცველებს მოედნის ცენტრში უმეტესად საკმაოდ დიდი დრო ეძლეოდათ იმისათვის, რომ რამე კარგი მოეფიქრებინათ. პატო, რობინიო და იბრაჰიმოვიჩი ბევრს მოძრაობდნენ, როცა შვედი თავდამსხმელი უკან იხევდა ან ფლანგზე გადადიოდა, ცენტრფორვარდად მყისვე პატო გვევლინებოდა ხოლმე. სხვა საქმეა ის, რომ "როსონერის" შემტევი ტრიოს კრეატიულობამ "მილანს" არაფერი მოუტანა.

ტოტენჰემელებს კი ეტყობოდათ, რომ "მილანს" ზედმეტად დიდ პატივს სცემდნენ. ინგლისელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ლენონს იანკულოვსკი და ფლამინი კარგად აკონტროლებდნენ და რედნაპის გუნდს პირველ რიგში კრაუჩისკენ მაღალი ჩაწოდებებით სურდა ფონს გასვლა, მაგრამ "სპურზის" აყლაყუდა გოლეადორი ამჯერად ძალიან მოუქნელი გახლდათ, ბურთს უმეტესად ვერაფერს უხერხებდა და საერთო ჯამში, თამაშის წესები ცხრაჯერ დაარღვია.

"ტოტენჰემი" მეორე ტაიმში აშკარად უკეთ ათამაშდა, როგორც ჩანს, რედნაპმა შეცდომები გაითვალისწინა, მაგრამ კრაუჩი არ შეცვლილა. რაც ლონდონელთათვის მთავარია, მეორე 45 წუთში "მილანი" აღარ იყო ისეთი დომინანტი, როგორც პირველ ტაიმში. საბოლოოდ კი, "როსონერის" მაინც არ ეყო ძალა იმისათვის, რომ "უაით ჰართ ლეინზე" მოეგო. ის, რაც აუცილებლად უნდა ითქვას: მილანელებს საკუთარ მოედანზეც ასეთი მონდომებითა და კონცენტრაციით რომ ეთამაშათ, შესაძლოა, მეოთხედფინალში იტალიის ჩემპიონატის ლიდერი გასულიყო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული