იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ორივე გუნდთან წარსული აკავშირებს - კაპელო ორ-ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა როგორც "იუვენტუსს", ისე "რეალს". იტალიურ მედიაში ლეგენდარული სპეციალისტის მოსაზრებები გავრცელდა სწორედ ლიგის ფინალთან და მასში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით...
რეალი
"რეალი" შესანიშნავ ფორმაშია და სრულიად დამსახურებულად მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ვფიქრობ, რომ დღეს "სამეფო კლუბს" საუკეთესო თავდასხმა ჰყავს ევროპაში - შესაძლოა, ბევრი შემეკამათოს, რადგან "ბარსელონას" ნეიმარი, მესი და სუარესი ჰყავს, მაგრამ
კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და სეზონის დასკვნით ფაზას ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა. რონალდოს მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა და მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალისაც.
ზინედინ ზიდანის ხელში შესანიშნავად ათამაშდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც აქამდე ჩრდილში იყვნენ მოქცეულნი - თუნდაც ისკო, რომელიც "ატლეტიკოსთან" დუელში შეუდარებელი იყო. "რეალის" მინუსი? - გამოკვეთილ მინუსს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ ზიდანს კარგად დაბალანსებული, შესანიშნავი გუნდი ჰყავს.
იუვენტუსი
"იუვენტუსი" დაბადებულია იმისთვის, რომ გაიმარჯოს და არ მიკვირს, რომ ტურინული გრანდი ასეთ წარმატებებს აღწევს. მასიმილიანო ალეგრის ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, რომელიც იდეალურადაა დაბალანსებული ყველა რგოლში. "იუვეს" არ აქვს სუსტი წერტილი და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. საოცარი მეკარე, ბრწყინვალე დაცვა, დიდი არჩევანი ნახევარდაცვაში და სახიფათო შეტევა - ეს გუნდი იმსახურებდა იტალიურ დუბლს და იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც.
ალეგრი შესანიშნავად მუშაობს და მან იცის, როგორ მოამზადოს გუნდი ერთი კონკრეტული თამაშისთვის. "იუვეს" ბოლო წარმატებების მთავარი შემოქმედი სწორედ მასიმილიანო ალეგრია. როგორ უნდა ითამაშოს "იუვენტუსმა" ფინალში? - დაბალანსებული ფეხბურთი - არც დაცვაში ჩაჯდომაა საჭირო და არც უკანმოუხედავად შეტევაში წასვლა.
პროგნოზი
პროგნოზების კეთება ჩემი საქმე არაა, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - წინ დაბალანსებული და მეტად საინტერესო ფინალი გველოდება. ერთი მხრივ, გუნდი, რომელსაც საუკეთესო შეტევა ჰყავს ევროპაში და მეორე მხრივ, გუნდი, რომლის კარშიც გოლის გატანა ურთულესია.
"რეალის" მესვეურნი უფრთხიან "იუვენტუსს" - მათ მკითხეს, თუ რატომ არ უშვებს "იუვე" გოლებს - მადრიდელებმა მთხოვეს, რომ მათთვის მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკა გამეშიფრა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა. მირჩევნია უბრალოდ დაველოდო ფინალს და თამაშით ვისიამოვნო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"