"ჩელსის" არ უნდოდა, "კოპენჰაგენს" არ შეეძლო

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, „ჩელსიმ“ „კოპენჰაგენთან“ ბრძოლით თავი არ მოიკლა. ეს არც იყო საჩირო - „არისტოკრატებს“ პირველი მატჩი ხომ 2:0 ჰქონდათ მოგებული, „კოპენჰაგენს“ კი „სტემფორდ ბრიჯზე“ მომგები (თანაც, ორბურთიანი უპირატესობით მომგები) გუნდისა არაფერი ეცხო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ 0:0-ით „ჩელსიმ“ მეტოქეს არისტოკრატიულად სცა პატივი. ერთი ეგაა, რომ სტადიონზე შეკრებილი 45 000-მდე ქომაგის თვალწინ საკმაოდ მოსაწყენი ბურთაობა გაჩაღდა.


მატჩამდე
კარლო ანჩელოტიმ პირველი მატჩის შემდეგ სამი ცვლილება განახორციელა: ესიენი, მალუდა და ტორესი სკამზე დასვა, მათ ნაცვლად კი ჟირკოვი, ობი მიკელი და დროგბა ათამაშა.
კოპენჰაგენში მხოლოდ ორი ცვლილება ვიხილეთ: დისკვალიფიცირებული პოსპეხის ნაცვლად თამაში ბენგტსონმა დაიწყო, სანტინმა კი სკამზე გადაინაცვლა, რომელიც კვისტმა შეცვალა.


Top ფეხბურთელი
დიდიე დროგბა (ჩელსი)

მას მერე, რაც „ჩელსიმ“ ფერნანდო ტორესი იყიდა, „სტემფორდ ბრიჯზე“ დიდიე დროგბას მზე თითქოს ჩაესვენა. თუმცა ესპანელი ჯერ ვერ თამაშობს ისე, როგორც მისგან ითხოვენ და ანჩელოტიმაც, „კოპენჰაგენთან“ კოტ დ’ივუარელს მისცა თავის გამოჩენის შანსი. დროგბამაც დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ მაგარი თავდამსხმელია - ძალიან ბევრს მოძრაობდა, მუდმივად გახსნილი იყო და თამამად ვიტყვით, მოედანზე ყველაზე შესამჩნევი ფიგურა გახლდათ. თუ დიდიე „ქილერის ინსტიქტსაც“ დაიბრუნებს, ტორესს „ჩელსის“ ძირითადში თავის დამკვიდრება ნაღდად გაუჭირდება.


Flop ფეხბურთელი
კრისტიან ბოლანოსი (კოპენჰაგენი)

„კოპენჰაგენის“ ნახევარმცველს ოთხშაბათს აშკარად შავი დღე გაუთენდა. ჟირკოვმა ბოლანოსს სიცოცხლე გაუმწარა - მარჯვენა ფლანგზე მან ვერც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ივარგა და შეტევაშიც არაფერი გაუკეთებია.


მსაჯი
ნორვეგიელ არბიტრ სვეინ ოდვარ მოენს სათანადოდ ვერ შევაფასებთ, რადგან მსაჯისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე იოლი თამაში იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ძალიანაც რომ მოენდომებინა, შეცდომას მაინც ვერ დაუშვებდა.


ანალიზი
შეხვედრა ამჯერადაც ისე დუნედ დაიწყო, როგორც პირველი მატჩი. „ჩელსიმ“ მხოლოდ 15 წუთის შემდეგ დაიწყო ფეხბურთის თამაში და „კოპენჰაგენს“ პრობლემებს მეტწილად მარცხენა ფლანგიდან უქმნიდა. დანიელებს კი შეტევაში კარგი არაფერი გაუკეთებიათ - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნ’დოიემ ბურთი ჩეხის კარის ძელს მოარტყა.

ლონდონელები მეორე ტაიმშიც ყველაფერს აკონტროლებდნენ, მაგრამ „კოპენჰაგენის“ კარის სიახლოვეს ცივსისხლიანობა აკლდათ და რაკი დაცვაშიც არაფერი გასჭირვებიათ, უპრობლემო შეხვედრა საფინალო სასტვენამდე მარტივად მიიყვანეს. ორი მატჩის ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჩელსის“ მერვედფინალში იოლი გასეირნება ჰქონდა. კოპენჰაგენელები კი მიღწეულითაც ძალიან კმაყოფილები უნდა იყვნენ - ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშიც სენსაციური შედეგია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული