იუვენტუსი VS რეალი - გუნდი თუ ლიდერი, დაცვა თუ შეტევა?

AutoSharing Option
* "იუვენტუსი" და "რეალი" შაბათს ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარ ჯილდოს 62-ედ გაითამაშებენ.
* მადრიდის "რეალი" ტურნირის რეკორდსმენია 11 ტიტულით, "იუვენტუსს" კი 2 ტიტული აქვს მოგებული.
* თუ "რეალი" მოიგებს, გახდება პირველი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, რომელიც ტიტულს შეინარჩუნებს.
* სტატისტიკურად ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან ტურნირზე საუკეთესო დაცვისა (იუვენტუსი) და საუკეთესო შეტევის (რეალი) მქონე გუნდები.

დღეს, 3 ივნისს, კარდიფის "მილენიუმი" ევროსაკლუბო სეზონის დასკვნით ბრძოლას უმასპინძლებს. თუ გადავხედავთ განვლილ ბატალიებს, წლევანდელი ფინალი კანონზომიერია მონაწილეთა თვალსაზრ
ისით - "იუვენტუსმა" და "რეალმა" კარდიფისკენ მიმავალ გზაზე სწორედ ის გუნდები ("ბარსელონა" და "ბაიერნი") ჩამოიცილეს, არანაკლები პრეტენზია რომ ჰქონდათ ტურნირის მოგებაზე...

ამრიგად, ფინალშია კონტინენტის ორი უძლიერესი გუნდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპას გამარჯვებულის გამო არ შერცხვება, თუ ეს გამარჯვება სამართლიან ბრძოლაში იქნება მოპოვებული...

"იუვენტუსი" დამაჯერებლად მიდის თავის ისტორიაში პირველი ჰეთ თრიკისკენ. სკუდეტო და თასი მოგებულია, დასაპყრობი დარჩა ბოლო, ყველაზე რთული მწვერვალი. ტურნირის ისტორიაში, ალბათ, ყოფილა შემთხვევები, როცა "რეალს" უფრო მძლავრი მეტოქეც ჰყოლია ფინალში, მაგრამ ვეჭვობთ, ამ მოსაზრებას ბოლომდე დაეთანხმონ კრიშტიანო რონალდო და მისი მეგობრები.

"რეალი" მაინც, ასე ვთქვათ, რონალდოს გუნდია. "იუვეს" კი არ ჰყავს ასეთი გამოკვეთილი ფიგურა, რადგან მისი ძალა გუნდურობაშია. ამიტომაც დავსვით სათაურში კითხვა - "გუნდი" მოიგებს ლიგას თუ გუნდის "ლიდერი"?

როცა ფინალში ერთმანეთს ტოპკლუბები ხვდებიან, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება და ესა თუ ის ფიგურა მხოლოდ მაშინ გამოდის წინა პლანზე, როცა რაღაც ისე ვერ არის, როგორც წინასამატჩო გეგმაში იყო ჩამოწერილი. "რეალმა" ეს "ბაიერნთან" საშინაო მატჩშიც დაამტკიცა...

მაგრამ "იუვენტუსის" შემთხვევაში როგორღა არის საქმე? "ბებერი ქალბატონის" ხასიათის სიმტკიცეს სერიოზული გამოცდა ჰქონდა სევილიურ მატჩში, როცა მასპინძელი სწრაფი გოლით დაწინაურდა. თუ არ გახსოვთ, მაშინ გაგახსენებთ - იმ შეხვედრაში "იუვენტუსს" სასტარტო შემადგენლობაში არ ჰყავდა ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი.

ლიგის ამ გათამაშებაში "იუვეს" თითქმის არასოდეს ჰქონია საქმე ვინმესთვის გამარჯვების ხელიდან გამოსაგლეჯად, მით უმეტეს, ეს იშვიათად ხდებოდა სერია A-ში. სწორედ აქ აქვს უპირატესობა "რეალს", რომელსაც არა ერთხელ მოუწია ბეწვის ხიდზე გავლამ, ან როგორც იტყვიან ხოლმე - ტყავში გაძვრომამ...

სატურნირო წრთობა, მუდმივად ტონუსში ყოფნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც "რეალს", შეიძლება, ძალიან გამოადგეს კარდიფის დაპირისპირებაში...

* * *
გამარჯვების მთავარ იარაღად, შესაძლოა, გადაწყვეტილებების სისწრაფე იქცეს, სისწრაფეც და არაორდინარულობაც. ეს არის სწორედ ის იარაღი, რომელსაც შეუძლია, მეტოქე ჩიხში მოამწყვდიოს.

ახლახან, "რომამ" ძალიან ადვილად მოუგო (3:1) მასიმილიანო ალეგრის გუნდს, თან ამ უკანასკნელისთვის ეს სულაც არ იყო რიგით მატჩი, მეტიც - საკვანძო დანიშნულებაც კი ჰქონდა სკუდეტოსთვის ბრძოლაში...

"რომას" ეს გამარჯვება არ ეყო, ისევე, როგორც საკმარისი არ აღმოჩნდა "ბარსელონასთვის" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 23 აპრილს მოგებული (3:2) დრამა. სწორედ ეს ორი მატჩი იქცა იმის ნათელ მაგალითად, რომ არასტანდარტული მოქმედება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია - მარტო ის ეპიზოდი რად ღირდა, საყრდენი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ცენტრფორვარდის პოზიციაზე რომ აღმოჩნდა და კიდევ ბევრი სხვა...

* * *
ძალიან საინტერესო უნდა იყოს დაპირისპირება ორ ბრაზილიელ ფლანგელს შორისაც - აქეთ მარსელო, იქით დანი ალვეში. ორივეს უყვარს შეტევაში ჩართვა, დრიბლინგი, ჩაწოდებები... მაგრამ ამჯერად მათ უფრო ერთმანეთის განეიტრალება მოუწევთ, ვიდრე შეტევებზე ზრუნვა, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია მატჩის ფასი, ძალიან ბევრი რამ დევს სასწორზე...

...და კიდევ ბევრი რამ არის, რაც სამახსოვრო ბუკლეტში უნდა ჰქონდეთ ფინალის მონაწილეებს. მაგალითად, იმავე მარსელოს იდაყვები, ლიონელ მესიმაც რომ იგემა ბოლო "კლასიკოში"...

ან რონალდოს მსახიობური ტალანტი, რასაც ნებისმიერი მეტოქის პროვოკაციაზე წამოგება შეუძლია...

ორივე გუნდს ჰყავს "სტანდარტულების" კარგი შემსრულებლები, რაც ასევე სერიოზული რესურსი შეიძლება იყოს თამაშის "ჩაკეტვის" შემთხვევაში - მირალემ პიანიჩი, პაულო დიბალა... ისინი მშვენივრად ურტყამენ ჯარიმებს.
აღარაფერს ვამბობთ მეორე მხარეზე - რონალდოც ხომ ასეთ დროს ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში...

* * *
რა თქმა უნდა, კარდიფის "მილენიუმი" იქნება საინტერესო სამწვრთნელო დაპირისპირების ასპარეზიც. მასიმილიანო ალეგრის სათამაშო სქემა, ასე ვიტყოდით, უფრო მოქნილია. არსენალში ნაკლები ვარიანტი არც ზინედინ ზიდანს აქვს, მაგრამ მისი თითოეული მოდელი უფრო მეტად არის დამოკიდებული ცალკეულ მოთამაშეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე...

...პლუს შეცვლების ხარისხი! ორივე გუნდს საინტერესო რეზერვი ჰყავს და თითოეულს შეუძლია არათუ თამაშის მიმართულების, არამედ - თვით შედეგის კორექტირებაც...

* * *
გამარჯვების შემთხვევაში, "იუვენტუსისთვის" ეს იქნება პირველი "ოქროს ჰეთ თრიკი". შესაძლოა, სწორედ ალეგრი იყოს ის მწვრთნელი, ვის ხელშიც ტურინული გრანდი დაარღვევს უსიამოვნო ტრადიციას და ყველა შესაძლო ტიტულს დაისაკუთრებს?..

თუ პირიქით? იქნებ, "რეალია" ის გუნდი, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას და ეს იქნება პირველი შემთხვევა ტურნირის რეორგანიზაციის (1991/92 წლების სეზონი) შემდეგ?..

ციფრები, ფაქტები...
2:11 - ასეთია თანაფარდობა "იუვენტუსსა" და "რეალს" შორის, ჩემპიონთა თასის (ლიგის) მოგებული ფინალების მხრივ.

8:14 - ტურნირის ფინალებში მონაწილეობაც "რეალის" სასარგებლოდაა;

5-დან 5 - "რეალმა" მოიგო ჩემპიონთა ლიგის ყველა (5) ის ფინალი, რომელშიც ითამაშა, მათ შორის, ერთი - "იუვენტუსთანაც" (1998, 1:0).

5-დან 1 - ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5-ჯერ ითამაშა "იუვენტუსმაც", თუმცა მხოლოდ ერთხელ (1996) გაიმარჯვა.

18 - ამდენჯერ შეხვდნენ "რეალი" და "იუვენტუსი" უეფას ეგიდით გამართულ ოფიციალურ მატჩებში. ყველა ეს დაპირისპირება იყო ჩემპიონთა თასზე (ლიგაზე) და აქ სრული ბალანსია - ორივე გუნდმა 8-8 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა ფრედ. ბურთების სხვაობა "იუვენტუსის" სასარგებლოდაა - 21:18.

689 - ამდენი წუთი ითამაშა "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გოლის გაუშვებლად.

32 - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "რეალმა" 32 გოლი გაიტანა, თან, "სამეფო კლუბს" ყველა შეხვედრაში გაჰქონდა მინიმუმ ერთი ბურთი მაინც. ამას გარდა, მხოლოდ ერთი მატჩი ("ატლეტიკოსთან" საპასუხო ნახევარფინალი, 1:2) იყო ისეთი, როცა "რეალმა" ორზე ნაკლები გოლი შეაგდო. თავად კი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ გაუშვა გოლი - იმავე "ატლეტიკოსთან" პირველ ნახევარფინალურ მატჩში - 3:0 "სანტიაგო ბერნაბეუზე".

10 - ჩემპიონთა ლიგის ფინალებში (არა - კონკრეტულად ერთ მატჩში) 10 ფეხბურთელს აქვს გატანილი 2 გოლი, ხოლო ამათგან ორი - "რეალის" შემადგენლობაში დღესაც თამაშობს: კრიშტიანო რონალდო და სერხიო რამოსი.

8 - ჩემპიონთა თასის (ლიგის) ფინალებში "იუვენტუსმა" 8 გოლი გაუშვა, ხოლო 7-7 - "ბაიერნმა", "ბარსელონამ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა".

6 - ამდენი სეზონია ზედიზედ, კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგის ერთ კონკრეტულ ტურნირში 10-ზე ნაკლები გოლი არ გააქვს. ასე დაუგროვდა "რეალის" ლიდერს 75 გოლი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში.

6 - "რეალისა" და "იუვენტუსისთვის" ეს ჩემპიონთა ლიგის მე-6 ფინალია, რითიც ისინი "მილანს" უტოლდებიან.

5 - კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ 5 მატჩებში 5 გოლი გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს. რონალდომ "იუვენტუსს" ყველა (4) იმ მატჩში გაუტანა, რომელშიც ითამაშა. თუმცა "რეალმა" ამ ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა, ამას გარდა, ერთი თამაში წააგო და ორშიც ფრეს დასჯერდა (ბურთები - 6:6).

* * *
"რეალის" ხელმძღვანელობამ თითოეულ ფეხბურთელს 1,5 მილიონი ევრო აღუთქვა, თუ "სამეფო კლუბი" ფინალში იმარჯვებს და თასს დაეპატრონება. აღსანიშნავია, რომ შარშან ფინალში მოგებისთვის "რეალის" ფეხბურთელებმა "მხოლოდ" 700-700 ათასი ევრო მიიღეს. სულ ჯამში კლუბის ხელმძღვანელობა ფინალში მოგებისთვის 32 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

* * *
სამი ხედირამ განაცხადა, რომ "იუვენტუსიდან" წასვლას არსად არ აპირებს. "ფინალი ისეთი თამაშია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "რეალს" ძალიან ძლიერი შეტევა ჰყავს, ჩვენ როგორმე უნდა დავიცვათ თავი. როცა "რეალში" ვთამაშობდი, ძალიან მიჭირდა, 10 კარგი თამაშის მერე, ერთიც რომ ჩამეგდო, არ მპატიობდნენ, კრიტიკის ობიექტი ვხდებოდი. ასეთ ზეწოლას ბევრი ვერ უძლებს. არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ "იუვენტუსი" დავტოვო. აქ ძალიან ბედნიერი ვარ. 2019 წლამდე "იუვეს" ვეკუთვნი და იმედია, ასეც იქნება".

* * *
ფაბიო კაპელოს მიაჩნია, რომ ფინალის ბედი დიდწილად, მსაჯზე იქნება დამოკიდებული. "ყოველი ფინალის მნიშვნელოვანი ატრიბუტია მსაჯი და არც ამჯერად იქნება გამონაკლისი. მეტიც, შაბათს ამ ფაქტორმა შესაძლოა, გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს. სწორედ ამიტომ ვიყავი ყოველთვის ვიდეოგამეორებების შემოღების მომხრე. არ შეიძლება, რომ მთელი სეზონის შრომა წყალში ჩაგეყაროს მსაჯის ერთი, ადამიანური შეცდომის გამო", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ კარდიფში გერმანელი ფელიქს ბრიხი მსაჯობს.

ჩემპიონთა ლიგა. ფინალი
შაბათი. 3 ივნისი. კარდიფი.
იუვენტუსი-რეალი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიაცა - ბეილი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-4-2-1): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, ხედირა, პიანიჩი, ალექს სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
რეალი (4-3-1-2): კეილორ ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ისკო - რონალდო, ბენზემა
ურთიერთშეხვედრები: 18 თამაში: +8=2-8 (21:18)
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლოგიკურად "იუვენტუსი" 4-1-ს მოიგებს, უკაცრავად მგონი შემეშალა. რა ლოგიკით უნდა მოეგოთ იტალიელებს ერთი ეგ გამაგებინა. "კროტონე", თუ "ემპოლი" გეგონათ "რეალი". როცა იტალიაში "მილანი" აღორძინდება მაშინ მოიგებენ იტალიელები რომელიმე თასს, თორემ "რომა" და "ნაპოლი" რა ხვითოებიც არიან ევროპაში ყველა კარგად ხედავს. "იუვენტუსს" აწყობს უკონკურენციოდ ყოფნა იტალიაში და შედეგიც შესაბამისი აქვს. კუადრადოებით და მსგავსი ფეხბურთელებით ევროპაში როგორ უნდა იყო პირველი. ბუფონი მეცოდება რომ ლიგის გარეშე წავიდა ფეხბურთიდან, დანარჩენი ყველფერი ლოგიკურად ხდება იტალიაში.
...........
04 ივნისი 2017 09:30
0
დღეს რეალმა თუ .... ბებერ ქალბატონს სამოთხეში მოხვდება
uchas fani
03 ივნისი 2017 23:40
0
მოგაბეზრათ თავი რეალმა არაა?:)))...ნამდვილად მოხარული ვიქნები იუვენტუსი თუ შეძლებს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას. ხვალინდელ კომენტარებში ალბათ უხვად წავიკითხავთ სიტყვებს: იღბალი, მსაჯი, ამინდი და ა.შ....გულს ნუ გაიტეხთ...გაისად გელით.
murtalo
03 ივნისი 2017 21:56
0
ლოგიკა თუ არსებობს იუვემ უნდა მოიგოსო. მეცინება :)
საიდან ასკვნით?
ლოგიკას ტუ მივსდევთ რეალმა უნდა მოიგოს სწორედ. გამოცდილება , ფეხბურთილების სათამაშო კლასი და მენტალიტეტი, ყველაფერი რეალის მხარესაა :)
lashamax
03 ივნისი 2017 21:34
0
ბარსა ერთ კაცზე აწყობილი გუნდია.მესისგან კერპის შექმნამ დააზარალა ბარსაც და არგენტინის ნაკრებიც რადგან მაგის დაკრულზე ცეკვავენ.იუვემ ჩაკეტა მესი და ბარსა ნული გახდა.რეალი პირიქით ზიზუს დამსახურებით გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და აღარ არის რონალდოზე დამოკიდებული,ნებისმიერს შეუძლია სიტუაციის შეცვლა.ამიტომ იუვეს ძალიან გაუჭირდება
სუბიექტური აზრი
03 ივნისი 2017 20:03
0
იოვენტუსი ფორით მოიგებს.
lo
03 ივნისი 2017 17:13
0
avtors tuarvcdebi realis maisuri ecmeva am tamashze.wels reali rogorc arasdros ze pormashia.magram wels moigebs ivenusi.2:0 an 3:1 iuves sasargeblod
euhhh
03 ივნისი 2017 16:23
0
ესენი ხუმრობენ თუ რახდება? იუვენტუსი არის თავდასხმის გუნდი და რამდენჯერღა დაგიმტკიცონ? ბარსელონაზეც იგივეს იძახდით და რაც მოხდა ნახეთ. იუვენტუსი დიდი ანგარიშით მოიგებს.
......
03 ივნისი 2017 16:14
0
იმენა გადაუვლის ივე მსაკისტას
maxomaxo
03 ივნისი 2017 13:00
1
ზოგადად, თუ ფეხბურთი რამე ლოგიკას კიდევ ექვემდებარება, თასი იტალიელებმა უნდა მოიგონ....
მსქროლავი ტროლი
03 ივნისი 2017 12:43
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული