ზემოხსენებული სიტყვების სკანდირება მიუნხენელებს არც ვესლი სნეიდერის გოლის (63-ე წუთზე) შემდეგ შეუწყვეტიათ, რადგან „ბაიერნს“ 2:2-იც ჰყოფნიდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე, სამუელ ეტო’ომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი ფეხბურთელია, „ბაიერნის“ მცველებს კიდევ ერთხელ დასცა შიშის ზარი და „საიდანღაც გამომტყვრალ“ გორან პანდევს უგემრიელესი პასი მისცა,
საინტერესო ისაა, რომ მიუნხენურ კლუბი ევროტურნირების ფლეი ოფებში სტუმრად რომ იგებდა, მერე მომდევნო ეტაპზე ყოველთვის გადიოდა ხოლმე (ასეთი შემთხვევა სულ 21-ჯერ დაფიქსირდა). ახლა კი პირველად მოხდა ისე, რომ „ბაიერნმა“ სტუმრად მოიგო, მაგრამ ეტაპი ვერ გადალახა. თანაც, „ბაიერნს“ საკუთარ კედლებში „ინტერი“ აქამდე არასდროს დაუმარცხებია.
მატჩის შემდეგ ბასტიან შვაინშტაიგერმა მარკო მატერაციზე გაიწია, მერე კი თქვა, ზინედინ ზიდანის ახლა უკვე ძალიან კარგად მესმის - მატერაცი ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ცდილობდა ჩემს პროვოცირებას და საფინალო სასტვენის შემდეგაც ცუდი რაღაცები მომაძახაო...
მატჩის წინ
„ბაიერნის“ დაცვის ცენტრში კიდევ ისეთი წყვილი ვიხილეთ, როგორსაც აქამდე არასდროს უთამაშია: ლუის ვან გაალმა დანიელ ვან ბუიტენს გვერდით ბრენო ამოუყენა, ლუის გუსტავო კი საყრდენ ნახევარმცველად, ბასტიან შვაინშტაიგერის გვერდით გაამწესა. შესაბამისად, ტონი კროოსი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. „ინტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილეთ ხავიერ ძანეტი - გრიპის გამო. ლეონარდომ არგენტინელი ტიაგო მოტათი შეცვალა. ბევრისთვის მოულოდნელად, ლუსიომ მოედანზე გასვლა შეძლო.
მატჩი
შეხვედრა მიუნხენური გრანდისთვის ძალიან ცუდად დაიწყო, მაგრამ კარგად გაგრძელდა. ეტო’ომ „ინტერი“ უკვე მეოთხე წუთზე დააწინაურა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მსაჯს შეეძლო, კამერუნელზე თამაშგარე მდგომარეობა დაეფიქსირებინა. ხაზს ვუსვამთ, შეეძლო. თუმცა რეკორდმაისტერმა წონასწორობის აღდგენა ძალიან მალე, 21-ე წუთზე შეძლო: ისევე, როგორც პირველ მატჩში, მარიო გომესმა (მე-8 გოლი ჩემპიონთა ლიგაში) ამჯერადაც ჟულიო სეზარის შეცდომით ისარგებლა. ცხრა წუთში კი, ბავარიელები სულაც წინ გავიდნენ: მოტასგან ასხლეტილი ბურთი თომას მიულერს მიუვიდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში მესამე გოლის გატანა შეძლო.
ზუსტად ხუთ წუთში მიუნხენელებს მესამე გოლის გატანაც მართებდათ, როცა რიბერი ლუსიოს გადაახტა, ჟულიო სეზართან ფაქტობრივად პირისპირ გავიდა, მაგრამ მილანელთა მეკარემ ამჯერად ივარგა და ფრანგ დრიბლიორს ხელი შეუშალა. არ გასულა ოთხ წუთზე მეტი და „ბაიერნს“ კიდევ ერთი ძალიან კარგი მომენტი შეექმნა: გომესის აქტიურობის შემდეგ, ბურთი „ინტერის“ კარის ხაზის გასწვრივ მიგორავდა, როცა რანოკიამ მიულერს დაასწრო, მაგრამ ბურთი სწორედ მას მოარტყა, რის შემდეგაც „ნერაძური“ უკვე ძელმა იხსნა.
აი, ასეთი ამბები ხდებოდა პირველ ტაიმში - ცოტა მეტი იღბალი და შესვენებისას ტაბლოზე ისეთი ანგარიში იკიაფებდა, რომელიც „ინტერს“ მეოტხედფინალში გასვლის შანსს არ დაუტოვებდა, მაგრამ...
მეორე ტაიმის დასაწყისში არაფერი შეცვლილა. 62-ე წუთზე კი ბავარიელებმა კიდევ ერთი რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს (გომესის დარტყმა ჟულიო სეზარმა მოიგერია), რის შემდეგაც „ბაიერნის“ დასჯას დაედო სათავე: 63-ე წუტზე სნეიდერმა ბრწყინვალე გოლით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი პანდევმა ეტო’ოს პასით გაიტანა გოლი, რომელმაც მეოთხედფინალში იტალიური გრანდი გაიყვანა, გერმანული კი ამ სეზონში უტიტულოდ დატოვა.
რეაქციები
ლუის ვან გაალი („ბაიერნის“ მწვრთნელი): „ამ სეზონში ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვაჩუქეთ მეტოქეებს გამარჯვება. დღესაც ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მილანებელს ჩვენზე გაცილებით ნაკლები საგოლე მომენტები ჰქონდათ, ჩვენზე მეტი გოლი გაიტანეს. შესვენებაზე ვთქვით, რომ უფრო კომპაქტურად უნდა ვმდგარიყავით, მაგრამ ეს მაინც არ გაკეთდა. ვფიქრობ, ძალიან მძიმე შეცდომები დავუშვით და მეტოქეს გოლები მარტივად გავატანინეთ, თუმცა ფეხბურთელებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი - მათ დღეს ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ის, რაც სამწუხაროდ მოხდა.“
გორან პანდევი (ინტერი): „მე არ განვეკუთვნები ისეთ თავდამსხმელთა რიცხვს, რომლებიც სეზონში 20-30 გოლს იტანენ ხოლმე. ჩემი სტილი შრომაა, ბევრი მუშაობა გუნდისთვის. ამაზე გაცილებით უკეთესი თამაშები ჩამიტარებია, მაგრამ ეს ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი შეხვედრა გამოდგა.“
ლეონარდო („ინტერის“ მწვრთნელი): „ისეთი თამაში იყო და ისეთი გამარჯვება ვიზეიმეთ, რომელსაც ვერაფრით ახსნი - ეს უბრალოდ უნდა გამოსცადო. ჩვენ მოვიგეთ და ეს გამარჯვება პირდაპირ გულიდან მოდის. კარგად დავიწყეთ და ანგარიშის გავხსენით, მაგრამ მერე ჩვენს კართან თუ კარში ისეთი რაღაცები ხდებოდა, კაციშვილი ვერ იფიქრებდა, რომ თამაშს შემოვატრიალებდით. ჟულიო სეზარის შეცდომა? ჩვენ ეს წინასწარ დავგეგმეთ, რათა მერე ძალიან მოგვენდომებინა. ხუმრობა იქით იყოს და ვფიქრობ, ჟულიო სეზარის მატჩისშემდგომი ცრემლები ყველაფერზე უსიტყვოდ მეტყველებს. ეს ისტორიული გამარჯვებაა და ის, რაც დღეს მოხდა, ყველას უჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს „ინტერი“. ფეხბურთის ხარისხი ჩემთვის ემოციებისა და გამოცდილების ხარისხის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, ამ შეხვედრაში არაერთხელ დავკარგეთ თავი, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთამდე თამაშში ვიყავით ჩართულები.“
Top ფეხბურთელი
ვესლი სნეიდერი (ინტერი)მიუნხენელებმა ჰოლანდიელს ვერაფერი მოუხერხეს. სნეიდერისთვის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა პასის მიცემა და თავისი ბრწყინვალე, უზუსტესი პასებით ხომ „ტვინი შეუჭამა“ „ბაიერნის“ უკანახაზელებს. გარდა ამისა, ვესლიმ ულამაზესი და რაც მთავარია, უაღრესად მნიშვნელოვანი გოლიც შეაგდო. მასთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ სამუელ ეტო’ო და ანდრეა რანოკიაც.
Top ფეხბურთელი
ბრენო (ბაიერნი)ბრაზილიელ მცველს „ინტერის“ სამივე გოლში მიუძღვოდა ბრალი. სნეიდერის გოლის დროს ეტო’ოს ვერ მიხედა, პანდევის გოლის მომენტში კი კამერუნელს თავი იოლად გაასულელებინა.
მსაჯი
პორტუგალიელი პედრო პროენსა არასტაბილური იყო. ზოგჯერ ისეთ ორთაბრძოლას ჩასტვენდა, ჯარიმის დადება საჭირო რომ არ იყო, ზოგჯერ კი ზედმეტის უფლებას აძლევდა ფეხბურთელებს. ეტო’ოს გოლის მომენტში თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება შეიძლებოდა, მაგრამ პორტუგალიელი არბიტრი ლაინსმენებს ენდო.
ანალიზი
სტარტიდან 4 წუთის შემდეგ ორივე გუნდის ტაქტიკური მომზადება მაკულატურად გადაიქცა, რადგან „ინტერმა“ სწრაფი გოლი შეაგდო. „ნერაძური“ 4-2-3-1-დან 4-2-1-3-ზე გადაეწყო, სნეიდერმა მარცხნივ გადაინაცვლა, პანდევმა მარჯვნივ, სტანკოვიჩმა კი ორი საყრდენის წინ, ათიანის პოზიციაზე დაიკავა ადგილი: ეს იყო „ინტერის“ ულტრა-შემტევი ტაქტიკა.
კამერუნელის გოლმა „ბაიერნს“ ყველაფერი ჩაუშხამა და ვან გაალის გუნდს დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ ყველაფერში გარკვეულიყო და თამაში დაელაგებინა. მილანელები კი მთელი გუნდით ბურთსუკან დადგნენ და ზონებს კარგად კეტავდნენ. ხოლო როცა „ნერაძური“ ბურთს ეუფლებოდა, სნეიდერი უკან იხევდა და ყველა შეტევის გაკონტროლებას თვითონ ცდილობდა. მას და სტანკოვიჩს შეტევების დროს საკმაოდ ჭკვიანურად ეხმარებოდა ტიაგო მოტაც. მიუნხენელთაგან თავიდან ლუის გუსტავო იყო უსუსტესი წერტილი.
„ინტერის“ ბრწყინვალე დასაწყისს ჟულიო სეზარის უპატიებელი შეცდომა და „ბაიერნის“ გოლი მოჰყვა. სწორედ აქედან დაიწყო „ბაიერნის“ ფრთაშესხმული შეტევები. გომესის გოლის შემდეგ სიტუაციას მთალიანად მიუნხენელები აკონტროლებდნენ, „ინტერის“ დაცვაში კი სრული ქაოსი შეიქმნა და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც აუგს ვერ ვიტყვით, რანოკიაა. ფაქტია, ბავარიელებს მეტად რომ გამართლებოდათ, პირველ ტაიმს 4:1-ს მოიგებდნენ.
მეორე ტაიმი კი, თავდაცვის თვალსაზრისით ორივე გუნდმა მაღალ დონეზე დაიწყო. „ბაიერნის“ უკანა ხაზმა თავდაჯერება მას მერე დაკარგა, როცა ვან გაალმა საკმაოდ კარგად მოთამაშე ვან ბუიტენი მოედნიდან გაიყვანა - ლუისის აშკარა შეცდომა. ბოლო ფაზაში კი ორივე მხარეს იმატა შეცდომებმა, დასჯით კი „ბაიერნი“ დაისაჯა. რეკორდმაისტერს ბრენოს შეცდომა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის ფასად დაუჯდა.