"ინტერი" იტალიური ფეხბურთისთვის იბრძოლებს!

AutoSharing Option
"ბაიერნი" წელს ვერც გერმანიის ჩემპიონი გახდება და ვეღარც გერმანიის თასს მოიგებს. ასე რომ, თუკი ლუის ვან გაალს მიუნხენურ პუბლიკასთან ტიტულით გამომშვიდობება სურს, ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. რაკი მილანში 1:0 მოიგო, გერმანული გრანდი "ინტერთან" ფავორიტია და თუ მიუნხენელები სასურველ შედეგს მიაღწევენ, "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მეთერთმეტედ გავა. აღსანიშანვია, რომ "ბაიერნს" "ინტერი" საკუთარ მოედანზე არასდროს დაუმარცხებია, თუმცა მხოლოდ ორჯერ შეხვდა: 0:2 და 1:1.

შაბათს, "ჰამბურგთან" 6:0-ის შემდეგ, რამაც რეკორდმაისტერს ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით წახდენილი ხასიათი მნიშვნელოვნად გამოუკეთა, მიუნხენური კლუბის გასახდელი ყველაზე ბოლოს მთავარმა
ექიმმა, დოქტორმა მიულერ-ვოლფარტმა დატოვა, რომელმაც ჟურნალისტებს ამაყად ამცნო, რომ "ბაიერნის" ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია. ამრიგად, "ბაიერნი" სეზონის დღემდე უმნიშვნელოვანეს მატჩს უპრობლემოდ ხვდება (თუ არ ჩავთვლით ივიცა ოლიჩის ტრავმას, რომელსაც ფაქტობრივად მთელი სეზონი გაუცდა). "ჰამბურგთან" დიდი ანგარიშით მოგებამ კი ბავარიელებს თავდაჯერებაც შემატა, რაც არიენ რობენის თქმით, "ინტერთან" შეხვედრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

"ჯუზეპე მეაცაზე" მიღწეული 1:0 "ბაიერნს" მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს. "ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ ვინმეს გოლი აქვს გასატანი, ეს პირველ რიგში იტალიელებზე ითქმის", - ამბობს ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელსაც ამ სიტყვებით იმისთვის სურს ხაზგასმა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ინტერი" ვალდებულია, შეუტიოს, რაც მიუნხენური გრანდის დრიბლიორ გარემარბებს, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენს დერეფნებს გაუხსნის. თუმცა "ბაიერნი" დაცვაში ჩაჯდომას არ აპირებს: შვაინშტაიგერი ამბობს, ვან გაალის ხელში დაცვითი ფეხბურთი არასდროს გვითამაშია და ეს არც ახლა მოხდება, იმაში კი ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ საგოლე შანსები ჩვენც გვექნება, თანაც, არაერთი და მთავარია, რომ გამოვიყენოთო.

შვაინი ცამდე მართალია, მაგრამ თუ "ბაიერნის" მცველები მოწოდების სიმაღლეზე არ იდგებიან, არაფერი გამოვა. ვან გაალმა გასულ უქმეებზე კიდევ ერთხელ აღიარა, რომ მის გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. მართალია, ჰოლანდიელ მწვრთნელს ეს სიტყვით არ უთქვამს, მაგრამ დაცვის ცენტრში დანიელ ვან ბუიტენისა და ლუის გუსტავოს წყვილის სახით მიმდინარე სეზონში ცენტრალური მცველების დუეტის მე-17 (!) ვარიანტი რომ გაამწესა, ამით ყველაფერი ნათქვამი იყო.

თუკი ლუისი "ინტერთანაც" იგივე წყვილს მიანიჭებს უპირატესობას, გამოვა, რომ ლუის გუსტავო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვერ ითამაშებს, არადა, პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ძალიან კარგად გაუმკლავდა მილანელთა გამთამაშებელ ვესლი სნეიდერს. ასე რომ, ვან გაალი უნდა დაფიქრდეს: არის თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში შვაინშტაიგერისა და კროოსის წყვილი საკმარისად ხისტი და დაცვითი ფუნქციების იდეალურად შემსრულებელი "ინტერთან" პაექრობისთვის?

ზემოთაც ვთქვით, რომ "ბაიერნს" საკუთარ მოედანზე "ინტერი" არასდროს დაუმარცხებია, მაგრამ მიუნხენელებს გამარჯვება დღესაც არ სჭირდებათ - რეკორდმაისტერს მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს.

რაც შეეხება "ინტერს": თუკი "ბაიერნი" მიმდინარე სეზონში უკანასკნელი ტიტულისთვის იბრძვის, "ნერაძური" იტალიური ფეხბურთის შელახული რეპუტაციის მცირეოდენ აღდგენას შეეცდება - "ინტერი" ხომ ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელიც ევროტურნირებს შემორჩა. თუ "ინტერი" გავარდება, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად მოხდება ისე, რომ ორივე ევროტურნირის მეოთხედფინალში არც ერთი იტალიური კლუბი არ იქნება წარმოდგენილი.

ევროპის ლიგაში მოასპარეზე იტალიური კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა ჯგუფური ეტაპიდან გავარდა. მართალია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სერია A-ს სამმა წარმომადგენელმა გააღწია, მაგრამ "რომა" დონეცკის "შახტართან" გავარდა, "მილანი" კი - "ტოტენჰემთან". ახლა კი, მთელი იტალია "ინტერის" იმედადაა.

"ბაიერნთან" მატჩს ჩვენთვის ზუსტად ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც გასული სეზონის ფინალს ჰქონდა," - აცხადებს მილანელთა თავდამსხმელი გორან პანდევი და ამ სიტყვებით "ნერაძურის" ტიფოზებს იმედიანად განაწყობს. იტალიური ფეხბურთის კრიზისს არაერთი მიზეზი აქვს, რაზეც ადრეც არაერთხელ გვისაუბრია და ახლა აღარ დავკონკრეტდებით, გაგახსენებთ მხოლოდ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჩეზარე პრანდელის სიტყვებს, რომელმაც თქვა, იტალიური კლუბები წლების მანძილზე ფულს მხოლოდ მაღალი კლასის ფეხბურთელებში ხარჯავდნენ, ინფრასტრუქტურას კი ყურადღებას არ აქცევდნენ, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღოო: სერია A უეფას ბოლო ხუთი წლის რეიტინგში ახლახან მესამედან მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაისად ჩემპიონთა ლიგაში იტალიიდან სამი გუნდი გავა, გერმანიიდან კი უკვე ოთხი...

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: დღეს საფებხურთო იტალიას იმ კლუბის იმედი აქვს, რომელიც ყველაზე არაიტალიური კლუბია. თვითონ განსაჯეთ: გასული სეზონის ფინალში "ინტერმა" "ბაიერნი" 2:0 რომ დაამარცხა, "ნერაძურის" ძირითად შემადგენლობაში არც ერთი იტალიელი არ იყო. მას მერე ვითარება დიდად არ შეცვლილა, თუმცა დღეს ძირითადში ერთი იტალიელი ნამდვილად იქნება: ანდრეა რანოკია, დაცვის ცენტრში.

საინტერესოა ის, რომ როცა "ბაიერნი" ფლეი ოფში პირველ მატჩს სტუმრად იგებდა, მომდევნო ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდა ხოლმე. აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა რომც მოიგოს, ვან გაალს მიუნხენურ კლუბში მომავალი სეზონისთვის მაინც არავინ დატოვებს, რასაც ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰოლანდიელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"შეუძლებელი არაფერია. ჩვენ მიუნხენში მოგება ნამდვილად შეგვიძლია", - ეს "ინტერის" თავკაც ლეონარდოს ოპტიმისტური განცხადებაა, რომელსაც ტიაგო მოტა და ლუსიო კი გამოუჯანმრთელდნენ, მაგრამ შესაძლოა, ისინი ძირითად შემადგენლობაში მაინც ვერ ვიხილოთ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ვან ბუიტენი, ლუის გუსტავო, პრანიჩი - კროოსი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
ინტერი (4-1-2-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, კივუ - კამბიასო - ხ. ძანეტი, სტანკოვიჩი - სნეიდერი - ეტო"ო, პანდევი.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

ბაიერნი-ინტერი
პირველი მატჩი: 1:0.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული