მოურინიო: ექიმების აზრი არ მაინტერესებს, რონალდოც ითამაშებს და მარსელოც!

AutoSharing Option
ცხრა წელი, ოთხი კლუბი, 150 წაუგებელი მატჩი საკუთარ მოედანზე - ვინ წარმოიდგენდა, რომ ჟოზე მოურინიო ამ განუმეორებელ სერიას მაინცდამაინც „ხიხონთან“ შეწყვეტდა?

ასეც ხდება ხოლმე: „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ხსენებულ „ხიხონთან“ 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდელებს ესპანეთის ჩემპიონობაზე ოცნების უფლება აღარ აქვთ. რაკი ესპანეთის თასის მოგება „რეალს“ აქტივში ვერ ჩაეთვლება, ფაქტია: თუ არ უნდა, რომ პირველივე სეზონი წარუმატებლად ჩაუთვალონ და აითვალწუნონ, მოურინიომ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოაგებინოს.

ჟოზემ ეს ძალიან კარგად იცის და „ტოტენჰემთან“ პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ („რელის“ პირველი
მოღვაწეობა მეოთხედფინალში 2004 წლის შემდეგ), სავარაუდოდ, ამიტომაც მიდის საკმაოდ დიდ რისკზე. საქმე იმაშია, რომ კრიშტიანო რონალდოს და მარსელოს ტრავმები აწუხებთ და „სამეფო გუნდის“ ექიმებმა მოურინიოს დღეს მათი მოედანზე გაყვანისგან თავის შეკავება ურჩიეს, მაგრამ ჟოზე ჯიუტობს.

„ექიმები მეუბნებიან, რომ ეს დიდი რისკია. მათი აზრით, უმჯობესია, რომ „ტოტენჰემთან“ არც რონალდო ვათამაშო და არც მარსელო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტია. რაკი თამაში ორივეს შეუძლია და ეს რისკია, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ეს ჩემი რისკია,“ - განაცხადა გუშინ მოურინიომ.

სამაგიეროდ, ჟოზე ნამდვილად ვერ გამოიყენებს ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ ქარიმ ბენზემას. მართალია, გონსალო იგუაინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჯანმრთელდა და „ხიხონთანაც“ ითამაშა, მაგრამ ჯერ ფორმაში არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს „რეალის“ ერთადერთი ცენტრფორვარდი ემანუელ ადებაიორი იქნება.

რაც შეეხება „რეალის“ მეტოქეს: „ტოტენჰემი“ ესპანეთის დედაქალაქში სერიოზული საკადრო პრობლემებით, მაგრამ ძალიან თავდაჯერებული ჩავიდა.

„რეალთან“ დაცვაში კომპაქტურად დგომაა საჭირო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ. შეტევაზეც უნდა ვიფიქროთ, თანაც, აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ საგოლე მომენტები გვექნება. ჩვენი მიზანი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მინიმუმ ერთი გოლის გატანაა, - აცხადებს „ტოტენჰემის“ ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელიც ინგლისურ კლუბში სწორედ „რეალიდან“ (ზაფხულში) გადავიდა და იქვე დასძენს, - შურისძიებაზე არ ვფიქრობ. საერთოდ არ მახსოვს, რომ „რეალში“ ვთამაშობდი.“

რაც შეეხება საკადრო პრობლემებს: „ტოტენჰემის“ თავკაცი ჰარი რედნაპი იძულებულია, დაცვის ხაზში ცვლილებებს მიმართოს, რადგან ლედლი კინგისა და ჯონათან ვუდგეიტის შემდეგ, ალან ჰატონიც დაშავდა - შოტლანდიელ მარჯვენა მცველს მუხლის ოპერაციას გაუკეთებენ. ესეც რომ არ იყოს, დღეს ვილიამ გალასის თამაშიც უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სამაგიეროდ, „ტოტენჰემს“ სრულად გამოუჯანმრთელდა გარეთ ბეილი. რედნაპი ამბობს, აბსოლუტურად ჯანმრთელია და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აუცილებლად ითამაშებსო.

მადრიდი. სანტიაგო ბერნაბეუ. 22:45
რეალი-ტოტენჰემი
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რ. კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა - კ. რონალდო, იოზილი, დი მარია - ადებაიორი.
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჩორლუკა, დოუსონი, ბასონგი, ასუ-ეკოტო - ჯენასი, მოდრიჩი, ვან დერ ვაარტი, ბეილი - პავლიუჩენკო, დეფო.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი.







.


მკითხველის კომენტარები / 1 /
აი კაცი
tazo-real madrid fan
19:12 05-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული