ატლეტიკო VS რეალი - Adios "ვისენტე კალდერონ"!

AutoSharing Option
* "ატლეტიკო" უკანასკნელად თამაშობს ევროთასების მატჩს "ვისენტე კალდერონზე".

* მადრიდის "რეალს" ორი გოლი აკლია ჩემპიონთა ლიგაზე 500 გოლის გატანამდე.

* "ატლეტიკომ" წააგო "რეალთან" წინა ოთხი ევროპული დაპირისპირება. მათ შორის, 2014 და 2016 წლების ფინალი.

* ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჯერ არავის აღმოუფხვრია ორბურთიანი ჩამორჩენაც კი, "ატლეტიკოს" კი სამგოლიანი ჩამორჩენა აქვს გადასალახავი.

* ამ წყვილში გამარჯვებული 3 ივნისს უელსის ქალაქ კარდიფში ლიგის ფინალში ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

ოთხშაბათს ევროპა "ვისენტე კალდერონს" დაემშვიდობება. ამის მერე "ატლეტიკო" კიდევ ერთ მატჩს გამართავს მშობლიურ სტადიონზე "ბილბაოსთან" და...
"ვისენტე კალდერონს" დაანგრევენ, დიეგო სიმეონეს გუნდი კი ახალ სტადიონზე გადავა. მადრიდული დერბი კი შესანიშნავი საშუალებაა სტადიონთან გამოსამშვიდობებლად.

მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე 498 გოლი აქვს გატანილი, ორიც და 500-ია. საოცარია, მაგრამ ფაქტია - ამ გოლების 17%-ზე მეტი ერთ კაცზე მოდის! კრიშტიანო რონალდოზე. რა თქმა უნდა "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მეორე ადგილზე "ბარსელონაა" 459 გოლით, მესამეზე "ბაიერნი" - 415 გოლით. "რეალის" დღევანდელ მეტოქე "ატლეტიკოს" ლიგაზე კრიშტიანო რონალდოზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი!

გასული წლის ფინალისტთა დაპირისპირება "კალდერონზე" 0:3-ით იწყება. დაგვეთანხმებით, დიდი უპირატესობაა "სამეფო კლუბისთვის" და ის ცალი ფეხით ფინალშია. როცა ამ ეტაპზე სამი კი არა, ორგოლიანი ჩამორჩენაც არავის აღმოუფხვრია, დაწინაურებული გუნდი აშკარა ფავორიტია.

"ატლეტიკოს" სასარგებლოდ მხოლოდ ამ გუნდის გმირული, მებრძოლი ხასიათი და სტადიონის ფაქტორი მეტყველებს. "კალდერონზე" შესანიშნავი ფანობა იციან, დღეის მერე კი იტყვიან, იცოდნენო, რადგან ეს ბოლო ევრომატჩია "კალდერონზე". ეს კი დამატებითი მოტივაციაა ისედაც სუპერმოტივირებული დიეგო სიმეონეს გუნდისთვის. აკი თქვა კიდევაც სიმეონემ ლა ლიგაში "ეიბართან" გამარჯვების შემდეგ, "რეალისთვის" ასეთი მატჩის შემოტრიალება ბევრს ნამდვილად არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების უნარი გვაქვსო.

საკადრო პრობლემები ორივე გუნდს შეეხო, თუმცა "რეალს" სუპერვარსკვლავი არ ეყოლება, გარეთ ბეილი ისევ ლაზარეთშია. ბეილთან ერთად, გამორიცხულია დანი კარვახალის თამაშიც. მოკლედ, "სამეფო კლუბს" მარჯვენა შემტევი და მარჯვენა დამცველი არ ეყოლება. ზინედინ ზიდანი ამას ნაჩოსა და ისკოს დამატებით უწამლებს.

სიმეონე დიდი ხანია, შეეგუა აუგუსტო ფერნანდესის ტრავმას. პრობლემები არის მარჯვენა მცველის პოზიციაზე - ხუანფრანისა და მისი შემცვლელის, ხორვატი ვრსალიკოს თამაში საეჭვოა, ისევე, როგორც ხიმენესის, რომელსაც ასევე შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. არადა, სწორედ აქედან შეიძლება შეუტიოს რონალდომ!

I მატჩში
"სანტიაგო ბერნაბეუზე" კრიშტიანო რონალდომ ბენეფისი მოიწყო. მან მეოთხედფინალურ სტადიაზე ხუთი გოლი გაუტანა მიუნხენის "ბაიერნს", "ატლეტიკოს" კი პირველ მატჩში ჰეთ თრიკი შეუსრულა. პორტუგალიელმა მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ კი გოლები 73-ე და 86-ე წუთებზე დაამატა და, თითქოს, ფინალისტის საკითხიც გაარკვია. თამაში ისე წარიმართა, რომ "ათლეტებმა" "რეალის" კარში მხოლოდ ერთხელ შეძლეს ზუსტად დარტყმა. ეს იყო კრიშტიანოს 42-ე ჰეთ თრიკი "რეალის" მაისურით.

პრესკონფერენცია
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ძალების. არ შევიცვლებით ამ თამაშისთვის. ვიცით, რომ შეგვიძლია ამ დაპირისპირების შემოტრიალება. ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯერა. ნახავთ, ხვალ ისინი კარგ ფეხბურთს შემოგთავაზებენ. თავს მკაცრად დავიცავთ და წუთი-წუთზე შევეცდებით შანსების შექმნასა და მათ გამოყენებას. მეტოქე, ჩემი აზრით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა "ბარსელონასა" და "ბაიერნთან" ერთად.

ნახევარფინალში ვართ და ფინალის საგზურისთვის ვიბრძვით. ყველა იამაყებდა ამ ეტაპზე ყოფნით. ერთადერთი გუნდი ამ ეტაპზე დარჩენილთაგან, რომელმაც ვერ შეძლო ფეხბურთელების დასვენება, "ატლეტიკოა". ჩვენ გვაქვს ჩვენი უპირატესობები და ამ თამაშში, რაღაც განსაკუთრებული რთულის გაკეთებას შევეცდებით და არ დავნებდებით, საფინალო სასტვენამდე".

ზინედინ ზიდანი: "ატლეტიკო" შეეცდება, შეგვიშალოს ხელი და ჩაგვიშალოს გეგმა. ზოგადად, ეს არის "ატლეტიკოს" თამაშის სტილი. მაგრამ ჩვენ შევეცდებით, საკუთარი თამაში ვაჩვენოთ, მიუხედავად ყველაფრისა და მიზანს მივაღწიოთ. ვერაფერი შეცვლის ჩვენს ამ მისწრაფებას. ახლა სეზონის ბოლოა და უნდა მივიღოთ ყველაფერი, რაც დავიმსახურეთ. ახლა ყოველი თამაში ფინალია და ხვალინდელიც ფინალია. "რეალი" ითამაშებს მხოლოდ "რეალის" ფეხბურთს, სხვანაირად არ შეგვიძლია. კლუბის ისტორია გვავალებს, რომ არ შევუშინდეთ სირთულეებს. უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც დიდ კლუბს შეეფერება".

გასულ უქმეებზე
"ატლეტიკომ" "ეიბარს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა ბასკური კლუბი. ერთადერთი გოლის ავტორი ნახევარმცველი საულ ნიგესია. ამ მოგების შემდეგ "ატლეტიკოს" ქულაც ჰყოფნის მესამე ადგილის დასაბევებლად.

მადრიდის "რეალმა" ტონი ადამსის "გრანადა" 4:0 გაანადგურა. ოთხივე გოლი ანდალუსიელთა კარში პირველ ტაიმში გავიდა, ჯერ ხამეს როდრიგესმა შეასრულა დუბლი, შემდეგ კი ალვარო მორატამ. ამით "რეალმა" დაკარგული ქულებით ლა ლიგის ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო "გრანადა" მეორე დივიზიონში მოისროლა.

ოთხშაბათი. 10 მაისი
ატლეტიკო-რეალი 22:45 (0:3)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აუგუსტო ფერნანდესი, ვრსალიკო (?), ხუანფრანი (?), ხიმენესი (?) - კარვახალი, ბეილი
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო, საულ ნიგესი, გაბი, კოკე - გრიზმანი, გამეირო
რეალი (4-3-3): ნავასი - ნაჩო, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო, ბენზემა, რონალდო
ურთიერთშეხვედრები: 24 თამაში: +8=6-10 (26:34)
მსაჯი: ჯუნეით ჩაკირი (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული