ეს ის "რეალი" აღარ არის

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი „რეალისთვის“ შვიდი წლის მანძილზე გადაულახავი ბარიერი იყო, რაც მადრიდული სუპერგრანდის ისტორიისთვის, დიახაც, შავი ლაქაა. „ლიონი“ „სამეფო გუნდისთვის“ საშიშ მეტოქეს წარმოადგენდა. თვითონ განსაჯეთ: „რეალმა“ მხოლოდ მერვე მცდელობისას მოახერხა ფრანგული გრანდის დამარცხება.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი 70 000-მდე ქომაგის თვალწინ მადრიდელებმა მოედანზე მიმდინარე მოვლენები პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლეს და ამ სეზონში 22-ე საშინაო მატჩიც მოიგეს. აქედან, ჟოზე მოურინიოს გუნდს 15 საშინაო შეხვედრა სულაც მშრალი ანგარიშით აქვს მოგებული. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოახერხა და მადრიდულ გრანდს პირველივე სეზონში „მოხსნა ჯადო“. ჟოზემ კი მეოთხე
გუნდთან ერთად (მანამდე „პორტუ“, „ჩელსი“ და „ინტერი“) შეძლო მეოთხედფინალში გასვლა, რაც რეკორდია.


მატჩის წინ
პირველი მატჩისგან განსხვავებით, „რეალის“ ძირითადი შემადგენლობა ორ პოზიციაზე შეიცვალა: როგორც მოსალოდნელი იყო, მოურინიომ ადებაიორი სკამზე დასვა და მის ნაცვლად კარგ ფორმაში მყოფი ბენზემა ათამაშა, დაცვის მარცხენა ფლანგზე კი, არბელოას ნაცვლად, მარსელო გაამწესა. რონალდომ და ხედირამ ტრავმების მოშუშება მოასწრეს და მოედანზე გასვლა მოახერხეს, გაგო, პედრო ლეონი, კაკა და იგუაინი კი ლაზარეთში არიან.

ორი ცვლილება იყო „ლიონშიც“: კლოდ პუელმა შეტევაში ლისანდრო ლოპესი და ბრიანი დაასაქმა. მათ დისკვალიფიცირებული ბასტოსი და სათადარიგოთა სკამზე დატოვებული გომისი შეცვალეს. რაკი პუელმა სასტარტოში ლისანდრო ლოპესის, ბრიანის, დელგადოსა და გურკუფის კვარტეტი გაამწესა, ცხადი იყო, „ლიონს“ შემტევი ფეხბურთის თამაში სურდა.


მატჩი
მარსელო თავიდანვე ძალიან აქტიური იყო არა მარტო დაცვაში, არამედ, პირველ რიგში შეტევაში და უკვე მე-4 წუთზე შეეძლო „რეალის“ დაწინაურება, მაგრამ ლორისმა შეუშალა ხელი. პირველი აფეთქების შემდეგ, შედარებით მშვიდი თამაში გაჩაღდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მადრიდელები 0:0-ზე თამაშობდნენ, როგორც ეს „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ იწინასწარმეტყველა. 22-ე წუთზე უკვე დელგადომ შეამოწმა კასილიასის მზადყოფნა, როცა სისოხოს ჩაწოდების შემდეგ დაარტყა, მაგრამ „რეალის“ მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ხუთი წუთის მერე იოზილმა „რეალის“ კონტრშეტევა წამოიწყო და დიაგონალური პასით მოძებნა რონალდო, რომელმაც რევეილერს გვერდი აუარა და დაჰკრა, მაგრამ ლორისმა მომენტი ბრინწყვალე სეივით გააუვნებელყო.

37-ე წუთზე კი მადრიდელებმა ანგარიში გახსნეს: რონალდოსა და მარსელოს კომბინაცია ამ უკანასკნელმა ერთი ცრუმოძრაობით ორივე მცველის გაცურებითა და ლორისის კარში გატანილი გოლით დააგვირგვინა. ეს გახლდათ მარსელოს პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში.

41-ე წუთი და ისევ მარსელო, ისევ მარცხენა ფრთიდან და ამჯერად მშვენიერი პასი ბენზემასკენ, რომელმაც უკვე „ლიონის“ კარისკენ გაგზავნა ბურთი, მაგრამ ისევ ლორისის ბრწყინვალე სეივი და „ლიონი“ გადარჩა.

მეორე ტაიმშიც მარტო „რეალი“ თამაშობდა: 52-ე წუთზე ბენზემა-იოზილის კომბინაცია გერმანელი ნახევარმცველის დარტყმით გაგრძელდა, მაგრამ კრისმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მერე, 66-ე წუთზე იყო ბენზემას გოლი, ანგარიში 2:0 გახდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყდა: მარსელოს გრძელი პასი, იოზილმა და ლოვრენმა ბურთისთვის ტყუილად იბრძოლეს, კრისმა ბენზემა თვალთახედვის არედან დაკარგა, რის გამოც ფრანგი ლორისთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-6 გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე მადრიდელები ცოტათი ანერვიულდნენ, რადგან გომისს სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა და ზუსტად ოთხ წუთში ანხელ დი მარიამ „ლიონის“ წვალებას საბოლოო წერტილი დაუსვა - 3:0.

დასკვნა: „რეალის“ აბსოლუტურად უპრობლემო და დამსახურებული გამარჯვება.


რეაქციები
ჟოზე მოურინიო (რეალის მწვრთნელი): „პირველ რიგში კარის მშრალად შენახვა გვსურდა, რაც დაცვაში ყურადღებით თამაშს საჭიროებდა და მიხარია, რომ მოედანზე ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც მატჩის წინ მოვილაპარაკეთ... ვფიქრობ, „ლიონს“ აბსოლუტურად დამსახურებულად გავცდით. ერთადერთი მეტოქე, რომელთანაც მეოთხედფინალში შეხვედრას არ ვისურვებდი, მილანის „ინტერია“ - ამ გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან გამიჭირდება.“

მესუთ იოზილი (რეალი): „ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქემ ბევრი ვერაფერი გაბედა, ჩვენ კი სამი გოლი გავიტანეთ და მეტიც უნდა გაგვეტანა.“

კლოდ პუელი (ლიონის მწვრთნელი): „ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან დავმარცხდით. შარშანდელი „რეალისგან“ განსხვავებით, რომელიც მერვედფინალიდან გავაგდეთ, ამ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.“


Top ფეხბურთელი
მარსელო (რეალი)

„რეალის“ მარცხენა მცველი ძალიან ბევრს დარბოდა და გასაოცარია, როგორ არ დაიღალა, რამდენს გაუძლო. თანაც, მარსელო შეტევაში წარმოუდგენლად აქტიური გახლდათ და სამჯერ აღმოჩნდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. აქედან, ერთხელ ისე მოიქცა, საუკეთესო ფორვარდებს შეშურდებოდათ - გოლის მომენტში „ლიონის“ მცველების გაცურებას ვგულისხმობთ.


Flop ფეხბურთელი
კრისი (ლიონი)

„ლიონის“ დაცვის ბურჯმა „რეალის“ ბრწყინვალე წინახაზელებს ვერაფერი მოუხერხა. პირველი გოლის დროს მარსელოს თავი ბავშვივით მოატყუებინა, ბენზემას გოლის დროს კი „რეალის“ თავდამსხმელი მარტივად გაატარა. მოკლედ, ფრანგული გრანდის ბრაზილიელი მცველი ოთხშაბათს მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი. მასზე უკეთესად არც გურკუფს, ბრიანს და ლისანდრო ლოპესს უთამაშიათ. ერთადერთი ლიონელი, ვინც უნდა შევაქოთ, მეკარე ლორისია...


მსაჯი
სლოვენიელმა დამირ სკომინამ ძალიან კარგად, უშეცდომოდ იმსაჯა და მალე დაარწმუნა ყველა, რომ მისთვის ყველაფერი სულერთია, მათ შორის ის დაუწერელი კანონიც, რომლის მიხედვითაც, არბიტრმა მასპინძელ გუნდს რაღაც-რაღაცები უნდა აპატიოს - სკომინამ თავიდანვე გააფრთხილა პეპე და რიკარდო კარვალიო. ამასთან, სლოვენიელმა ბენზემასა და იოზილზე ასპროცენტიანი თამაშგარე მდგომარეობები დააფიქსირა. ბრავო!


ანალიზი
„რეალმა“ პირველი წუთებიდან გვაგრძნობინა, რომ მერვედფინალურ ეტაპს ამჯერად უპრობლემოდ გადალახავდა. მოედნის ცენტრში იოზილი კარგად მოქმედებდა, მარცხენა ფრთაზე კი მარსელო დარბოდა გადარეულივით და გარდა იმისა, რომ რონალდოსთან ბრწყინვალედ კომბინირებდა, არერთხელ აღმოჩნდა ცენტრფორვარდის პოზიციაზეც და მშვენიერი გოლიც გაიტანა. „ლიონმა“ კი მხოლოდ 20 წუთის შემდეგ შეძლო მეტოქის ნახევარზე ხეირიანად გადასვლა, როცა დელგადომ მადრიდულ გრანდს კინაღამ ცივი შხაპი გადაავლო, მაგრამ „კინაღამ“ არც ითვლება. 27-ე წუთიდან კი მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე კონტროლი კვლავ „სამეფო გუნდმა“ დაამყარა.

„რეალის“ თითქმის ყველა შეტევა მარცხენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც მარსელო და რონალდო რევეილერს შიშის ზარს სცემდნენ. მეორე ტაიმში კლოდ პუელმა გომისის სახით მოედანზე მეორე ცენტრფორვარდი კი შეუშვა, მაგრამ ფრანგული კლუბის თამაშს არაფერი დასტყობია. რაკი „ლიონმა“ საჭირო აგრესიულობა ვერ გამოავლინა, მადრიდელებმა უპრობლემოდ შეძლეს მეორე გოლის გატანაც, რის შემდეგაც უკვე ცხადი იყო, რომ პუელის გუნდი განწირული გახლდათ.

ამრიგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონში „რეალი“ საკუთარ მოედანზე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას. დაველოდოთ წილისყრას, მაგრამ ფაქტია, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნებისმიერ მეტოქეს მძიმე 90 წუთი ელის...




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძლივს ერთი სტატია ობიექქტური და მიუკერძოებელი:)) არა "ბარსისტის" მიერ, არამედ სპეციალისტის მიერ დაწერილი!!! "რეალი" მოურინის ხელში მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდება!! მოუ გენიოსია!! დარწმუნებული ვარ წელს მინიმუმ ნახევარფინალს ვითამაშებთ!! გაისად კი ლიგასაც მოვხსნით!! ერთი ეგაა რომ ბენზემამ ესე უნდა გააგრძელოს!! ლიონთან მოთამაშე სამეფო გუნდს მოწყვლადი წერტილი არ ქონია!! ბრავო!!! ჰალამადრიიიიდ!!!
madridista
12:36 18-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული