გელზენკირხენული კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაც უდიდესი მიღწევაა და შესაბამისად, „ხუმარებს“ „ინტერის“ გაგდებას არავინ ავალდებულებს. შესაძლოა, სწორედ ამაში იყოს „შალკეს“ შანსი.
„ინტერმა“ ამ უქმეებზე უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა - ლეონარდოს შეგირდებს სეზონის უპრინციპულესი მატჩი ჰქონდათ თანაქალაქელ „მილანთან“ და თავი შეირცხვინეს: „ნერაძურიმ“ მილანური დერბი, რომლის მოგების შემთხვევაშიც პირველ ადგილზე გადაინაცვლებდა,
„შალკე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ფელიქს მაგათმა გაიყვანა, ახლა კი, გელზენკირხენულ კლუბს სათავეში რალფ რანგნიკი უდგას. ამ უკანასკნელს კი „პროფესორს“ ტყუილად როდი ეძახიან: პარასკევს რანგნიკს ოფიციალური დებიუტი კი ჩაუშხამდა („ზანკტ პაულისთან“ მატჩი 88-ე წუთზე შეწყდა), მაგრამ რალფმა რაულსა და კომპანიას თავისი ხელი ცხადად დაატყო - შალკელები 2:0-ს იგებდნენ და ისე თამაშობდნენ, როგორც ძალიან დიდი ხანია, აღარ უთამაშიათ.
თუმცა ის მატჩში შეწყდა, შედეგი არ დაფიქსირებულა და ისე გამოდის, რომ რანგნიკს დებიუტი სწორედ „ინტერთან“ გამოსდის. ეს კი, რალფისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან „პროფესორი“ „შალკეში“ მოღვაწეობის მეორე ხანას ზუსტად იქიდან იწყებს, სადაც ხუთი წლის წინ პირველი დაასრულა. 2005 წლის დეკემბერში „შალკე“ ჩემპიონთა ლიგას ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და გელზენკირხენელებს ბოლო მატჩი მაშინაც „სან სიროზე“ ჰქონდათ - ოღონდ არა „ინტერთან“, არამედ „მილანთან“ და 2:3 წააგეს. სწორედ იმ მარცხიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს რანგნიკი და გერმანული ფეხბურთის ქომაგებს ისიც ეხსომებათ, რომ მაშინ „შალკეს“ ფანებმა რალფი ცრემლებით გააცილეს, რადგან მის ხელში გუნდი მართლა კარგად თამაშობდა და მხოლოდ იმიტომ დაიფრინეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. ასე იყო: მაშინ „შალკეს“ ხელმძღვანელები რანგნიკისგან აშკარად ნამეტანს ითხოვდნენ...
ამრიგად, 1946 დღის შემდეგ, „პროფესორი რალფი“ „სან სიროზე“ ისევ „შალკეს“ თავკაცის რანგში ბრუნდება. „მაშინ ვხვდებოდი, რომ ხელმძღვანელები გათავისუფლებას მიპირებდნენ, რადგან სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა მომთხოვეს. „მილანთან“ მხოლოდ გამარჯვება გვაძლევდა ხელს, ჩვენ კი 2:3 წავაგეთ. ასეთ ანგარიშს ახლა სიამოვნებით დავთანხმდებოდი, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, მილანში ფრეს მივაღწიოთ, ან სულაც მოვიგოთ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ, აუტსაიდერები ვართ,“ - განაცხადა რანგნიკმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენი მიზანი კარის მშრალად შენახვაა, რათა საპასუხო მატჩისთვის იმედიანად ვიყოთ,“ - ეს კი მეკარე მანუელ ნოიერის სიტყვებია.
„შალკეს“ მილანში ვერ გაჰყვა საყრდენი ნახევარმცველი პეერ კლუგე, რომელიც ბოლო დროს ერთ-ერთი საუკეთესო შალკელი იყო. კითხვის ნიშნის ქვეშაა ცენტრალური მცველის, კრისტოფ მეტცელდერის ასპარეზობაც. იმის გამო, რომ ანტონი ანანს „შალკეს“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ აქვს, რანგნიკი იძულებული ხდება, ნახევარდაცვის ცენტრში, საყრდენების უმნიშვნელოვანესი პოზიციები ახალგაზრდა ფეხბურთელებს, 19 წლის ბერძენ კირიაკოს პაპადოპულოსს და გერმანელ-კამერუნელ ჯოელ მატიპს ჩააბაროს. ტრავმა მიიღო „შალკეს“ თავდამსხმელმა მარიო გავრანოვიჩმაც, რომელსაც დიდი ხნის ტრავმირებულის, კლაას-იან ჰუნტელაარის ნაცვლად ათამაშებდნენ ხოლმე. რანგნიკს კი სხვა გზა აღარ აქვს: წინა ხაზში, რაულს ბრაზილიელი ედუ უნდა შეუწყვილოს, რომელიც ნაღდად არ ეხატება გულზე.
ლეონარდოს განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს ევროტურნირებზე 1120 მატჩი აქვთ ჩატარებული, „შალკედან“ კი ყველაზე გამოცდილი რაულია, რომელსაც ევროტურნირებზე 146 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ლოგიკურიცაა, 33 წლის ესპანელი თავდამსხმელი რომ ამბობს, შანსები 20/80-ზეა - რა თქმა უნდა, „ინტერის“ სასარგებლოდო.
„შალკესთვის“ მცირე ნუგეშია ის, რომ მეოთხედფინალში გასული გუნდებიდან, „ინტერს“ ყველაზე მეტი, 14 გოლი აქვს გაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნერაძურის“ ნაღდად აღარ ჰყავს ისეთი ძლიერი დაცვის ხაზი, როგორიც შარშან ჰყავდა. თანაც, „ინტერს“ დისკვალიფიკაციის გამო, დაცვის ბრაზილიელი ბურჯი, ლუსიო დააკლდება.
მილანი. „ჯუზეპე მეაცა“. 22:45
ინტერი-შალკე
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, კორდობა, რანოკია, კივუ - სტანკოვიჩი, კამბიასო, ხ. ძანეტი - სნეიდერი - პანდევი, ეტო’ო.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შარპეი - მატიპი, პაპადოპულოსი - ფარფანი, ბაუმიოჰანი - რაული, ედუ.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
.